"მეორე სართულის კიბეებიდან გადმოვარდა... მრავლობითი დაზიანებები მიიღო..." – 5 წლის დაჩი ფეიქრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მშობლები

"მეორე სართულის კიბეებიდან გადმოვარდა... მრავლობითი დაზიანებები მიიღო..." – 5 წლის დაჩი ფეიქრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2025-10-03 11:47:45+04:00

5 წლის დაჩი ფეიქრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვმა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მათ შორის, თვალის ფსკერის მოტეხილობამ თვალბუდის უკან დაწევა გამოიწვია და ყურიდან ხრტილოვანი ქსოვილის გადანერგვა გახდა საჭირო. დაჩის ოპერაცია თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდა და ახლა კვლევები განმეორებითაა საჭირო. ბავშვის დედა, ნათია თანდაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- 13 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს, სტუმრად ვიყავით და დაჩი კერძო სახლის მეორე სართულის კიბეებიდან გადმოვარდა. პირდაპირი ვარდნა იყო და არა დაგორება. მარჯვენა მხარით დაეცა, მათ შორის სახე - თვალი, შუბლი დაარტყა. თვალზე ჰემატომა ჰქონდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ბავშვს თვალის ფსკერის მოტეხილობა დაუდგინდა. ეს ამ ასაკში უიშვიათესი მოტეხილობაა. კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ იმედს ვერ გვაძლევდნენ, რომ ძვალი შენარჩუნდებოდა. 1 თვის შემდეგ, როდესაც ბავშვს კომპიუტერული ტომოგრაფია გადავუღეთ, აღმოჩნდა, რომ თვალს უკან დაწევა ჰქონდა დაწყებული. ამის შემდეგ, თურქეთში კლინიკის ძებნა დავიწყეთ. არც ერთი კლინიკა არ დაგვთანხმდა. სტამბულში, მემორიალის კლინიკა იყო ერთადერთი, რომელმაც დაჩის მკურნალობა თავის თავზე აიღო. შემდეგ თურქეთში ჩავედით, ოპერაცია ძალიან კარგად გაუკეთეს, ყურიდან ხრტილოვანი ქსოვილი გადაუნერგეს. თუმცა, მხოლოდ ოპერაციის წარმატებით შესრულება, სამწუხაროდ, დადებით შედეგს არ გვაძლევს და მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეეგუება ბავშვის ორგანიზმის ხრტილოვან ქსოვილს. შესაძლებელია კორექცია ან კიდევ ერთი ოპერაცია დაგვჭირდეს. ამასთანავე, დაჩის ღვიძლი ჰქონდა გადიდებული. მარჯვენა ფეხით მოძრაობა უჭირს და ამავდროულად, დიაბეტის საწყისი ფორმაც შეიძინა. თურქეთში განმეორებითი ვიზიტი სექტემბერში გვიწევდა, თუმცა თანხის მობილიზება ვერ შევძელით. განმეორებითი ვიზიტის დროს, სპეციალისტები უნდა დააკვირდნენ, ყურიდან გადანერგილი ხრტილოვანი ქსოვილი ბავშვის ორგანიზმმა როგორ მიიღო, საჭიროებს თუ არა კორექციას და ამავდროულად, დასჭირდება თუ არა კიდევ ერთი ოპერაცია. 10 590-დოლარიანი კალკულაცია მომივიდა. საბედნიეროდ, თანხის ნაწილი უკვე შევაგროვეთ. თუმცა, ნაწილი კვლავ შესაგროვებელია. ახლა საქართველოში ვიმყოფებით. თურქეთში განმეორებითი ვიზიტი 13 ოქტომბერს ჩაგვინიშნეს და დროს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს მარჯვენა თვალში 20% აქვს მხედველობა. ოპერაციიდან ოპერაციამდე შუალედები გვჭირდებოდა, რომ მდგომარეობა შეგვეფასებინა.

პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც დალოცა ჩემი შვილი, თითო ლარი გაიღო, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა, გვერდში დგომა ისევ გთხოვოთ. ახლა დაჩისთვის თითოეული თეთრიც კი ძალიან მნიშვნელოვანია.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი:

#GE49BG0000000534228883

თიბისი ბანკი:

#GE66TB7561245063300016

მიმღები: ნ.თანდაშვილი (დედა)