ნარკოზის შიში - რატომ არის თანამედროვე ანესთეზია უსაფრთხო? - "თოდუას კლინიკის" ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ ხაჩიაშვილი - მშობლები

ნარკოზის შიში - რატომ არის თანამედროვე ანესთეზია უსაფრთხო? - "თოდუას კლინიკის" ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ ხაჩიაშვილი

2025-10-10 16:42:45+04:00

"თოდუას კლინიკის" ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ ხაჩიაშვილი:

ოპერაციის დილას ყველაზე ხშირი კითხვები, რომელსაც პაციენტი საოპერაციო ბლოკის კარის კვეთას სვამს — ანესთეზიის შემდგომ გამოღვიძების შიშს უკავშირდება. ეს ძალიან ბევრ პაციენტს აწუხებს. დღეს ანესთეზია, იგივე ნარკოზი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კონტროლირებადი სამედიცინო პროცედურაა.

პაციენტთა ნაწილისთვის ოპერაციამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში , რომ ისევ ანესთეზიასთან არის დაკავშირებული ხშირად ცნობიერების ნაკლებობას უკავშირდება. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენა,რომ პაციენტმა ოპერაციის შემდეგ შესაძლოა ვეღარ გაიღვიძოს. სინამდვილეში თანამედროვე ტექნოლოგიამ, მედიკამენტებმა და ანესთეზიოლოგების გამოცდილებამ ეს შიში პრაქტიკულად უსაფუძვლოდ აქცია.

როგორ აფასებს მედიცინა დღეს ანესთეზიის უსაფრთხოებას?

თანამედროვე ანესთეზია უკვე აღარ არის ის, რაც ბევრს წარსულში ახსოვს. ტექნოლოგია და მედიცინა რადიკალურად შეიცვალა. სერიოზული გართულების ალბათობა უკიდურესად დაბალია — დაახლოებით ერთი შემთხვევა 200 000-დან. შედარებისთვის, უფრო მაღალია გზაზე ავტომანქანით ავარიაში მოხვედრის შანსი.

სპეციალური აპარატურა და მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები გვაძლევს საშუალებას, წამობრივად ვაკონტროლოთ ტვინის აქტივობა, ჟანგბადის დონე სისხლში, გულის რიტმი და სხვა სასიცოცხლო პარამეტრები, მათ შორის ისიც, თუ რაოდენ ღრმად გძინავთ. უმცირესი ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში გუნდი დაუყოვნებლივ რეაგირებს.

რას უკავშირდება ის შიშები, რომელიც საზოგადოებაშია გავრცელებული?

ანესთეზიის შიში ხშირად არასწორი ინფორმაციისა და წარსულში არსებული გამოცდილებისგან გამომდინარეობს. 90-იან წლებში, ანუ 30-35 წლის წინ, როდესაც მონიტორინგის სისტემები და მედიკამენტები არ გახლდათ განვითარებული, ანესთეზიის გამო გამოწვეული გართულებების რისკი იყო ერთი შემთხვევა 5 000 - 10 000 პროცედურაზე. თანამედროვე აღჭურვილობის, უახლესი მედიკამენტებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარების წყალობით, დღეს ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

წარმოიდგინეთ განსხვავება იმ დროინდელ ტელეფონსა და თანამედროვე სმარტფონს შორის — თითქმის ასეთივე ნახტომია ძველ და თანამედროვე ანესთეზიას შორის.

90-იან წლებში საქართველოში მონიტორინგის სისტემები თუ შეზღუდული იყო, თოდუას კლინიკა დღეს იყენებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის უახლეს ტექნოლოგიებს.

როგორია ანესთეზიის გამოყენების ეტაპები და რას ემსახურება ?

ანესთეზია არის სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური მედიკამენტების დახმარებით ხდება მგრძნობელობის, ტკივილის შეგრძნების დროებითი და კონტროლირებადი გათიშვა. მისი მთავარი მიზანია, რომ ქირურგიული ოპერაციის ან სხვა უსიამოვნო პროცედურის დროს პაციენტმა არაფერი იგრძნოს და იყოს სრულიად კომფორტულად.

