ვის შეუძლია, დაგროვებითი პენსიის თანხის ნაადრევად გატანა, აქვთ თუ არა 40+ ასაკის ადამიანებს სქემაზე უარის თქმის უფლება და ვის დარჩება ნაგროვები პენსია პირის გარდაცვალების შემთხვევაში - დეტალები კანონმდებლობიდან - მშობლები

ვის შეუძლია, დაგროვებითი პენსიის თანხის ნაადრევად გატანა, აქვთ თუ არა 40+ ასაკის ადამიანებს სქემაზე უარის თქმის უფლება და ვის დარჩება ნაგროვები პენსია პირის გარდაცვალების შემთხვევაში - დეტალები კანონმდებლობიდან

2025-10-06 12:05:30+04:00

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მიუხედავად იმის, რომ 7 წელი გავიდა, სქემასთან დაკავშირებით ადამიანებს დღემდე ბევრი კითხვა აქვთ.

ვედებით, ერთხელ კიდევ განვმარტოთ თემასთან დაკავშირებული დეტალები.

დაგროვებითი პენსია ადამიანის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე გამომუშავებული შემოსავლებიდან ითვლება. ყოველთვიურად თქვენი შემოსავლიდან 6% თქვენს ე.წ საპენსიო, შემნახველ ანგარიშზე მიდის.

როგორ ნაწილდება თქვენი 6%?

  • დამსაქმებლისგან მისაღები ყოველთვიური ხელფასის 2% დამსაქმებლის მიერვე იზოგება საპენსიო სააგენტოს მიერ დასაქმებულის სახელზე გახსნილ პირად საპენსიო ანგარიშზე. (მაგალითად, თუ გაქვთ 1000 ლარი ხელფასი,20 ლარს (2%) დამსაქმებელი ყოველთვიურად რიცხავს საპენსიო სააგენტოში თქვენს კუთვნილ ანგარიშზე).
  • ამასთანავე, სახელმწიფო დამატებით კიდევ 2%-ს გირიცხავთ თქვენსავე კუთვნილ ანგარიშზე.
  • და ბოლოს, დასაქმებულიც საკუთარი დასაბეგრი ხელფასის (1000 ლარი) 2%-ს ამატებს საკუთარ დანაზოგს.

თვითდასაქმებული, რომელსაც შემოსავალი ხელფასის სახით უფიქსირდება, ვალდებულია, საპენსიო ანგარიშზე 4% შეიტანოს, 2%-ს კი სახელმწიფო ამატებს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 ან მეტი ასაკის იყვნენ, 5 თვის განმავლობაში შეეძლოთ, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. ამის შესაძლებლობა მათ ახლა აღარ აქვთ. მაგალითი რომ განვიხილოთ: თუ 2018 წლის 6 აგვისტოს 41 წლის იყავით და საპენსიო სქემიდან განცხადების საფუძველზე არ გამოსულხართ, ახლა საპენსიო ასაკამდე თქვენს საპენსიო დანაზოგით ვეღარ ისარგებლებთ.

ყველა დასაქმებული მოქალაქე, რომელსაც ხელფასის სახით შემოსავალი უფიქსირდება, საპენსიო სქემაში სავალდებულო წესითაა ჩართული.

რა საფუძვლით არის შესაძლებელი დაგროვებით პენსიის მიღება?

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
  • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა (გარდაცვალების შემთხვევაში);
  • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად, თანხა დაქვითვის გარეშე გაიტანოს. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით.

საპენსიო სქემაში მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა მემკვიდრეს გადაეცემა.

თუ საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობაზე იტყვის უარს და სხვა ქვეყანაში მუდმივად წავა საცხოვრებლად, მას შეუძლია, საპენსიო ასაკამდე დაგროვილი თანხა გაიტანოს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან 20%-ით დაიბეგრება.

საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა?

როგორც საქართველოს საპენსიო ფონდში გვითხრეს, საპენსიო ასაკის პირმა განცხადება უნდა დაწეროს. განცხადებას განიხილავენ და ეცნობება, თანხას ერთიანად გასცემენ, თუ ყოველთვიურად ჩაერიცხება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, საქართველოს საპენსიო ფონდს მიმართოთ ნომერზე: 14 80

თამარ იაკობაშვილი

პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2026 წლიდან
ვინც საპენსიო სქემაშია, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოს! - რას ითვალისწინებს ცვლილებები დაგროვებით პენსიაზე