"პირველ ცოლსაც სცემდა და მცირეწლოვან ქალიშვილსაც... მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ექიმები მარჯვენას გადარჩენას ცდილობენ" - რას ჰყვებიან იმ კაცის მეზობლები, რომელმაც ორსული ცოლი ჩანგლით დაჭრა - მშობლები

"პირველ ცოლსაც სცემდა და მცირეწლოვან ქალიშვილსაც... მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ექიმები მარჯვენას გადარჩენას ცდილობენ" - რას ჰყვებიან იმ კაცის მეზობლები, რომელმაც ორსული ცოლი ჩანგლით დაჭრა

2025-10-10 00:44:53+04:00

საბერძნეთში მომხდარმა შემზარავმა დანაშაულმა, რომლის დროსაც ქართველმა მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლი ჩანგლით დაჭრა, საზოგადოება შეძრა. შემთხვევა ათენთან ახლოს მოხდა. თავდამსხმელი – 43 წლის საქართველოს მოქალაქე – პოლიციამ დააკავა.

ბერძნული მედიის ცნობით, დაზარალებული 39 წლის ქალი ამჟამად საავადმყოფო „Αττικόν“-ში მკურნალობს. ერთ-ერთი ექიმი, რომელიც დაზარალებულს მკურნალობს, Live News-ის ეთერში ამბობს: „30 წელია საავადმყოფოებში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არასოდეს მინახავს. ალბათ მოკვლა უნდოდა… რომ გადარჩა, სასწაულია“.

დაშავებულმა ქალმა ღამით მეგობარს დაურეკა და შველა ითხოვა. "ტელეფონში ყვიროდა, მიშველეთო. მაშინვე წავედი. როცა მივედი, სისხლი ჰქონდა, სახეზე და ტანსაცმელზე, ძალიან შემეშინდა. სასწრაფო დახმარება მე გამოვიძახე. ის კაცი უკვე გაქცეული იყო.“ - ამბობს დაზარალებულის მეგობარი. დაშავებული დილის სამი საათისთვის მიიყვანეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში, სადაც ექიმები შოკში ჩაცვივდნენ მისი მდგომარეობით. ქალი იმდენად იყო ნაცემი და ჩანგლით დაზიანებული, რომ ოპერაცია დასჭირდა თვალების გადასარჩენად. ამჟამად მარცხენა თვალით თითქმის ვეღარ ხედავს, ხოლო ექიმები მარჯვენას გადარჩენისთვის იბრძვიან.

ექიმებმა დაუყოვნებლივ შეატყობინეს პოლიციას, რომელმაც მასშტაბური ძებნა დაიწყო თავდამსხმელის დასაკავებლად. დაშავებული ქალის მეგობარი დილის ხუთ საათზე მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ჩვენება მისცა.

მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, რომ ქალი კაცთან ერთად შიშის გამო ცხოვრობდა. : „პირველ ცოლთანაც ჩხუბობდა, სცემდა, სანამ არ გაიქცა სახლიდან. მერე ეს გოგო იპოვა, რომელიც ახლა ჩანგლით დაჭრა. უკვე ერთი წელია, ერთად არიან. ეს გოგო ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მას ეშინოდა. უბრალოდ ეშინოდა და ამიტომაც რჩებოდა მასთან. ეს კაცი საშიშია, უკვე 15 წელია ამ უბანში შიშის და ტერორის ატმოსფეროს ქმნის. ყველას ეჩხუბება, სულ სვამს, მუდამ მთვრალია, ათზე მეტჯერ აქვს ავარია მომხდარი. რამდენჯერმე დააკავეს, მერე ისევ გამოუშვეს.“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

„პირველი ცოლი ძლივს გადაურჩა. მასაც სცემდა, ასევე საკუთარ პატარა ქალიშვილსაც. ცოლი იძულებული გახდა სახლიდან გაქცეულიყო“ – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

ბერძნული Live News-ის ინფორმაციით, 43 წლის ქართველს კრიმინალური წარსული აქვს. ის რამდენჯერმე სხვადასხვა დანაშაულის გამო მისცეს პასუხისგებაში. მისი დანაშაულების სია მოიცავს ოჯახურ ძალადობას, სხვისი ქონების დაზიანებას, მოტოციკლების ქურდობას, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას და არასრულწლოვანი შვილის სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებას.

video-1024x764-1760043547.jpg

მეზობელი, რომელიც პირველ ცოლსაც იცნობს, ამბობს: „პირველ ცოლს ძალიან კარგად ვიცნობ. პატარა გოგონასაც ვიცნობ, რომელსაც ის სცემდა. გოგოს სკოლაშიც კი ეძინებოდა, იმდენად იყო გადაღლილი. ბოლოს დედამ ვეღარ გაუძლო, შვილი წამოიყვანა სახლიდან და საქართველოში, ბებიასთან გაგზავნა... ოთხი თვის წინ ოთხ მანქანას დაეჯახა და თავისი მანქანა მთლიანად დაამტვრია. დედამისი ამერიკაშია და ყოველ თვე ფულს უგზავნის. მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე აგია პარასკევში ორი–სამი თვე, შემდეგ დააკავეს, თითქოს ძარცვა ჩაიდინა, მაგრამ მალევე გამოუშვეს. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვეღარ ჩამოვთვლი.“

ამ დროისთვის დაზარალებული 39 წლის ქართველი ქალი მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია. ექიმები იბრძვიან მისი მხედველობის შესანარჩუნებლად, ხოლო პოლიცია აგრძელებს გამოძიებას და ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს მრავალპუნქტიანი ბრალდებით — ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ძალადობა ორსულზე. ბერძნული მედიის შეფასებით, შემთხვევა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ოჯახური ძალადობის შემთხვევაა საბერძნეთში.

წყარო