59 წლის სალმა ჰაიეკი მართლაც საოცარ ფორმაშია. მისი მორიგი ვიდეო, სადაც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ცეკვავს, ჰიტად იქცა. მუდამ პოზიტიური სელმა ბევრისთვის სამაგალითოა, განსაკუთრებით კი თანამემამულეების - მექსიკელებისთვის, რადგან ძალიან ბევრ რამეს მიაღწია ამერიკაში. სამსახიობო კარიერის განმავლობაში 30-ზე მეტ ფილმში გამოჩნდა. პირველი მექსიკელი ქალია, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში (2003). ისტორიაში ოთხი ლათინოამერიკელი მსახიობიდან მეორეა, ფერნანდა მონტენეგროს შემდეგ, რომელიც ნომინირებული იყო ჯილდოზე. ასევე სამაგალითოა ზოგადად ქალებისთვის, რადგან ამ ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება.
სალმა ჰაიეკის სრული სახელია სალმა ვალგარმა ჰაიეკ ხიმენესი. 1966 წლის 2 სექტემბერს დაიბადა კოაცაკოალკოსში, ვერაკრუსში (მექსიკა). ის ესპანური წარმოშობის ოპერის მომღერლის, დიანა ხიმენეს მედინას და ლიბანში დაბადებული ნავთობკომპანიის აღმასრულებლის, სამი ჰაიეკ დომინგესის ქალიშვილია. მამამისი ერთ დროს კოაცაკოალკოსის მერის პოსტზეც იყრიდა კენჭს და სალმას ოჯახი საკმაოდ პოპულარული და წარჩინებული იყო მექსიკაში.
მისი სახელი, სალმა (წარმოშობილია მამრობითი სახელიდან სალიმ) მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „სალიმა“, რაც ნიშნავს „მშვიდობას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას“.
თორმეტი წლის ლუიზიანას შტატში, გოგონებისთვის განკუთვნილ კათოლიკურ პანსიონში გაგზავნეს სასწავლებლად. იქ ყოფნისას პედაგოგებმა დისლექსია დაუდგინეს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, გოგონას არ მოსწონდა ოჯახისგან ასე შორს ყოფნა და ცუდად მოქცევაც დაიწყო.ქცევითი პრობლემების გამო სკოლის მიტოვებაც მოუწია და ცოტა ხნით მექსიკაში დაბრუნდა. თუმცა მალევე ჰიუსტონში გაამწესეს, სადაც 17 წლამდე დეიდასთან ცხოვრობდა.
შემდეგ მეხიკოს იბეროამერიკულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა.
სალმა ყვება, რომ მსახიობობის გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც კინოთეატრებში ფილმი „ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა“ ნახა.
23 წლისამ მიიღო მთავარი როლი წარმატებულ მექსიკურ ტელენოველაში „ტერეზა“ (1989), რამაც მას ეროვნული ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა. მოგვიანებით, 1994 წელს, ითამაშა ფილმში „სასწაულებრივი გასეირნება“, რომელმაც მექსიკური კინოს ისტორიაში ნებისმიერ სხვა ფილმზე მეტი ჯილდო მოიპოვა. მისი შესრულებისთვის მექსიკურ კინოჯილდოზე, „არიელზეც" წარადგინეს.
მსახიობი ამერიკაში „არალეგალი იმიგრანტის სახით“ ჩავიდა. მის გულშემატკივრებს შორის ვრცელდებოდა ჭორები, რომ მან მექსიკა ქვეყნის პრეზიდენტთან საიდუმლო რომანის გამო დატოვა (მისი ცოლის რისხვის თავიდან ასაცილებლად). დისლექსიის გამო ინგლისური ენის ცუდი ცოდნის მიუხედავად, 1991 წელს ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სტელა ადლერთან სამსახიობო ხელოვნება შეესწავლა. რობერტ როდრიგესმა და მისმა პროდიუსერმა ელიზაბეტ აველანმა, უცხო გარეგნობის და მექსიკური აქცენტის მქონე სალმა მალე შეამჩნიეს და მიიწვიეს ანტონიო ბანდერასთან ერთად სათამაშოდ ფილმში „სასოწარკვეთა“ („Desperado“), რომელიც 1995 წელს გამოვიდა. ფილმმა მსახიობს გარკვეული პოპულარობა მოუტანა შეერთებულ შტატებში და ჰოლივუდური სტუდიების ყურადღება მიიპყრო.
