მშობლებს ვურჩევდი, მეტი დრო გამონახონ შვილებისთვის. ნუ ჩაუჯდებიან საათობით სხვადასხვა შოუს, სერიალებს, პოლიტიკურ დებატებს თამრი ფხაკაძეს დიდიც იცნობს და პატარაც. ვისაც კითხვა უყვარს, ვინც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეცნობა ან თუნდაც ვისაც თავისი პატარებისთვის ერთხელ მაინც წაუკითხავს მისი საბავშვო, ძალიან სახალისო ზღაპრები თუ ლექსები, ყველასთვის ცნობილია ეს ქალბატონი. მწერალი ქალბატონი გვესაუბრება საკუთარ თავზე, ლიტერატურაზე, ბავშვის აღზრდაზე და იმაზე, თავად როგორი დედა და ბებიაა.
- ცოტა გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ წერა, ბავშვობიდან თუ გქონდათ მწერლობისკენ მიდრეკილება, თუ წერდით და საერთოდ, რას ფიქრობდით მაშინ საკუთარ მომავალზე, როგორ გესახებოდათ ის?
- წერა ადრე დავიწყე. უკვე მეორე კლასში დავწერე პირველი ზღაპარი "ტრაბახა შხამა სოკო". გამოდის, რომ მიდრეკილება წერისკენ ადრე გამიჩნდა. ვიგონებდი პატარა, ზღაპრულ ისტორიებს და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მეხუთე-მეექვსე კლასიდან ლექსების წერაც დავიწყე. ბავშვური, გულუბრყვილო აზრებით სავსე პოეზია იყო... ძირითადად ბუნებაზე, ცხოველებზე, ფრინველებზე, მწყემსებზე, ტყის ფერიებზე და მსგავს თემებზე ვწერდი. მეც მომწონდა და ჩემს მეგობრებსაც. მომავალზე ბავშვობისას ნაკლებად ფიქრობ. ბავშვობა თვითკმარი პერიოდია, სამივე დროს ერთად მოიცავს, ერთმანეთისგან არ გამოყოფს... ბავშვობა თვითონაა რაღაც სხვა დრო და სხვა განზომილება...
- როგორი ბავშვი იყავით?
- მშვიდი, მყუდრო, ზრდილობიანი, ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური, მეგობრული, ეზოდან ძნელად ამოსაყვანი, არცთუ გამორჩეულად ბეჯითი, მაგრამ უამრავი ინტერესით სავსე ბავშვი ვიყავი. მიყვარდა სათავგადასავლო ლიტერატურა, ვხატავდი, დავდიოდი ცეკვაზე, ბალეტზე, ფიგურულ სრიალზე, მუსიკალურ ათწლედში... მიყვარდა ჭადრაკი, შაში, დომინო... მიყვარდა მეგობრებთან ერთად გართობა და კინო იყო ჩემთვის უზარმაზარი სამყარო... მაინ რიდი, ჟიულ ვერნი, კონან დოილი, მარკ ტვენი... ინდიელები, ჯუნგლები, ველურები და ხომალდები ოკეანეში ჩემს ფანტაზიას მოსვენებას არ აძლევდა...
- დღეს ბევრისთვის საყვარელი მწერალი ხართ. არ არის იოლი ამ დროში, როცა ხალხი არც ისე ბევრს კითხულობს, მით უმეტეს ქართულ ლიტერატურას, ხალხმა შეგიყვაროს და დაგაფასოს და არა მხოლოდ კრიტიკოსებმა. რას ფიქრობთ ამაზე? რა არის მთავარი, რის გამოც დაიმსახურეთ ეს სიყვარული და აღიარება?
- არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. ეს ალბათ მკითხველმა უნდა თქვას, - რატომ და რისთვის შემიყვარა, თუკი ეს მართლაც ასეა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წერა მსიამოვნებს და როცა ნაწარმოებს ჩემი მაგიდიდან ვუშვებ, ანუ მკითხველს ვუგზავნი, უცნაური მღელვარება მეუფლება და ჟურნალში დაბეჭდილ ჩემს მოთხრობას თუ წიგნად გამოცემულ რომანს უცხოს თვალით და ხედვით ვკითხულობ... ვცდილობ, მკითხველის როლში ჩავიყენო თავი და გარედან შევაფასო ჩემი ნაწერი...
