სექსოლოგი, პროფესორი, ზურაბ მარშანია, კოტcast-ში წყვილებს შორის სექსუალური პრობლემების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სქესობრივი განათლების დაბალი დონე განქორწინებას ხშირად იწვევს:
- ყოველდღიურად მყავს ქალი პაციენტები, რომლებიც ერთსა და იმავეს მეუბნებიან. ეს დამახასიათებელია უფრო მეტად ისეთი ქალბატონებისთვის, რომლებიც ადრე დაოჯახდნენ და სქესობრივი ცხოვრება ახალგაზრდა ასაკში დაიწყეს. ამბობენ: "ისე მიყვარდა ჩემი ქმარი და ისე მინდოდა სექსი, ველოდებოდი კარგს და კარგი არ აღმოჩნდა." სიყვარულისა და იმის გამო, რომ სურს, ქმარს ასიამოვნოს, ქალი ორგაზმის სიმულირებას ახდენს. უფრო ხშირად შეიძლება, ქმარს ჰქონდა ნაადრევი ეაკულაცია ან, დავუშვათ, ქმარი წინასასიყვარულო პრელუდიის დროს ცოლის აღგზნებას არ აწარმოებდა. ქალი, როგორც წესი, გვიან იგზნება. მამაკაცი, შედარებით - ადრე. მომზადება სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, სქესობრივი განათლების დაბალი დონის მაჩვენებელია.
პაციენტი, უფრო ხშირად მამაკაცი, ყოველთვის ცდილობს, განქორწინების მიზეზად სექსუალური პრობლემები არ დაასახელოს. ამ დროს იკითხება ეს ქვეტექსტი. ამას ყალბად გაგებული ღირსების გამო მალავენ. ფიქრობენ, ვინმემ არ დამცინოსო. ვინ უნდა დასცინოს?! ჩემთან სამკურნალოდ რომ მოვა, ვინმე გაიგებს?!