P. Diddy-ს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პი დიდის სიტყვა სასამართლოზე და საზოგადოების უკმაყოფილება - "თავს საზიზღრად ვგრძნობ, მრცხვენია და მტკივა... მე უბრალოდ ადამიანი ვარ..." - მშობლები

P. Diddy-ს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პი დიდის სიტყვა სასამართლოზე და საზოგადოების უკმაყოფილება - "თავს საზიზღრად ვგრძნობ, მრცხვენია და მტკივა... მე უბრალოდ ადამიანი ვარ..."

2025-10-04 12:12:57+04:00

სკანდალურ პროდიუსერს ბოლომდე სჯეროდა, რომ ციხეს აცდებოდა. თუმცა ხმაურიანი წვეულებების მოყვარულს 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 500 000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რომლის ნაწილიც მისივე პატიმრობის ხარჯებს დაფარავს.

განაჩენი გუშინ გამოიტანეს და უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე შონ კომბსს (იმავე პი დიდის) ეგონა. მისი ადვოკატები 14-თვიან პატიმრობას ითხოვდნენ, ხოლო ბრალდება - 11 წელს. საზოგადოების ნაწილი აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ეს ზედმეტად პატარა სასჯელია და ჯარიმაც ზედმეტად მცირე, შონ კომბსის ქონების მასშტაბებიდან გამომდინარე.

„სასამართლომ თქვენი მთელი ისტორია უნდა განიხილოს“, - განუცხადა მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა კომბსს. მოსამართლე სუბრამანიანის თქმით, ეს ამბავი აჩვენებს, რომ მუსიკოსმა აშკარად ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება და კონტროლი იმ ქალების ცხოვრებაზე, რომლებიც თითქოსდა უყვარდა.

სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა, კომბსის დაცვა სიტუაციის ემოციურ მხარეზე იყო ორიენტირებული. ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს იმის საჩვენებლად, რომ მუსიკოსი კარგი მოქალაქე და პატიოსანი ოჯახის კაცია, შვილების ოჯახური ვიდეოებიც კი აჩვენეს. გარდა ამისა, პროდიუსერის ადვოკატმა, ბრაიან სტილმა, კომბსის „მოუშუშებელ ტრავმაზე“ მიუთითა, რომელიც მამის ძალიან ადრეულ ასაკში დაკარგვით იყო გამოწვეული. ადვოკატის თქმით, ეს იყო მისი ამბიციების, დამოკიდებულებების და სხვა „დემონების“ მთავარი წყარო, რომელთა დაძლევაც მის კლიენტს მოუწია.

სხდომის დასასრულს, დიდიმ სასამართლოს მიმართა და ბოდიში მოუხადა ყოფილ შეყვარებულს, კესი ვენტურას, რომელმაც არაერთხელ დაადანაშაულა იგი ძალადობასა და თავდასხმაში (რომელთაგან ზოგიერთი ვიდეოზე იყო გადაღებული და საჯარო გახდა).

ძალადობის და გაუპატიურების 13 წელი - პი დიდის მეგობარი ქალის გამაოგნებელმა ჩვენებამ საზოგადოება კვლავ აალაპარაკა

კომბსმა განაცხადა, რომ თავს „საზიზღრად გრძნობს, რცხვენია და სტკივა“ გრძნობს იმ მრავალწლიანი ძალადობის, მანიპულირებისა და სხვა მავნე ქმედებების გამო, რომლებიც მან სხვების წინააღმდეგ ჩაიდინა. თუმცა, რამდენიმეწუთიანი სინანულის შემდეგ, მუსიკოსმა კვლავ დაიწყო თავის მართლება: „მე არ ვარ რაიმე ზებუნებრივი არსება. მე უბრალოდ ადამიანი ვარ. გთხოვთ, თქვენო ღირსებავ, მომცეთ შანსი, კიდევ ერთხელ ვიყო ლიდერი ჩემს საზოგადოებაში“.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კომბსი უდანაშაულოდ ცნო სექსუალური ექსპლუატაციისა და რეკეტის ბრალდებებში - მის წინააღმდეგ წაყენებულ მთავარ ბრალდებებში, რომლებიც მაქსიმალურ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, იგი ნაკლებად მძიმე ბრალდებებში დამნაშავედ ცნეს.

1990-იანი წლების ცნობილი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობა პი დიდიმ შეუკვეთა - გახმაურებული საქმე 30 წლის მერე გაიხსნა
თავისი შვილების დედას მოკვლით ემუქრებოდა და ცოტა ხანში, ქალი იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა... კიდევ ერთ საყვარელ ქალს უმოწყალოდ სცემდა და აშანტაჟებდა - პი დიდის რჩეული ქალების ხმა დღეს ყველას ესმის
მსხვერპლთა შორის 9 წლის ბიჭიცაა.... - უკვე 120-ზე მეტმა ადამიანმა უჩივლა პი დიდის. ისინი 30 წელი შიშის გამო დუმდნენ....

ჰარლემელი ერთ დროს მუსიკალური ინდუსტრიის მწვერვალზე იდგა, თავისი ლეიბლი, Bad Boy Records, თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ნამდვილ იმპერიად აქცია. მონაწილეობდა ფილმებში და აწყობდა მდიდრულ (და სკანდალურ) წვეულებებს ცნობილი ადამიანების მონაწილეობით. თუმცა, კომბსის იმპერიის გლამურული ფასადის მიღმა იმალებოდა ბნელი მხარე, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გამოვლინდა, როდესაც დიდის ყოფილმა შეყვარებულმა, კესი ვენტურამ, მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მუსიკოსი სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ვენტურამ ასევე გაამხილა, რომ კომბსს ჰქონდა მიდრეკილება ნარკოტიკებით გაჯერებული სიამოვნებებისკენ. კომბსმა ვენტურას საქმის მოსაგვარებლად 20 მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა კესის სარჩელმა საქმე დაძრა, გამოჩნდა სხვა ბრალდებები და სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

კომბსის მაიამისა და ბევერლი ჰილზის სასახლეებში საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ ჩატარებული რეიდების შემდეგ, პროდიუსერი 2024 წლის სექტემბერში სექს-ტრეფიკინგის, რეკეტისა და პროსტიტუციის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.