56 წლის ჯენიფერ ენისტონმა გულწრფელად აღიარა, რომ განსაკუთრებით უნდოდა, დედობა გამოეცადა, თუმცა წლების განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, მსახიობმა ოცნების ასრულება ვერ შეძლო. მისი თქმით, ეს გზა განსაცდელებითა და იმედგაცრუებებით იყო სავსე.
მთელი კარიერის განმავლობაში, ჯენიფერ ენისტონს უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა. მათი თქმით, მსახიობმა დედობაზე უარი კარიერის გამო თქვა. მეტიც, მსახიობს "ეგოისტს" უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ პასუხისმგებლობას გაურბოდა. თუმცა, სინამდვილეში, როგორც ჯენიფერ ენისტონი ამბობს, ბევრი იბრძოლა, რომ დედა გამხდარიყო. ახლაც მსახიობმა გადაწყვიტა, ამ თემასთან დაკავშირებით ყველა მითი კიდევ ერთხელ გაექარწყლებინა.
"არავინ იცის ჩემი ისტორია, არავინ იცის, რა გადავიტანე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოჯახის შესაქმნელად. არ ვარ მზად ამაზე სასაუბროდ ან ჩემი სამედიცინო ჩანაწერების საჩვენებლად. ეს არავის საქმე არ არის. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც, გინდა, შეწყვიტო იმის მოსმენა, რომ, თითქოს, მე ეგოისტი და კარიერისტი ვარ." - თქვა ჯენიფერმა ბრიტანულ Harper's Bazaar-თან ინტერვიუში.
ენისტონი აღნიშნავს, რომ ადამიანების კრიტიკა ამ თემასთან დაკავშირებით მისთვის განსაკუთრებით ემოციურია:
"ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ. ამიტომ, ვფიქრობდი: "რა ჯანდაბა ხდება?"
მსახიობმა წლების წინ ისიც აღნიშნა, რომ ინვიტრო განაყოფიერების რამდენიმე პროცედურა ჩაიტარა, თუმცა უშედეგოდ. ჯენიფერ ენისტონი ამბობს იმასაც, რომ ნანობს, ახალგაზრდობაში კვერცხუჯრედი რომ არ გაყინა.
აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ენისტონი 2000 წელს ბრედ პიტზე დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს 2005 წელს დაშორდა. ქორწინების პერიოდში, ჯენიფერ ენისტონს მუცელი ორჯერ მოეშალა. ენისტონის თქმით, ეს მისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო და დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა. პიტთან დაშორებამ კი მდგომარეობა კიდევ მეტად გაამწვავა. ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონთან დაშორების შემდეგ, ურთიერთობა ანჯელინა ჯოლისთან დაიწყო.
"ხალხი მხოლოდ წითელ ხალიჩას, ჟურნალების პრიალა გარეკანებსა და სატელევიზიო შოუებს ხედავს, სადაც ჩვენ ვიცინით. თუმცა, ამ სიცილის მიღმა ხშირად იმალება ტკივილი, რომლის დანახვაც არავის სურს", - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ენისტონის პრობლემას ისიც ამძიმებდა, რომ მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. როგორც მსახიობი ამბობს, ახლობლებიც კი ხშირად უტაქტო შეკითხვებს უსვამდნენ და ინტერესდებოდნენ, როდის ეყოლებოდა შვილი.
ჯენიფერ ენისტონი ამბობს, რომ ამ ყველაფერთან გასამკლავებლად ფსიქოთერაპევტის დახმარებაც კი დასჭირდა. ახლა მსახიობი ცდილობს, საკითხს, რომელიც მისთვის მტკივნეულია, უფრო მშვიდად შეხედოს.
ენისტონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ქორწინება ნამდვილი სიყვარულის წინაპირობა არ არის. ის დარწმუნებულია, რომ ძლიერი კავშირის აშენება ოფიციალური დოკუმენტების გარეშეც შეიძლება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მსახიობმა ახალი ურთიერთობა იპოვა. როგორც ცნობილია, ახლა ენისტონი 49 წლის ქოუჩსა და ჰიპნოთერაპევტს, ჯიმ კერტისს ხვდება. ინსაიდერების თქმით, ისინი ერთად თავს შესანიშნავად გრძნობენ. როგორც ცნობილია, ჯენიფერი და ჯიმი ერთმანეთის მეგობრებსა და ახლობლებსაც კარგად იცნობენ და ურთიერთობის განვითარებას ცდილობენ.
გარდა ამისა, ჯიმ კერტისი, როგორც ქოუჩი, ჯენიფერ ენისტონს თვითკრიტიკის დაძლევაში ეხმარება და საკუთარი მიღწევების დაფასებას ასწავლის. ცოტახნის წინ კერტისი ჯენიფერის ბრენდის - " LolaVie" პრეზენტაციაზეც იმყოფებოდა. ისინი ოფიციალურად ერთად კამერების წინ არ გამოჩენილან, თუმცა პაპარაცებმა კერტისი პრეზენტაციაზე მაინც დააფიქსირეს.