ამინდი მკვეთრად უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო ოქტომბრის გრძელვადიან პროგნოზსაც გვაწვდის - მშობლები

ამინდი მკვეთრად უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო ოქტომბრის გრძელვადიან პროგნოზსაც გვაწვდის

2025-10-09 12:48:16+04:00

დღეს საღამოდან დასავლეთ საქართველოში, ხვალ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა,ხათუნა ქოქოსაძემგვითხრა:

- დღეს საღამოდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ზოგან ძლიერი. 10 ოქტომბერს წვიმა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოვა და მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. ქარიც გაძლიერდება. ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის, თბილისში, ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. კახეთში ქარის სიჩქარე10-15 მ/წმ, შესაძლებელია, ზოგიერთ რაიონში 17-22 მ/წმ-მდე იყოს. ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში დღეს +24, +26 გრადუსამდეა, ხვალ კი +18, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღეს აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში ტემპერატურა +26, +27 გრადუსამდე მოიმატებს. ხვალ კი +17, +22 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

11 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ნალექების ინტენსივობა შესუსტდება, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კი გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში 12 ოქტომბრიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

ოქტომბერში ტემპერატურაც და ნალექებიც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე +16, +17 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +13, +15 გრადუსი. თბილისში თვის საშუალო ტემპერატურა +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.