მან 65 წელი გაატარა მაიმუნებთან... ყველაფერი კი ერთი უბრალო სათამაშოთი დაიწყო - გამოჩენილი მეცნიერი ქალის უჩვეულო ცხოვრება - მშობლები

მან 65 წელი გაატარა მაიმუნებთან... ყველაფერი კი ერთი უბრალო სათამაშოთი დაიწყო - გამოჩენილი მეცნიერი ქალის უჩვეულო ცხოვრება

2025-10-03 13:38:08+04:00

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი მეცნიერი, 91 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მან შესანიშნავი კარიერის აშენება შეძლო, დაძლია უამრავ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებას და მსოფლიოს უზარმაზარი, სამეცნიერო მემკვიდრეობა დაუტოვა:

ამბობენ, რომ ერთ მოვლენას შეუძლია, ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. ცნობილ პრიმატოლოგ ჯეინ გუდოლსაც ასე დაემართა. როდესაც ჯეინი ერთი წლის იყო, მამამ სათამაშო მაიმუნი აჩუქა. ბავშვს სათამაშო განსაკუთრებით შეუყვარდა. ჯეინის მამამ კი მაიმუნი სათამაშოების მაღაზიიდან სრულიად შემთხვევით შეარჩია - მაღაზიაში სათამაშო მაიმუნი ყველაზე იაფი ღირდა, ჯეინის ოჯახს კი იმ პერიოდში ფინანსურად ძალიან უჭირდა.

jein-gudoli-1-1759484561.jpg
ჯეინ გუდოლი

ჯეინ გუდოლი 1934 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. ოჯახი ლონდონის მდიდარ რაიონში ცხოვრობდა, თუმცა სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ჯეინის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, გოგონა დედამ ბორნმუთში, ბებიასთან წაიყვანა. მეორე მსოფლიო ომის მოახლოების გამო, ეს უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. ჯეინის ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. პატარა გოგონა საჰაერო თავდასხმის ნიშანს გამუდმებით უცდიდა, რომ დედასთან და ბებიასთან ერთად სარდაფში დამალვა მოესწრო.

როდესაც შედარებით უსაფრთხო დღეები იყო, გოგონა ვერანდაზე იჯდა და საათობით აკვირდებოდა მწერების, ფრინველებისა და პატარა ცხოველების ქცევას. შემდეგ კი რვეულში რაღაც ჩანაწერებს აკეთებდა. მისი საყვარელი წიგნები "დოქტორი დულიტლი" და "ტარზანი" იყო. "ტარზანის" მთავარ პერსონაჟსაც ჯეინი ჰქვია და გოგონა ხშირად მის ადგილზე წარმოიდგენდა ხოლმე თავს. ჯეინი ჯუნგლებში ცხოვრებაზე, სამეცნიერო კარიერასა და მაიმუნების ცხოვრების შესწავლაზე ოცნებობდა. თუმცა, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასა და ზოგად ფონსაც კარგად აცნობიერებდა და ფიქრობდა, რომ ამ ოცნების ასრულებას ვერასდროს შეძლებდა. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კარიერა უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვდა და განათლების მიღების პერიოდშიც კი, კარგი შემოსავლის მიღებას ნაკლებად გულისხმობდა. ასეთი კვლევების ჩატარება მე-20 საუკუნის შუა ხანებში მხოლოდ მდიდარი ოჯახების ბავშვებს შეეძლოთ. ჯეინი, რა თქმა უნდა, მათ შორის არ ყოფილა.

jein-gudoli-2-1759484586.jpg
ჯეინ გუდოლი

როდესაც გოგონამ სკოლა დაამთავრა, ფინანსების არქონის გამო, ადგილობრივ კოლეჯშიც კი ვერ ჩააბარა. ჯეინი აცნობიერებდა, რომ ფული სჭირდებოდა. ამიტომ, გოგონამ მბეჭდავის კურსები გაიარა და ლონდონის კინოკომპანიაში კარგი სამსახურიც იშოვა.