- რისი წერა განიჭებთ მეტ სიამოვნებას – მოთხრობების, ლექსების, ზღაპრების? ბავშვებს ძალიან უყვართ თქვენი საბავშვო ლიტერატურა...
- თუკი მოვა თემა, მოვა სათქმელი და დასაწერი, სულ ერთია, რომელს ვწერ, - სადიდოს თუ საბავშვოს, - ორივეს წერა სიხარულს და ბედნიერებას მაგრძნობინებს. უბრალოდ, საბავშვოს წერაში მეტი სიხარული და პოზიტივია, რადგან ის არ ეხება მძიმე პრობლემებს, რთულ თემებს... წერ გაღიმებული და ბავშვური უზრუნველობა გეუფლება. კარგია!
- რას ფიქრობთ ცნობილ პრობლემაზე - ახალი თაობა, წიგნები, და მისი გადაჭრის რა გზები გესახებათ? თქვენეული ხედვა ამ პრობლემის და გამოსავალი?
- დიაგნოზი უკვე დასმულია: ინტერნეტმა, კომპიუტერმა, თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ახალ თაობას "წაართვა" კითხვის დრო... ახალი თაობა (და არა მარტო ის) დაავადებულია სოციალური ქსელებით და სხვა ვირტუალური "დაავადებებით"...
გამოსავალი ერთია: ადრეული ასაკიდან უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნი. არ უნდა დავინანოთ დრო მისთვის ზღაპრის წასაკითხად, სანამ თვითონ არ იცის წერა-კითხვა, უნდა მივაჩვიოთ საჩუქრად წიგნის მიღებას, უნდა ვასწავლოთ საყვარელი წიგნის მოვლა და გაფრთხილება, არ უნდა დავიზაროთ მისი მოსმენა, როცა აზრის გაზიარება სურს წაკითხულის შესახებ. ფრთხილად, ისე რომ ძალდატანება არ იგრძნოს, უნდა ეტაპობრივად, ასაკთან შესაბამისობაში შევურჩიოთ და მივაწოდოთ მას წასაკითხი ლიტერატურა... კიდევ ბევრი სხვა რამ, რასაც თვითონ მშობელს უკარნახებს ალღო და გამოცდილება.
- რა წვლილი აქვს მშობელს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში და საერთოდ, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მშობელი?
- თანამედროვე მშობელი თვითონ უნდა იყოს ნაკითხი. ესაა საწყისი პოზიცია. დანარჩენი, ფაქტობრივად, ზემოთ ვთქვი.
- თქვენ როგორი მშობელი ხართ? რას იტყვით საკუთარ თავზე, როგორც დედაზე, ბებიაზე? რა შეცვალა თქვენში ამ სტატუსმა?
- დედობა ამქვეყნად ყველაზე დიდი ნიჭი და თან ყველაზე რთული პროფესიაა. როგორც ხელოვნებაშია, - გარდა ბუნებრივი ნიჭისა და მონაცემებისა, კარგი დედობისთვისაც საჭიროა სწავლა, დახელოვნება... სირცხვილი არ არის, სხვისი გამოცდილება გაიზიარო, ან ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდან ისწავლო რაღაც, რაც აქამდე არ იცოდი... დედობა ყველაზე დიდი საჩუქარია ამქვეყნად, მას გაფრთხილება უნდა...
საკუთარ დედობაზე ლაპარაკი ძნელია. ასპროცენტიანი კმაყოფილება, მგონი, არ არსებობს. ყოველთვის გწყდება გული, ყოველთვის გეჩვენება, რომ შვილთან ურთიერთობაში ან "მარილი დააკელი", ან "შაქარი მოგივიდა ბევრი"... ესეც ნორმალური მოვლენაა. ზოგადად, სრული კმაყოფილება ამპარტავნება და ხიბლია ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ერთს ვიტყვი: ჩემი შვილი, სწორედ ისე თუ შევხედავ მას, უცხოს თვალით, როგორც საკუთარ ნაწარმოებებს - გარეშე მკითხველივით, - მომწონს... და უმნიშვნელო შენიშვნები თუ მაქვს მასთან...
ბებიობა - შერბილებული დედობაა. ეს მეტი შაქარი და ნაკლები მარილია... დიდი ბედნიერებაა. განუზომელი...
