"მოსწავლეებში დისლექსია უკვე ხშირი შემთხვევაა..." - როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს და ეს უშლის ხელს სწავლაში? - მშობლები

"მოსწავლეებში დისლექსია უკვე ხშირი შემთხვევაა..." - როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს და ეს უშლის ხელს სწავლაში?

2025-10-08 09:13:22+04:00

მასწავლებელი, დავით წამალაშვილი, გადაცემაში "შუადღე" დისლექსიაზე საუბრობს და ასახელებს იმ ნიშნებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა, მშობელმა და მასწავლებელმა პრობლემა ამოიცნონ:

- მოსწავლეებში დისლექსია უკვე ხშირი შემთხვევაა. დიდი ხანია, მასწავლებელი ვარ. ეს პრობლემა ადრეც იყო, მაგრამ, რეალურად, სახელს ვერ ვარქმევდით. თუ ახლა ვამბობთ, რომ ბავშვს დისლექსია აწუხებს, აქამდე ვამბობდით, რომ მას კითხვა არ შეუძლია. მასწავლებლებიც ვჩხუბობდით და ვამბობდით: "რაღა გახდა, ამ ბავშვმა კითხვა ისწავლოს..." სინამდვილეში, სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთია, რომ ბავშვს სწავლა ეზარება და ამიტომაცაა, რომ კითხვა არ შეუძლია. ხოლო, დისლექსია აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა. ბავშვი შეიძლება, კითხულობდეს კიდეც, მაგრამ დეკოდირებას ვერ ახერხებდეს, ასობგერებს რომ ამოიკითხავს, მის ქვეშ რა შინაარსია, ვერ ხვდება. ეს ყველაზე კარგი შემთხვევაა, რომ კითხულობს. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ ვერც კითხულობს. ამიტომ, მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, როდის გვაქვს დისლექსიასთან შეხება. თავად 3-4 ასეთი პრობლემის მქონე მოსწავლესთან შეხება მქონია.

ზოგადად, დისლექსია ხშირად დისკალკულიასთან და დისგრაფიასთან ერთად მიმდინარეობს. დისკალკულია მათემატიკური გამოთვლების ვერდაკავშირება, ანუ ბავშვი რასაც კითხულობს, მათემატიკურად ვერ აღიქვამს. არსებობს დისგრაფია - წერის უნარის დარღვევა. უფრო ხშირად, ამ პრობლემას ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლები ავლენენ. მაგალითად, ქართულის ან უცხოური ენის მასწავლებლები მარტივად ხვდებიან, რომ დისლექსიასთან გვაქვს კავშირი.

გამოწვევა ნამდვილადაა. ჩვენი ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, თავის თავზე ჰყვებოდა და იხსენებდა, რა ხდებოდა მის თავს, როდესაც მოსწავლე იყო და არ იცოდა, რა სჭირდა. დისლექსია, ცხადია, პრობლემაა. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმღებლობაა, რომ მასწავლებელმა იცოდეს, რასთან აქვს კავშირი და მშობელსაც უნდა ჰქონდეს მიმღებლობა. მასწავლებელი მკურნალი არ არის. ამ შემთხვევაში, ძალიან კარგია, როდესაც მოსწავლეს სპეციალისტთან გადავამისამართებთ და მასწავლებელი სწავლაზე იქნება ორიენტირებული. სპეციალისტებისგან მიღებულ ნებისმიერ რეკომენდაციას მასწავლებელი შეასრულებს. მაგრამ, როდესაც ამის შესახებ არც ერთმა იცის და არც - მეორემ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა ქაოსურია.

"რით ვერ დაასრულე? რით ვერ წაიკითხე?" - მასწავლებლების ერთ სიტყვასაც კი მოსწავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეს რას გრძნობს, ცხადია, არავინ გვიყვება, მაგრამ მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, მივხვდებით. გურამ კაშიაც ამბობს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამიტომ, ეს დიდი გამოწვევაა.

დისლექსიის ამოსაცნობად გარკვეული ნიშნები არსებობს:

როდესაც ბავშვი კითხულობს და აზრი ვერ გამოაქვს - ეს პირველი ნიშანია. შესაძლოა, ეს გაფანტულობასაც ახასიათებდეს. მაგრამ, როცა მეორედ, მესამედ წააკითხებ და კვლავ ვერ იგებს, რას კითხულობს, დისლექსიაზე უნდა ვიფიქროთ.

რაც შეეხება მასწავლებელს, მასწავლებელი მკურნალი ვერ იქნება. მისი მოვალეობაა, პრობლემა გამოავლინოს. დაწყებითი კლასის მასწავლებლები პირველები უნდა იყვნენ, ვისაც ეს უნდა ეხერხებოდეს. ამიტომ, ამ მიმართულებით, ტრენინგებისათვის პრაქტიკული ხასიათის მიცემა მშვენიერი იქნებოდა.