არსებობს რამდენიმე ტიპი:

  • ადგილობრივი ანესთეზია: სხეულის მხოლოდ მცირე ნაწილის გაუტკივარება (მაგალითად, კბილის ან კანის მცირე უბნის).
  • რეგიონული ანესთეზია (სპინალური, ეპიდურული): სხეულის დიდი ნაწილის გაუტკივარება (მაგ: წელს ქვემოთ). ამ დროს პაციენტი გონზეა, მაგრამ გაუტკივარებულ ნაწილს ვერ გრძნობს (ხშირად გამოიყენება მშობიარობისას).
  • რეგიონული ანესთეზია (პერიფერიული ნერვების ბლოკადა): ამ დროს შესაძლებელია, ექოსკოპიის კონტროლით ცალკეული ნერვის გათიშვა. მაგალითად, ხელზე ოპერაციის დროს ვთიშავთ მხოლოდ ხელს.

რეგიონული ანესთეზიისას შესაძლებელია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ხანმოკლე ინტრავენური სედაციის (ძილი) ჩატარება. ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური ძილი ჰგავს ფიზიოლოგიურს (პაციენტი სუნთქავს თავისით).

  • პროცედურული სედაცია: ამ დროს პაციენტს სძინავს და არ აქვს უსიამოვნო შეგრძნებები. მაგალითად, გასტროსკოპიისას ვერ გრძნობს „ზონდის გადაყლაპვის“ პროცესს, იღვიძებს სასიამოვნოდ გამოძინებული.
  • ზოგადი ანესთეზია (ნარკოზი): მთელი სხეულის გაუტკივარება და დროებით „დაძინება“.

ანესთეზიის ტიპის არჩევა დამოკიდებულია ოპერაციის სახეზე, ხანგრძლივობასა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ანესთეზიოლოგი მთელი ოპერაციის პერიოდში პაციენტის გვერდითაა და აკონტროლებს ყველა პროცესს.

როგორ ემზადება ანესთეზიოლოგი ოპერაციისთვის?

პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იწყება ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე. ანესთეზიოლოგი თითოეულ პაციენტზე ამზადებს ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • წინასაოპერაციო კონსულტაცია – პირველი შეხვედრა, ანესთეზიის ტიპის გაცნობა, პაციენტის მიერ დასმული კითხვების განხილვა.
  • ანამნეზის შესწავლა – ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტები, წინა ოპერაციები და ალერგიები.
  • ფიზიკური შეფასება და კვლევების ანალიზი – საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული ტესტების შეფასება.
  • მდგომარეობის ოპტიმიზაცია – თუ კვლევის პროცესში გამოვლინდა ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის შესახებაც პაციენტმა არ იცოდა, ოპერაციამდე ხდება ამ პრობლემის მოგვარება.
  • ანესთეზიის გეგმის შემუშავება – ოპერაციის სირთულის, ხანგრძლივობისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

რა ეტაპებს გადის პაციენტი ოპერაციამდე და შემდეგ?

  • წინასაოპერაციო მომზადება პალატაში (პაციენტი იცვამს საოპერაციო სივრცისთვის განკუთვნილ სპეციალურ ხალათს, ექთანი პერიფერიული ვენაში დგამს კათეტერს, (ინფორმირებულ თანხმობაზე ხელის მოწერა; საჭიროებისამებრ პრემედიკაცია- მაგალითად შფოთვისა და შიშის მოსახსნელად დამამშვიდებელი მედიკამენტის ადმინისტრირება,)
  • საოპერაციო ბლოკში გასვლა
  • ანესთეზიის დაწყება, ოპერაცია
  • ანესთეზიის დასრულება და პაციენტის გაღვიძება (ძირითადად ხდება საოპერაციოში, ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის. ხშირად პაციენტები აღნიშნავენ რომ სასიამოვნოდ ეძინათ, შესაძლოა ჰქონდეთ შეგრძნება თითქოს ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა)

რას ურჩევდით პაციენტებს, ვინც ანესთეზიით ოპერაციის გასაკეთებლად ემზადება ?

შიში ბუნებრივი ემოციაა, მაგრამ არსებობს მარტივი გზები მის შესამსუბუქებლად:

  • მიიღეთ ინფორმაცია თქვენი ანესთეზიოლოგისგან და არა ინტერნეტიდან.
  • დასვით ყველა კითხვა, თუნდაც უმნიშვნელო — პასუხები შიშს ამცირებს.
  • თუ ნერვიულობთ, უთხარით ანესთეზიოლოგს — ის დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში

პაციენტსა და ექიმს შორის გულწრფელი კომუნიკაცია და ნდობა წარმატებული ოპერაციის მთავარი წინაპირობაა. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებით, ანესთეზიოლოგი უსაფრთხოდ შეძლებს პროცედურის მორგებას თქვენს საჭიროებებზე.

R