- თქვენს შვილიშვილს თუ უკითხავთ თქვენს ზღაპრებს?
- ჩემი შვილიშვილი ჯერ სამი წლისაც არ არის, მაგრამ დიდი სიამოვნებით ფურცლავს და ათვალიერებს ჩემს წიგნებს... ვუყვები მისთვის გასაგები ენით და მოსწონს. ზოგიერთი ჩემი საბავშვო პოემიდან ზეპირადაც კი იცის ადგილები. მოვა თუ არა ჩემთან სტუმრად, მაშინვე მომიცუნცულებს ჩემს რომელიმე "ბალიშა" წიგნს და მთხოვს: "წამიხითე!"
- დაგვისახელეთ რამდენიმე წიგნი, თქვენი რჩევით, რომელიც მშობელმა უნდა ურჩიოს ბავშვს წასაკითხად სხვადასხვა ასაკში...
- პატარას, სანამ კითხვა არ იცის, - უნდა წაუკითხოთ უმარტივესი კლასიკური ზღაპრები: "წითელქუდა", "სამი გოჭი", "ნაცარქექია", "კომბლე"...
კითხვას რომ დაიწყებს, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ პირველ ეტაპზე კითხვა მისთვის, არ უნდა მივანებოთ თავი და უნდა გადავიდეთ "ბურატინოს" და "პინოქიოს" დამეგობრებაზე... ეს წიგნები ხშირად უნდა ვუკითხოთ, უნდა გაითავისოს ბავშვმა პერსონაჟები, უნდა შეიყვაროს, ზეპირად უნდა იცოდეს უკვე წიგნი და ნელ-ნელა უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ თვითონ, თავისით იკითხოს...
აუცილებელი ეტაპია მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების გაცნობა. ზღაპრები ბავშვს უსათუოდ უნდა უყვარდეს. მას უნდა გაუძლიერდეს წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი. არაა სწორი, მივუშვათ უწყვეტ ნაკადად მულტფილმები და მივუჯინოთ ბავშვი ეკრანს. მზამზარეული სანახაობა მას წაართმევს ფანტაზიას და აზროვნებას შეუფერხებს...
ბუნებრივია, მომდევნო ეტაპი "პეპი" და "კარლსონი" იქნება... კვლავ შეგიძლიათ კითხვა პატარისთვის, რადგან ის ჯერაც არ არის დახელოვნებული ამაში. ძნელად კითხვამ შესაძლოა კითხვის პროცესი შეაძულოს მას. ამიტომ ნუ დაიზარებთ, კიდევ უკითხეთ და მერე ისაუბრეთ წაკითხულზე...
კარგი იქნება, თუ პატარაობისასვე, უკვე გააჟღერებთ თქვენი შვილებისთვის "ვეფხისტყაოსანს"... უამბეთ მას ეს პოემა მარტივ, გასაგებ საბავშვო ენაზე... უკვე იცოდეს მისი არსებობის შესახებ... უკვე სმენოდეს შოთა რუსთაველი...
როცა ბავშვი უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სწრაფ კითხვას, მიაწოდეთ მას უკვე სათავგადასავლო ლიტერატურა, - ის რაც არასდროს გამოვა მოდიდან, - ჟიულ ვერნი, მარკ ტვენი, მაინ რიდი, დეფო, კონან დოილი...
- საერთოდ რას ურჩევდით დღევანდელ მშობლებს? ბავშვებს? და თუ არის რამე, რაც განსაკუთრებით მოგწონთ ან არ მოგწონთ?
- მშობლებს ვურჩევდი, მეტი დრო გამონახონ შვილებისთვის. ნუ ჩაუჯდებიან საათობით სხვადასხვა შოუს, სერიალებს, პოლიტიკურ დებატებს... გამოკითხონ შვილებს ამბები, უმნიშვნელოდ ნუ მოეჩვენებათ მათი პრობლემები, ესაუბრონ მათ, როგორც თანატოლს, ჩაწვდნენ მათ სამყაროს, აგრძნობინონ მეტი და მეტი სიყვარული და თანადგომა ყველაფერში, მხოლოდ ისე, რომ არ იმძლავრონ მათ პიროვნულ თავისუფლებაზე, არ მოახვიონ თავს საკუთარი პერსონა და არ შეაფერხონ ბავშვის ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბების პროცესი.
ლელა ზურებიანი