მას ყველაზე ცნობილი რეჟისორები და მსახიობები ეტრფოდნენ, მაგრამ არ უნდოდა არაფრის დათმობა და არ გათხოვდა... 50 წლისამ კი ორი ბავშვი იშვილა და აღზარდა - ლეგენდარული დაიან კიტონის ცხოვრების გზა - მშობლები

მას ყველაზე ცნობილი რეჟისორები და მსახიობები ეტრფოდნენ, მაგრამ არ უნდოდა არაფრის დათმობა და არ გათხოვდა... 50 წლისამ კი ორი ბავშვი იშვილა და აღზარდა - ლეგენდარული დაიან კიტონის ცხოვრების გზა

2025-10-13 12:57:22+04:00

79 წლის ასაკში ლეგენდარული მსახიობი, დაიან კიტონი გარდაიცვალა. ის კინოინდუსტრიაში საკუთარ წესებს კარნახობდა, სტანდარტული, ვარსკვლავის ცხოვრებით ცხოვრება არ მოსწონდა, სოციალურ ღონისძიებებსა და წითელ ხალიჩებს ხშირად ბოიკოტს უცხადებდა და ეკრანს მიღმა, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ცნობილ ქალს ახალგაზრდობის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება სურს, დაიან კიტონი ბუნებრივ დაბერებას ირჩევდა, პლასტიკურ ქირურგიაზე უარს ამბობდა და ისე ცხოვრობდა, როგორც თავად სურდა. სცენარებიდან მხოლოდ იმას ირჩევდა, რაც თავად მოსწონდა. ეკრანზე კი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა. რამდენიმე გახმაურებული რომანის მიუხედავად, კიტონი არასოდეს დაქორწინებულა. მისი თქმით, ქორწინება კომპრომისებზე წასვლას გულისხმობს, თავად კი მზად არ იყო, რომ დათმობებზე წასულიყო.

daian-kitoni-1-1760346225.jpg
დაიან კიტონი

ბოლო წლებში დაიან კიტონი ფილმებში აქტიურად აღარ მონაწილეობდა. თუმცა, 2016 წელს ის ფილმში "ახალგაზრდა პაპი" გადაიღეს, სადაც მერის როლს ასრულებს. საინტერესოა, რომ კარიერის დასაწყისში ის დრამებს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ 2000-იანი წლების შემდეგ რომანტიკულ კომედიებში უფრო ხშირად გამოჩნდა.

daian-kitoni-3-1760346253.jpg
დაიან კიტონი ფილმში "ახალგაზრდა პაპი"

...2025 წლის 11 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი ბიოგრაფია არაერთ წარმატებას, აღიარებას, გამორჩეულ ამბავსა და ისტორიას აერთიანებს და ფილმებს, რომლებშიც მონაწილეობდა, დღემდე უამრავი მაყურებელი ჰყავს.

დაიან კიტონი 1946 წლის 5 იანვარს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. ჰოლივუდში ბრწყინვალე კარიერის აშენების შემდეგაც კი, ბევრმა რეჟისორმა აღნიშნა, რომ მისი წარმატების საიდუმლო გარდასახვის საოცარ უნარში იყო. მას, თუნდაც ერთ როლში, შეეძლო, აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ყოფილიყო. ეს დუალიზმი დაიან კიტონს რეალურ ცხოვრებაშიც ახასიათებდა და როგორც ამბობდნენ, მსგავსი ხასიათი აღზრდის სტილმა ჩამოუყალიბა.

daian-kitoni-4-1760346282.jpg
დაიან კიტონი ბავშვობაში

კიტონის მამა ინჟინერ-მშენებელი იყო. მაგრამ, ის ყოველთვის თვლიდა, რომ საზოგადოებაში გაცილებით მაღალ თანამდებობას იმსახურებდა. მსახიობი იხსენებდა, რომ მამა მუდმივად თვითგანვითარებით იყო დაკავებული, სამოტივაციო წიგნებს კითხულობდა, სხვადასხვა კურსსა და სემინარს აქტიურად ესწრებოდა და ოჯახსაც მაღალ სტანდარტებს უყენებდა. მისი ცოლი იდეალური დიასახლისი უნდა ყოფილიყო, რომელსაც არც საჭმელი უნდა დასწვოდა და არც თაროზე მტვერი დარჩენოდა შეუმჩნეველი... დაიან კიტონს კი ცუდი შეფასებების მიღება არ შეეძლო. ის მუდმივად ყველაფერში მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო. როგორც მსახიობი იხსენებდა, მამისგან არაერთი კრიტიკა მოუსმენია. მისი თქმით, მამამ მხოლოდ ერთხელ შეაქო, როდესაც მიუზიკლში ისე იმღერა, რომ მასაც კი ცრემლები წამოუვიდა.

