"მასწავლებლებო, არ იჩქაროთ საანბანო პერიოდზე გადასვლა... ეს არის ძალიან დიდი პრობლემის სათავე.  მშობლების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ საანბანო პერიოდამდე, მინიმუმ, ორი თვე მაინც უნდა იყოს „გახარჯული“, რათა მათმა შვილებმა მზაობის მაქსიმუმი გამოავლინონ" - როლანდ ხოჯანაშვილი - მშობლები

"მასწავლებლებო, არ იჩქაროთ საანბანო პერიოდზე გადასვლა... ეს არის ძალიან დიდი პრობლემის სათავე.  მშობლების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ საანბანო პერიოდამდე, მინიმუმ, ორი თვე მაინც უნდა იყოს „გახარჯული“, რათა მათმა შვილებმა მზაობის მაქსიმუმი გამოავლინონ" - როლანდ ხოჯანაშვილი

2025-10-09 14:24:25+04:00

დღეს იშვიათად ნახავთ მშობელს, რომელიც კმაყოფილია შვილის მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა-განათლებით. ბოლო დროს პირველკლასელი მოსწავლის რეპეტიტორებთან მომზადებაც მასობრივი შემთხვევა გახდა. სწორედ პირველკლასელებს ეხება საკითხი, რომელიც სოციალურ ქსელში ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა, ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის საგნობრივმა ექსპერტმა როლანდ ხოჯანაშვილმა გააჟღერა.

"გუშინ წავიკითხე, რომ ზოგიერთ სკოლაში უკვე საანბანო პერიოდი დაუწყიათ... ჯერ ისედაც გადაივსო სკოლები ექვს წლამდე ასაკის ბავშვებით, მერე - ფონოლოგიური და სხვა წინმსწრები უნარების განვითარებაზე ზრუნვა ნაკლებია წერის აკადემიურ უნარზე? მასწავლებლებო, არ იჩქაროთ! მშობლებო, არ მოსთხოვოთ ნაადრევად საანბანო პერიოდზე გადასვლა სკოლებს ვიღაცის წამხედურობის გამო!" - წერს როლანდ ხოჯანაშვილი, რომელიც 213-ე და 114-ე საჯარო სკოლებში ასწავლის.

ვინაიდან თემა ძალიან საჭირბოროტო და მნიშვნელოვანია მოსწავლის სამომავლო წარმატებისთვის, ბატონ როლანდს ვთხოვეთ, უფრო ვრცელი განმარტება გაეკეთებინა და უკეთ აეხსნა წინასაანბანო პერიოდის მნიშვნელობა ჩვენი მკითხველისთვის:
"ბოლო პერიოდში კამათია იმაზე, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს წინასაანბანო პერიოდი. რატომღაც ზოგმა სკოლამ იზეიმა „ანბანის შემობრძანება“ ოქტომბრის დასაწყისშივე და არავის უთქვამს მკაფიოდ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემის სათავე. გასაგებია, მშობელთა მნიშვნელოვან ნაწილს ჰგონია, რომ მათი შვილები რაც უფრო მალე დაიწყებენ წერა-კითხვას, მით უკეთესია და დროს აღარ გააცდენენ რაღაც „უაზრო აქტივობებზე“. სკოლაში ჯერ ისედაც პატარა ასაკის ბავშვებს ვიღებთ, ზოგი მათგანი ჯერ არცაა ექვსი წლის, მაგრამ მშობელი მაინც ჩქარობს შვილის აკადემიური უნარების შესწავლის დაწყებას. ზოგჯერ ოჯახიდანვე მოჰყვებათ ბავშვებს მექანიცისტურად ათვისებული წერის, კითხვის თუ ანგარიშის შესაძლებლობა თუ უნარი - არ ვიცი, დაზუსტებით რა ვუწოდო იმას, როცა ბავშვი იზეპირებს მიმატება-გამოკლების მაგალითებს, ან წერს ტანჯვით რაღაც სიტყვებს...

აკადემიური უნარების (წერა, კითხვა, თხრობა, ანგარიში) ათვისებამდე, ახალ გარემოში მოხვედრილი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. პრეაკადემიურ უნარებზე (ტერმინი მთლიანად ვერ გამოხატავს თავის შინაარსს) აქცენტირება: შემეცნებითი უნარების (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება), კომუნიკაციური, ენისა და მეტყველების უნარების, სოციალურ-ემოციური კომპეტენციების, მოტორული უნარებისა (მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები) და ადაპტური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლობის უნარების განვითარება ან განვითარების ხელშეწყობა. ამ უნარებს ავითარებს/ხელს უწყობს წინასაანბანო პერიოდში სწორად დაგეგმილი სასწავლო სტრატეგიები და აქტივობები.

ჩემი რჩევაა, რომ სკოლებმა მშობლებს აუხსნან პოპულარული ენით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რამდენად მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის. უმეტეს შემთხვევაში, კოგნიტური უნარების განვითარება საოჯახო პირობებში ვერ მოხერხდება, რადგან ამის კომპეტენცია მშობელს იშვიათად გააჩნია. ამის გარდა, სასკოლო რუტინის პირობებში, პრეაკადემიური უნარების გავითარებისთვის საჭიროა სისტემურობა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე ოჯახურ გარემოში.

მშობლების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ საანბანო პერიოდამდე, მინიმუმ, ორი თვე მაინც უნდა იყოს „გახარჯული“, რათა მათმა შვილებმა მზაობის მაქსიმუმი გამოავლინონ.

სამწუხაროა, რომ დღეს მშობელთა ნაწილი სკოლასთან არ თანამშრომლობს და მხოლოდ პრეტენზია აქვს სისტემის წინაშე. როგორ უნდა მიაღწიოს მასწავლებელმა შედეგებს, როცა მოსწავლის დასწრება არარეგულარულია? ერთსაც ვიტყვი გულდაწყვეტით, მშობლებამდე ინფორმაციის სწორად მისატანად მასწავლებელი და სკოლა შიშველი ხელებით დარჩა. ქართულ მედიასივრცეში არცაა განათლებაზე აქცენტირება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ მედიასაშუალებასა და უკონტროლო სოციალურ სივრცეს, სადაც ხშირად არასწორი ინფორმაცია იწერება. ამ არასწორი ინფორმაციის გამო კიდევ უფრო ღრმავდება უფსკრული სასკოლო საზოგადოების ორ ნაწილს, მშობელსა და მასწავლებელს, შორის. ამით კი ზარალდება ყველა, განსაკუთრებით კი - ბავშვი.

სკოლა და სასკოლო საზოგადოება სრულად ჰარმონიზებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების განხორციელებისთვის. პოლარიზება მშობელსა და სკოლას შორის გამოუსწორებელ შედეგებამდეც მიგვიყვანს ზოგჯერ".

დედა ენის შექმნის იდეამ ბევრი ადამიანი აღაშფოთა. იაკობ გოგებაშვილი სასწავლებლიდანაც გააგდეს - როგორ შეიქმნა დედა ენა
კითხვის დაწყება ასოების შესწავლით, მავნებელია ყმაწვილისთვის - რას წერდა იაკობ გოგებაშვილი კითხვის სწავლების მეთოდებზე