სხვათა შორის, რეჟისორის ერთგულმა სალმა, როდრიგესის მიერ პროექტის დატოვების შემდეგ, უარი თქვა „ზოროს ნიღაბში“ მონაწილეობის შეთავაზებაზე და როლი კეტრინ ზეტა-ჯონსს ერგო...
შემდეგ სალმამ მეთიუ პერისთან ერთად ითამაშა რომანტიკულ კომედიაში „Haste Makes Sense“ და კიდევ ბევრი წარმატებული პროექტი. 2000 წელს კი სალმამ დააარსა საპროდიუსერო კომპანია Ventanarosa და დაიწყო ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების წარმოება. ამ სფეროში მისი პირველი ნაბიჯი იყო ფილმი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, რომელიც მექსიკის სახელით წარადგინეს "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
2002 წელს გამოვიდა ფილმი „ფრიდა“, რომელშიც სალმა იყო თანაპროდიუსერი და ასევე მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს როლის შემსრულებელი, რისთვისაც წარადგინეს "ოსკარზე" საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.
2006 წლის სექტემბერში სალმა ჰაიეკი გახდა სატელევიზიო სერიალ „უშნო ბეტის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელიც საერთაშორისო ტელევიზიებში 2006 წლიდან 2010 წლამდე გადიოდა. ჰაიეკი „უშნო ბეტში“ ჟურნალის რედაქტორის, სოფია რეიესის როლში გამოჩნდა. მას ასევე ჰქონდა ეპიზოდური როლი, როგორც მსახიობს შოუს ტელენოველაში. 2007 წელს სერიალმა მოიპოვა "ოქროს გლობუსის" ჯილდო საუკეთესო კომედიური სერიალისთვის. სოფიას როლმა კი ჰაიეკს ემის ნომინაცია მოუტანა.
ყველაფერში წარმატებული სალმა, ქორწინებაშიც ასეთი აღმოჩნდა. 2007 წლის მარტში დაადასტურა, რომ ფრანგ მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინოზე დაინიშნა და ორსულადაც იყო. 2007 წლის 21 სექტემბერს წყვილს ლოს-ანჯელესში ქალიშვილი შეეძინა. გოგონას ვალენტინა პალომა პინო დაარქვეს. 2009 წლის 14 თებერვალს იქორწინა წყვილმა და დღემდე საკმაოდ მყარი ოჯახი აქვთ.
სალმა ქველმოქმედებითაც გამოირჩევა და მეუღლესთან ერთად ხშირად მონაწილეობს საკმაოდ გულუხვ აქციებში. მაგალითად, 2019 წელს პინოს ოჯახმა 113 მილიონი დოლარი გამოყო პარიზში დამწვარი ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის. სალმას პირადი ქველმოქმედება მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობისა და იმიგრანტების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2005 წლის 19 ივლისს მსახიობი აშშ-ის სენატის სასამართლო კომიტეტზე გამოვიდა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონის გადახედვის მხარდასაჭერად. 2006 წლის თებერვალში 25 000 დოლარი შესწირა მექსიკის თავშესაფარს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კიდევ 50 000 დოლარი მონტერეიში დაფუძნებულ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებს.
რაც შეეხება ახალგაზრდულ გარეგნობას, სალმა ამბობს, რომ ეს ბევრი პოზიტივის, ვარჯიშის და სწორი კვების დამსახურებაა.