daian-kitoni-2-1760346309.jpg
დაიან კიტონი

მამის მხრიდან მუდმივი წნეხისა და ყველაფრის იდეალურად გაკეთების მოთხოვნის გამო, დაიან კიტონი მუდმივად დაბალი თვითშეფასებით იტანჯებოდა. თუმცა, მომავალ მსახიობს სჯეროდა, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა. დაიან კიტონს დედა მხარს განსაკუთრებით უჭერდა. ქალი მსახიობობაზე თავად ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნების ასრულება ვერ შეძლო. მაგრამ, შესანიშნავი ფოტოგრაფი იყო და ოჯახთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დღეებსა და მოვლენებს კადრებზე აღბეჭდავდა. ქალიშვილს კი ნებისმიერ თავგადასავალში მოტივაციას აძლევდა და არწმუნებდა, რომ აუცილებლად გამოუვიდოდა ის, რაც სურდა.

ratio4x3-1920-1760347951.jpg

daian-kitoni-13-1760346347.jpg
დაიან კიტონი

დაიან კიტონის პირველი ჰობი მუსიკალური ჩანაწერების შეგროვება იყო. ის არა მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა პერიოდის პოპულარულ შემსრულებლებს უსმენდა, არამედ შესანიშნავად მღეროდა. იმ დროს მისი ფავორიტები ჯუდი გარლენდი და დორის დეი იყვნენ. დაიან კიტონი მალევე სკოლის გუნდს შეუერთდა და მიუზიკლში მიიღო მონაწილეობდა. სცენაზე წარმოდგენის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, მან სამსახიობო გაკვეთილების გავლა დაიწყო. დამთავრების შემდეგ, ერთი წელი ლოს-ანჯელესის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობდა, ამ გაკვეთილებზე მხოლოდ თეორია განიხილებოდა და პრაქტიკულად რაღაცების შესწავლისა და განხორციელების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

daian-kitoni-14-1760346389.jpg
დაიან კიტონი

ერთ-ერთმა მასწავლებელმა დაიანს ნიუ-იორკში არსებული კოლეჯი ურჩია. მომავალი მსახიობი კოლეჯში სასწავლებლად წავიდა, თუმცა იმისათვის, რომ პატარა ბინის გადასახადი გადაეხადა, ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა. ეს მსხვერპლი ნამდვილად ღირდა. 1968 წელს დაიან კიტონმა ბროდვეიზე დებიუტი შეასრულა როკ-ოპერაში "თმები", ხოლო ერთი წლის შემდეგ ის პიესის "ისევ ითამაშე, სემ!" კასტინგზე გავიდა. რეჟისორი ვუდი ალენი იყო.

daian-kitoni-5-1760346431.jpg
დაიაკ კიტონი და ვუდი ალენი

სპექტაკლმა ბროდვეიზე დიდი წარმატება მოიპოვა. დაიან კიტონმა საოცარი შესრულებისთვის "ტონის" პრემია მოიპოვა და მოგვიანებით ვუდი ალენის ამავე სახელწოდების ფილმში მიიღო მონაწილეობა. მაშინ დაიან კიტონი წარმატებით ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო, თუმცა მომდევნო წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. თითქოს, ყველა შესაძლებლობა გაქრა. ახალ როლს არავინ სთავაზობდა და წარმატებით გამოწვეული ბედნიერებაც ნელ-ნელა ქრებოდა. კიტონი თვლიდა, რომ ასე მისი გარეგნობის გამო ხდებოდა. მსახიობს საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა და პლასტიკურ ოპერაციაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ მაშინ მას ამისთვის საკმარისი ფინანსები არ ჰქონდა...

გარდა ამისა, დაიან კიტონი საკუთარ თავს "ძალიან მსუქან" ადამიანად თვლიდა. დიეტებით იტანჯებოდა, მოგვიანებით კი ჭამა საერთოდ შეწყვიტა და ბულიმია განუვითარდა. სრული სასოწარკვეთისა და უიმედობის დროს, დაიან კიტონის ცხოვრებაში კვლავ ვუდი ალენი გამოჩნდა. მალე კიტონი მისი მუზა და საყვარელი მსახიობი გახდა. თუმცა, იქამდე ვუდი ალენმა მას ფსიქოთერაპევტი ურჩია, რომ მენტალურ პრობლემებს გამკლავებოდა.

daian-kitoni-6-1760346475.jpg
დაიან კიტონი და ვუდი ალენი

კოლეჯში, სადაც კიტონი სწავლობდა, ყველა მასწავლებელი ერთხმად აღიარებდა, რომ მას ძალიან დიდი მომავალი ელოდა. მსახიობმა ფრენსის ფორდ კოპოლას ლეგენდარულ ფილმში "ნათლია" კეი ადამსის როლი შეასრულა და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. სხვათა შორის, ალ პაჩინო ფილმში სწორედ დაიან კიტონმა მიიყვანა. ფრენსის ფორდ კოპოლა მასში მისი შთამბეჭდავი გარეგნობის გარდა, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მსახიობი თავის კოლეგას კარგად იცნობდა და დარწმუნებული იყო, რომ მთავარი როლის შესრულებას შესანიშნავად შეძლებდა.

daian-kitoni-7-1760346504.jpg
დაიან კიტონი და ალ პაჩინო ფილმში "ნათლია"

