ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი ჯანეტ ქერდიყოშვილი დღეს საკმაოდ ცნობილი სახეა. ორი შვილის დედაა, ყოფილი "მის საქართველო" და პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეუღლე.
ჯანეტი 1991 წლის 29 ნოემბერს დაიბადა თბილისში. დაამთავრა 51-ე სკოლა, თუმცა დიდხანს ცხოვრობდა ასევე სანქტ-პეტერბურგში, ოჯახთან ერთად.
"მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. მეც ლენინგრადში (პეტერბურგში) დავიბადე.
მახსოვს, ოჯახის წევრებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი. მამას დიდი საოჯახო მანქანა ჰყავდა. ჰოდა, ჩავსხდებოდით ხოლმე ყველანი და ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდით. ასე ხდებოდა დაახლოებით მანამ, ვიდრე 5-6 წელი არ შემისრულდა. ერთი პერიოდი უკრაინაშიც ვცხოვრობდით (კიევი, იალტა, სუდაკი).
სკოლაში თბილისში შემიყვანეს და ეს მამის ინიციატივით მოხდა. უნდოდა, მის შვილებს მშობლიური ენა კარგად სცოდნოდათ. როგორც კი პირველ კლასში შევედი, 3 თვეში ქართულად სხაპასხუპით ავლაპარაკდი. მანამდე კი მშობლიურ ენაზე ლაპარაკი ნამდვილად მიჭირდა. მოსწავლეობისას, ხან თბილისში გვიწევდა ყოფნა, ხან - პეტერბურგში. სულ 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი. საბედნიეროდ, იოლად ვეგუებოდი ახალ გარემოს, არც ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა მიჭირდა. საბოლოოდ, პეტერბურგის ქართული სკოლა დავამთავრე, მაგრამ თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების ბანკეტზეც ვიყავი. ძალიან ტკბილად მახსენდება მოსწავლეობის პერიოდი. როგორც ბევრი ჩემი ახლობელი მიყვება, ძალიან დამჯერი და კეთილი ბავშვი ვიყავი. არ მიყვარდა ცელქობა...
პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, მით უმეტეს, რომ უმცროსი ძმა მყავდა და მასზე შეძლებისდაგვარად ვზრუნავდი. თუმცა, ზოგჯერ მასაც ვაბრაზებდი ხოლმე. მახსოვს, ჩემს ძმას 3-ბორბლიანი ველოსიპედი უყიდეს. ძალიან მინდოდა ამ ველოსიპედით გასეირნება და ასეთი რამ მოვიფიქრე: ჯეკო, მოდი ვითამაშოთ, ვითომ შენ ხარ პოლიციელი, მე კი მანქანის მძღოლი. შენ იდექი და გამაჩერე-მეთქი. აი, ესე უნამუსოდ ვატყუებდი (იცინის). ძმაზე შემიძლია, უსასრულოდ ვილაპარაკო. ის ძალიან მიყვარს. მართლაც, კარგი ადამიანია. ყველას უკვირს: როგორი ტკბილი დაძმობა გაქვთო..." - იხსენებდა ჯანეტი ერთ-ერთ ინტერვიუში.
საზოგადოება "მის საქართველოს" კონკურსიდან იცნობს, რომელშიც 2011 წელს გაიმარჯვა და დღემდე მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი "მის საქართველოა". კონკურსის დროს ჯანეტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
2013 წელს ჯანეტი "მის სამყაროზეც" წარმოადგენდა საქართველოს, თუმცა სასურველ წარმატებას ვერ მიაღწია.
სილამაზის კონკურსში გამარჯვებას, სამწუხაროდ, ჯანეტის ცხოვრებისეული ტრაგედია დაემთხვა, რამაც ეს დიდი სიხარული გააუფერულა. სწორედ კონკურსის დღეებში დაიღუპა ჯანეტის უმცროსი და.
"კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...
დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ, ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა", - იხსენებდა მოგვიანებით ჯანეტი, რომელიც ხშირად დადის დის საფლავზე, ოჯახის წევრებთან და უკვე - შვილებთან ერთად.
ჯანეტის კარიერაში იყო ასევე ეპიზოდი, როცა რუსულ შოუბიზნესში სცადა ძალები. მუსიკალურ შოუში მონაწილეობდა, რომელშიც ცნობილი ჯგუფ "ვია გრას" ახალ წევრებს ეძებდნენ. ჟიურის წევრები კონსტანტინე მელაძე და ალბინა ჯანაბაევა იყვნენ. ჯანეტმა რამდენიმე ეტაპი წარმატებით გადალახა, თუმცა შემდეგ თავად თქვა პროექტზე უარი სამოდელო კარიერის გამო - სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა მონაწილეობა "მის სამყაროზე".
2019 წლიდან ჯანეტი ნოე სულაბერიძის მეუღლეა და მასთან ერთად ორ ქალიშვილს ზრდის - ანნას და ლილის.
ჯანეტი დღესაც ერთ-ერთ ულამაზეს მოდელად მიიჩნევა და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიებში.