რამდენი ხაჭო სჭირდება ბავშვს სხვადასხვა ასაკში და რატომ გვირჩევენ პედიატრები მის მიღებას დღის პირველ ნახევარში + რეცეპტი - მშობლები

რამდენი ხაჭო სჭირდება ბავშვს სხვადასხვა ასაკში და დღის რომელ მონაკვეთშია იდეალური მისი მიღება + რეცეპტი

2025-10-06 09:21:21+04:00

ხაჭო — სასარგებლო პროდუქტია, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს რაოდენობას, მიღების დროს და ხარისხს.

რამდენი ხაჭო უნდა მივცეთ ბავშვებს და როგორ ავირჩიოთ ის?

1. ხაჭოს სარგებელი საუზმეზე

ნუტრიციოლოგები რეკომენდაციას აძლევენ, რომ ბავშვებმა ხაჭო დღის პირველ ნახევარში მიიღონ, რადგან ის შეიცავს ცილას, რომელიც ნელა შეიწოვება ორგანიზმში. თუ ბავშვი ხაჭოს ან მისგან მომზადებულ პროდუქტებს ღამით მიირთმევს, ამან შეიძლება მეტაბოლიზმის დარღვევასა და წონის მომატებას გამოიწვიოს. საუზმეზე ხაჭო შესანიშნავი არჩევანია — ის დიდხანს იწვევს დანაყრების შეგრძნებას, თუმცა დიდი რაოდენობით ყოველდღე მიღება არ არის სასურველი. სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განსხვავებული ოპტიმალური რაოდენობაა რეკომენდებული.

2. შეიძლება თუ არა ხაჭოს მიცემა საღამოს

თუ პედიატრი წინააღმდეგი არ არის და ბავშვს არ აწუხებს ჭარბი წონა, მცირე რაოდენობის ხაჭოს მიცემა შეიძლება საღამოსაც. მთავარია, არ მიეცეს უშუალოდ ძილის წინ. უმჯობესია, ბავშვს შესთავაზოთ ხაჭოს ბლინი ან დესერტი კენკრით დაახლოებით 17:00–18:00 საათზე.

3. რამდენი ხაჭო უნდა მიირთვას ბავშვმა

თითოეულ ასაკს თავისი ნორმა აქვს. ნორმის გადაჭარბება დიდ დატვირთვას აძლევს თირკმელებს, რადგან ხაჭო მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით.

  • 10 თვემდე ბავშვებისთვის — არაუმეტეს 30 გრამისა.

  • 10–12 თვის ასაკში — 50 გრამი.

  • 1–1.5 წლის ასაკში — არაუმეტეს 75 გრამისა.

  • 1.5 წლიდან ზევით — მაქსიმუმ 100 გრამი დღეში.

შედარებისთვის, მოზრდილთა ნორმაა: ქალებისთვის 200 გრამი, მამაკაცებისთვის — 250 გრამი, თუ არ არსებობს რაიმე სამედიცინო წინააღმდეგობა.

4. რა ცხიმიანობის ხაჭო შეიძლება ბავშვისთვის

ხაჭო არსებობს სხვადასხვა ცხიმიანობის — 0%-დან 23%-მდე. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, არჩევანი მნიშვნელოვანია. პირველი დამატებითი კვებიდან დაახლოებით 3 წლამდე რეკომენდებულია 4%-იანი ხაჭო, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის — 9%-იანი. უფრო ცხიმიანი ხაჭო არ არის სასურველი, რადგან ტვირთავს ღვიძლსა და პანკრეასს.

5. როდის და როგორ უნდა შევიტანოთ ხაჭო დამატებით კვებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხაჭო სასურველია ბავშვის მენიუში შევიდეს 9–10 თვის ასაკში, მას შემდეგ, რაც უკვე იკვებება ბოსტნეულის და ხილის პიურეებითა და ბურღულეულით.

დაიწყეთ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზით და თანდათან გაზარდეთ პორცია 30 გრამამდე. პირველი დამატებითი კვებისთვის უმჯობესია არა მაღაზიის ხაჭო, არამედ ის, რომელიც სპეციალურად ბავშვთა კვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ასეთი ხაჭო ხელმისაწვდომია, პირველ დღეებში სწორედ მას მიანიჭეთ უპირატესობა. ასეთი ხაჭო უფრო რბილი კონსისტენციისაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ბავშვი მიეჩვევა ამ პროდუქტს, შეგიძ₾იათ, ჩვეულებრივ მაღაზიის ხაჭოზე გადახვიდეთ.

სასურველია, ხაჭო იყოს ოთახის ტემპერატურის. შეიძლება ოდნავ გათბობა წყლის აბაზანაზე, თუმცა მეორე ჯერზე აღარ გააცხელოთ — ორ საათში მასში აქტიურად მრავლდებიან ბაქტერიები. უმჯობესია, მომდევნო კვებაზე ახალ პორცია მისცეთ.

6. როგორ ავარჩიოთ ხაჭო მაღაზიაში

პატარა ბავშვებისთვის (განსაკუთრებით ერთ წლამდე) საუკეთესო არჩევანია ხაჭო ყოველგვარი ხილის დანამატებისა და არომატიზატორების გარეშე. ყიდვამდე აუცილებლად შეამოწმეთ პროდუქტის ვადა — რაც უფრო მოკლეა შენახვის პერიოდი, მით უფრო ბუნებრივია პროდუქტი. მაღაზიაში, სადაც ხაჭო ინახება, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +6°C-ს. შეფუთვა უნდა იყოს უვნებელი და დაუზიანებელი.

ნაზი ხაჭოს პუდინგი ბავშვებისთვის (შაქრის გარეშე)

შესაფერისია: 9 თვიდან ზემოთ (თუ ბავშვს უკვე მიღებული აქვს ხაჭო)

რაოდენობა: 2 პატარა პორცია

მომზადების დრო: დაახლოებით 30 წუთი

ინგრედიენტები:

  • ხაჭო — 200 გ

  • კვერცხი — 1 ცალი

  • შვრიის ფაფა ან მანანის ბურღული — 1 ს/კ

  • იოგურტი ან კეფირი — 2 ს/კ (შაქრის გარეშე, ბუნებრივი)

  • ვაშლის ან ბანანის პიურე — 2 ს/კ (ტკბილი ბუნებრივი არომატისთვის)

  • ცოტაოდენი ვანილი (არასავალდებულო)

  • შეგიძლიათ დაამატოთ კენკრის რამდენიმე მარცვალი ან დაჭრილი მსხალი

მომზადება:

  • ხაჭო და იოგურტი აურიეთ ერთად, რომ მასა უფრო რბილი გახდეს.
  • დაამატეთ კვერცხი, ფაფა (ან ბურღული) და ვაშლის ან ბანანის პიურე. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  • მიღებული მასა ჩაასხით პატარა ფორმებში (სილიკონის ან კერამიკულ ფორმებში).
  • გამოაცხვეთ ღუმელში 170°C ტემპერატურაზე დაახლოებით 25–30 წუთით, სანამ ოდნავ შეწითლდება ზედაპირი.
  • გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და ოდნავ თბილი მიეცით.

რჩევები:

  • შაქარი და თაფლი არ დაამატოთ — ვაშლი ან ბანანი საკმარისად ტკბილ გემოს მისცემს.

  • შეგიძლიათ პუდინგი დააბლენდეროთ და ისე მისცეთ ბავშვს, თუ ჯერ მყარი ტექსტურები არ უყვარს.