ჯეინ გუდოლს ერთხელ თანაკლასელმა კენიაში მოგზაურობა შესთავაზა. აფრიკისკენ მიმავალი გემი რამდენიმე თვეში ბრიტანეთის პორტიდან უნდა გასულიყო და ბილეთებიც არც ისე ძვირი ღირდა. ჯეინმა სამსახური მიატოვა, დედაქალაქში ცხოვრების ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ბებიის სახლში დაბრუნდა, მიმტანად დაიწყო მუშაობა და სამი თვე მოგზაურობისთვის ყველა ცენტს ზოგავდა.

jein-gudoli-3-1759484611.jpg
ჯეინ გუდოლი

23 წლის ასაკში ჯეინ გუდოლი თავის ოცნებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და კენიაში აღმოჩნდა. მან ადგილობრივ გაზეთში ცნობილი კენიელი ანთროპოლოგისა და არქეოლოგის, ლუის ლიკის განცხადება ნახა, რომელიც ასისტენტს ეძებდა. გოგონა გასაუბრებაზე წავიდა. ის და ლუისი მაიმუნებზე საათობით საუბრობდნენ. შედეგად, გოგონამ ისეთი სამსახური მიიღო, რომელზეც ოცნებაც კი არ შეეძლო. ჯეინი ველურ ბუნებაში მაიმუნებს უნდა დაჰკვირვებოდა.

ჯეინ გუდოლს ამ მიმართულებით არც უმაღლესი განათლება მიუღია და არც სამუშაო გამოცდილება ჰქონია. თუმცა, ლუის ლიკიმ მას დისციპლინისა და ძალიან დიდი სურვილის გამო, უპირატესობა მიანიჭა. მეცნიერმა ექსპედიციისთვის სულ სამი ქალი შეკრიბა და მათ მეტსახელად "ლიკის ანგელოზებიც" შეარქვეს. ჯეინ გუდოლიც და მისი კოლეგებიც ძალიან მამაცი ადამიანები იყვნენ. ექსპედიციის დროს ისინი ლომებსა და შხამიან გველებს ისე ხვდებოდნენ, თითქოს, მათგან არანაირი საფრთხე არ არსებობდა.

jein-gudoli-4-1759484634.jpg
ჯეინ გუდოლი

აღსანიშნავია, რომ მეცნიერი ლუის ლიკი ექსპედიციაში მხოლოდ ქალებს აგზავნიდა. ამ გადაწყვეტილებასაც საინტერესო ისტორია აქვს: ლუისი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. ის და მისი მეუღლე, მერი, ვაჟს ზრდიდნენ. შემდეგ მან მდივანი, როზალი ოსბორნი აიყვანა, რომელიც ძალიან შეუყვარდა. როდესაც ცოლმა ღალატის შესახებ გაიგო, ლუისს განქორწინება მოსთხოვა. მაშინ, როცა საბუთები ოფიციალურად მზადდებოდა, მათი ვაჟი ვარჯიშის დროს ცხენიდან გადავარდა და მძიმედ დაზიანდა. ამ შემთხვევამ ცოლ-ქმარი კვლავ დააახლოვა. ლუისმა ოჯახი აღარ მიატოვა, თუმცა ცდუნებებისგან თავის დასაცავად, მან თავისი მდივანი, როზალი, ჯუნგლებში, მაიმუნების შესასწავლად გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა რაიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის გაკეთება ვერ შეძლო, ის ამ ექსპედიციით მაინც ძალიან კმაყოფილი იყო და ლუისზე არ გაბრაზებულა. მეტიც, როდესაც როზალი გარდაიცვალა, მისი საფლავის ქვაზე, სწორედ მისივე სურვილით, დააწერეს: ILYAF, I love you always forever (ყოველთვის მეყვარები)

