თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანში მომხდარი ფემიციდის დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ. ძალოვნებმა ცხელ კვალზე დააკავეს 73 წლის მამაკაცი, ალბერტ დავითელაშვილი, რომელსაც მეუღლის, თამარ დენტოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. უკვე ცნობილია, რომ მკვლელობა მათ საცხოვრებელი სახლში მოხდა, ქმარმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა:
მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ მოკლული ქალი ძალადობის მსხვერპლი ადრეც არაერთხელ ყოფილა - ბრალდებული მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა.
"ძალიან განვიცდი თამროს მკვლელობას. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ორი დღის წინ ვნახე და ეს ყოფილა ჩვენი ბოლო შეხვედრა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი მეზობელია, ძალიან განადგურებულები ვართ ამ ამბით. ჩემი ქალიშვილი უყვარდა ყველაზე მეტად თამროს. ჩემი შვილიც მასზე უზომოდ შეყვარებული იყო და დაქალს ეძახდა.
22 წელია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მანამდეც იყო ამ კაცის ცოლი. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ, თუმცა ამ კაცს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილები. ეს კაცი მოძალადეა, ცოლზე ხშირად ძალადობდა, მაგრამ თამრო სულ ითმენდა, თავისსავე სავალალოდ. მას წასასვლელი არსად ჰქონდა, ეს იყო თმენის მიზეზი.
განაგრძეთ კითხვა