რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლებში საგნის - "რელიგიის ისტორია" სწავლება ბრუნდება და სასულიერო პირების გადამზადება დაწყებულია.
ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადავამოწმეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ საჯარო სკოლებში, არჩევით კომპონენტად ღირებულებითი განათლების კლუბი არსებობს და ცალკე საგნის სწავლებას სასკოლო პროგრამა არ ითვალისწინებს.
რას გულისხმობს ღირებულებითი განათლების კლუბი და რას საკითხებს განიხილავენ მოსწავლეები, დეტალებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს დავუკავშირდით:
"გაკვეთილების გარკვეული რაოდენობა შევქმენით. გაკვეთილები მიზნად ისახავს, რომ ბავშვს ქრისტიანული ღირებულებები დავანახოთ, რომელიც შეიძლება, მან ხელოვნებაში, ლიტერატურაში ამოიკითხოს. ეს გაკვეთილები საშუალებას იძლევა, შემდეგ წმინდა წერილსა და ქრისტიანულ სწავლებაზე გავიდეთ. თავისუფალი ფორმატია და საუბრებში ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენასა თუ ამბავს განიხილავენ. შეხვედრა ნებაყოფლობითია, შექმნილია კლუბი, სადაც სკოლის მოსწავლეები სურვილის მიხედვით ეწერებიან. მოძღვარი კვირაში ერთხელ მათთან სასაუბროდ შედის. გარდა ამისა, სხვადასხვა აქტივობა ტარდება. არის კონკურსები, ბავშვები გაკვეთილის ფარგლებში ქალაქში გადიან, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, მოძღვარი ისტორიას უყვება. ასევე, მიდიან შშმ პირებთან და მოხუცთა სახლებში. სემესტრში ერთხელ ან ორჯერ თეატრალური წარმოდგენაცაა, სადაც ქრისტიანულ მოტივზე შექმნილი სცენარია.
ღირებულებითი განათლების კლუბი გაკვეთილების შემდეგ ფუნქციონირებს. ეს პროექტი საპილოტედ შარშან დავიწყეთ. წინა წელს 24 საჯარო სკოლაში იყო. წელს თბილისში სერტიფიკატი 50-მა სასულიერო პირმა მიიღო. სერტიფიკატი ერთობლივად, საპატრიარქომ და განათლების სამინისტრომ გასცა. მსურველების დატრენინგება გრძელდება. ტრენინგი გულისხმობს იმას, რომ სკოლაში შემსვლელმა სასულიერო პირებმა პედაგოგიური მეთოდიკის შესახებ ცოდნა უნდა მიიღონ. ვცდილობთ, ტრენინგი ყველა მსურველს ჩავუტაროთ.
ჯერჯერობით, 50 სკოლაში 53 კლუბია გახსნილი. ზოგიერთ სკოლაში 2 კლუბი ფუნქციონირებს, რადგან ბევრი მსურველი იყო. ეპარქიებში ზაფხულში 100-მდე სასულიერო პირი გადამზადდა, სერტიფიკატები მათაც მიიღეს და ღირებულებითი განათლების კლუბს ისინიც ხსნიან. სწავლების პროცესი ეპარქიებშიც გრძელდება. მოსწავლეების მხრიდან მოთხოვნა და დაინტერესება ძალიან დიდია. აღსანიშნავია, რომ კლუბში აქტიურობას შეფასებითი ნაწილი არ აქვს და მოსწავლეებს ქულა არ ეწერებათ." - გვითხრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
თამარ იაკობაშვილი