ჯეინ გუდოლი თითქმის მთელ დროს ექსპედიციებში ატარებდა და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციასაც აგროვებდა. თუმცა, მან კინაღამ როზალის ბედი გაიზიარა. ლუის ლიკიმ ურთიერთობის დაწყება მასთანაც სცადა. თუმცა, ჯეინისგან სასტიკი უარი მიიღო. ჯეინი გარკვეული პერიოდი კენიაში მუშაობდა, შემდეგ კი ტანგანიკაში, გომბე-სტრიმის ნაკრძალში გადაიყვანეს, სადაც შიმპანზეებს აკვირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჯეინს დედის დიდი ბრიტანეთიდან ტანგანიკას რესპუბლიკაში ჩაყვანა მოუწია, რადგან იმდროინდელი წესები ახალგაზრდა ქალს უბრალოდ მარტო ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ, ზედმეტი ყურადღება რომ თავიდან აერიდებინა, დედა თან ჰყავდა.

jein-gudoli-5-1759484661.jpg
ჯეინ გუდოლი

ჯეინს ძალიან კარგი დედა ჰყავდა. ქალი, სახელად ვენი, შვილის ყველა წამოწყებას მხარს უჭერდა და აფრიკაში მოგზაურობაში ფინანსურადაც დაეხმარა. ქალი ადგილობრივებს მალევე დაუმეგობრდა და ექთნად დაიწყო მუშაობა. მაშინ მალარია მძვინვარებდა და ჯეინიც კი იმდენად ცუდად იყო, რომ კინაღამ გარდაიცვალა. ვენი ლუის ლიკის კარგი მეგობარი გახდა და მასთან ერთად წიგნიც კი გამოსცა.

მაშინ, როდესაც ვენი სახლის საქმეებით იყო დაკავებული, ჯეინ გუდოლი ჯუნგლებში დადიოდა. მას შეეძლო, სახლიდან კვირების განმავლობაში წასულიყო, ცხოველებს დაჰკვირვებოდა და საინტერესო ჩანაწერები გაეკეთებინა. ქალის კვლევამ მეცნიერების წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჯეინ გუდოლმა თავისი ჩანაწერები და სამეცნიერო ნაშრომები კემბრიჯის უნივერსიტეტში წარადგინა და კომიტეტმა მას სადოქტორო დისერტაციის დაცვის უფლება მისცა. ეს იშვიათი გამონაკლისი იყო, რადგან ჯეინს ბაკალავრიატის დიპლომიც კი არ ჰქონია...

jein-gudoli-6-1759484691.jpg
ჯეინ გუდოლი

ძველად პრიმატებს მხოლოდ ლაბორატორიაში სწავლობდნენ, თუმცა ჯეინ გუდოლმა ველურ ბუნებაში მათი ცხოვრების შესახებ ყოვლისმომცველი წარმოდგენა შექმნა. მან აღმოაჩინა, რომ პრიმატები ხელსაწყოებს იყენებენ და თავად ამზადებენ. ადრე ეს მხოლოდ ადამიანის საქმიანობად ითვლებოდა. ასევე, ქალმა დაადგინა, რომ პრიმატები თაფლს სკებიდან აგროვებენ, ნადირობენ და ხორცის ჭამით ტკბებიან. აღსანიშნავია, რომ პრიმატები ადრე ვეგეტარიანელებად ითვლებოდნენ. ჯეინი თითოეულ პრიმატს ინდივიდუალურად ეპყრობოდა, მათ ადამიანის სახელებს არქმევდა და აჩვენებდა, რომ ცხოველები ინდივიდები არიან და საკუთარი პიროვნება აქვთ. ჯგუფური იერარქია, სისხლიანი სისასტიკე, ახალგაზრდა და ხანდაზმული ინდივიდების მოვლა, ომი, ეშმაკობა, მდედრებს შორის კონკურენცია, მოზარდების აჯანყება და მონოგამიის შესწავლა - წლების განმავლობაში პრიმატები ჯეინ გუდოლისთვის ოჯახის წევრებად გადაიქცნენ.