"ნათლიამ" დაიან კიტონს ჰოლივუდის ვარსკვლავობისკენ გზა გაუხსნა, თუმცა მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი "ენი ჰოლია". ამ ფილმისთვის მსახიობმა 1978 წელს "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" მოიპოვა და ამავდროულად, არაერთი პრესტიჟული ნომინაცია მიიღო. დაიან კიტონი თითოეულ პერსონაჟს განსაკუთრებულად გამოხატავდა და მაყურებელი ამას ყოველთვის აფასებდა.

daian-kitoni-8-1760346539.jpg
დაიან კიტონი და ვუდი ალენი ფილმის "ენი ჰოლი" გადასაღებ მოედანზე

დაიან კიტონი არა მხოლოდ ნიჭიერი, არამედ წარმოუდგენლად ლამაზი ქალიც იყო, სწორედ ამიტომ, მას თაყვანისმცემლების ძალიან დიდი არმია ჰყავდა. ვუდი ალენმა ის თავის მუზად მალევე გამოაცხადა. რეჟისორისა და მსახიობის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი ბროდვეიზე სპექტაკლს "ისევ ითამაშე, სემ!" დგამდნენ და დღეებსა და ღამეებს ერთად ატარებდნენ. ერთ დღეს ალენმა კიტონს უთხრა, რომ მისი წარმოუდგენელი იუმორის გრძნობის გამო შეუყვარდა და მასთან ერთად გადასვლა შესთავაზა.

მათი ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა. 3 წლის შემდეგ კი მსახიობი და რეჟისორი ერთმანეთს მშვიდად, ყოველგვარი სკანდალისა და დრამების გარეშე დაშორდნენ. მოგვიანებით დაიანმა ვუდი ალენის კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა. დაიან კიტონი ვუდი ალენს ყოველთვის მადლობას უხდიდა იმისათვის, რომ მან კინოსამყაროს კარი გაუღო.

daian-kitoni-9-1760346592.jpg
დაიან კიტონი და ალ პაჩინპ

დაიან კიტონის ცხოვრებაში შემდეგი მამაკაცი ალ პაჩინო იყო - მათი რომანი ფილმის "ნათლია" გადასაღებ მოედანზე დაიწყო. როგორც კიტონი ამბობდა, ალ პაჩინოს, გარდა გამორჩეული გარეგნობისა, შესანიშნავი ხასიათი ჰქონდა და ამან მოხიბლა. მსახიობების რომანი 2 წელი გაგრძელდა. დაიან კიტონი არასდროს მალავდა, რომ მამაკაცებთან ურთიერთობა დიდ თავდადებას მოითხოვდა და თავად ამისთვის მზად არ იყო. მიუხედავად ამისა, კიტონმა ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი "მექალთანის", უორენ ბიტის, გულის მოგებაც მოახერხა და მასთან ერთად რამდენიმე წელი გაატარა.

daian-kitoni-10-1760346619.jpg
დაიან კიტონი და უორენ ბიტი

სამი გახმაურებული რომანიდან ქორწინებით არც ერთი დასრულებულა, რადგან დაიან კიტონს ოფიციალურად დაქორწინება არ სურდა. ერთხელ აღიარა, რომ თუ დაქორწინდებოდა, მას ყოველთვის "რომელიმე ცნობილი ადამიანის ნახევარად" აღიქვამდნენ. ინდივიდუალობის დაკარგვის პერსპექტივა კი მისი ყველაზე დიდი კოშმარი იყო. გარდა ამისა, ამბობდა, რომ ქორწინება კომპრომისებს მოითხოვს, რაც მას არ შეეძლო.

მსახიობი ყოველთვის საუკეთესო მეგობარს, ჯეკ ნიკოლსონს, მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამაკაცად თვლიდა. მათ რომანი არ ჰქონიათ. ჯეკ ნიკოლსონი და დაიან კიტონი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. კიტონი ამბობს, რომ ნიკოლსონი მასზე ყოველთვის ზრუნავდა და გადასაღებ მოედანზე დიდ კომფორტს უქმნიდა.

daian-kitoni-11-1760346647.jpg
დაიან კიტონი და ჯეკ ნიკოლსონი

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დაქორწინება არ სურდა, დედობაზე ოცნებობდა. 50 წლის ასაკში მსახიობმა ორი ბაშვი, გოგონა, სახელად დექსტერი და ბიჭი, სახელად დიუკი იშვილა. დაიან კიტონმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილები მშვიდ გარემოში გაზრდილიყვნენ და მათ პირად სივრცეს განსაკუთრებით უფრთხილდებოდა. გოგონა დაქორწინებულია და ყურადღება ოჯახზე გაამახვილა, ვაჟი კი ფოტოგრაფია.

daian-kitoni-12-1760346674.jpg
დაიან კიტონი შვილებთან და სიძესთან ერთად

2011 წელს დაიან კიტონს კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, მსახიობი გამოჯანმრთელდა. მისი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მსახიობის გარდაცვალება სიმსივნის რეციდივმა გამოიწვია. თუმცა, ვარსკვლავის შვილებმა დედის გულშემატკივრებს სთხოვეს, ჭორები არ გაევრცელებინათ და მისთვის პატივი მშვიდად მიეგოთ.