jein-gudoli-8-1759484715.jpg
ჯეინ გუდოლი

ქალი მაიმუნებთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ჯეინს ხშირად ოფიციალური განათლების არქონის გამო აკრიტიკებდნენ. ასევე, ამბობდნენ, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები რელიგიურ პრინციპებს ეჭვქვეშ აყენებდა, თუმცა ის საყვარელი საქმის გაკეთებას მაინც აგრძელებდა.

jein-gudoli10-1759484794.jpg
ჯეინ გუდოლი და ლეონარდო დიკაპრიო

ჯეინს არც პირადი ცხოვრება დავიწყებია. 1960-იან წლებში ნიდერლანდებიდან ფოტოგრაფი და ოპერატორი ჰუგო ვან ლავიკი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა და გუდოლთან თანამშრომლობა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ქორწილისა და შვილის დაბადების შემდეგ, მათ კვლავ აფრიკაში განაგრძეს ცხოვრება და მაიმუნებზე ფილმებს იღებდნენ.

jein-gudoli-11-1759484826.jpg
მონაკოს პრინცი ალბერტ II და ჯეინ გუდოლი

ჯეინ გუდოლმა თავდაპირველად საკუთარი კვლევითი ცენტრი დააარსა, შემდეგ კი ცალკე ინსტიტუტი შექმნა. ჯეინმა დედობის გამოცდილებაზეც ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. ქალი ამბობდა, რომ ის თავის პატარას ისევე უვლიდა, როგორც დედალი შიმპანზეები და აღიარა, რომ ამას შესანიშნავად უმკლავდებოდა...

მოგვიანებით, ქმართან ერთად, ჯეინმა ყურადღება სხვა ცხოველების შესწავლაზეც გაამახვილა. მათ შორის ჰიენებზე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის დაწერა. ჯეინისა და ჰუგოს ქორწინება განქორწინებით დასრულდა. ქალი მეორედ დერეკ ბრისონზე დაქორწინდა. ის სამხედრო პილოტი და ტანზანიის პარლამენტში ერთადერთი ევროპელი იყო. ქორწინება მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა. ბრისონი კიბოთი გარდაიცვალა. ამის შემდეგ გუდოლი დეპრესიით იტანჯებოდა და სამეცნიერო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. თუმცა, შემდეგ მიხვდა, რომ მაიმუნების გარეშე მისი სიცოცხლე აზრს საბოლოოდ დაკარგავდა.

jein-gudoli12-1759484869.jpg
ჯეინ გუდოლი და ჰარისონ ფორდი

ჯეინ გუდოლმა თავისი ცხოვრების 65 წელზე მეტი მეცნიერებას მიუძღვნა. ასაკის მატებასთან ერთად, მან ექსპედიციებში სიარული შეწყვიტა, მაგრამ კოლეგების კვლევებს ყოველთვის ეცნობოდა. გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდა და ახალგაზრდა კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. ქალი 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ბუნებრივი სიკვდილით, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ჯეინი 91 წლის იყო.

jein-gudoli13-1759484934.jpg
ჯეინ გუდოლი

1995 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ჯეინი რაინდად აკურთხა, ხოლო 2002 წელს იგი გაეროში მშვიდობის ელჩად დაინიშნა. 2009 წელს, პარიზში მოგზაურობისას ქალი მსახიობ კრისტოფერ ლამბერტს შეხვდა. ჯეინი მაშინ 75 წლის იყო. კრისტოფერი კი ფილმში "Greystoke: The Legend of Tarzan" ტარზანის როლს ასრულებდა. მაშინ ჯეინმა თქვა, რომ ბავშვობის ოცნება საბოლოოდ აისრულა და თავისი საყვარელი წიგნის პერსონაჟის, ჯეინის მსგავსად იცხოვრა.