პროექტი "რანინა", რომელიც წლებია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის, ყოველ წელს საოცარ ბავშვებს წარუდგენს საზოგადოებას, რომლებიც, ისედაც გამორჩეულად ნიჭიერები, მაყურებლის თვალწინ კიდევ უფრო იხვეწებიან და ისე დგანან სცენაზე, როგორც შემდგარი, ზრდასრული მომღერლები.
წელს "რანინამ" კვლავ წარმატებით აიღო სტარტი და შესანიშნავი ათეული წარუდგინა მაყურებელს. ამ ბავშვების ნამღერს უამრავი მოწონება და ასი ათასობით ნახვა აქვს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხოლმე, როგორც ყოველთვის, ქართული ტრადიციული და ხალხური სიმღერები. ამ ტურებში ამჯერად რამდენიმე პატარა მომღერალმა მოიპოვა განსაკუთრებული მოწონება სოციალურ ქსელში და მათ ნამღერს ათასობით გაზიარება აქვს.
ამ სამეულს გაგაცნობთ:
ანიტა აბგარიანის ნამღერს, მათე მარტიაშვილთან და "შავნაბადასთან" ერთად, მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ანიტა 10 წლისაა, ბათუმიდან. ამბობს, რომ ხანდახან ჯიუტი და ცელქია, მეგობრული, უყვარს ცურვა და სიმღერა. სამომავლოდ კი მხატვრობას და მსახიობობას გეგმავს.
8 წლის ლილე მჭედლიშვილის ნამღერმა, "შვიდკაცასთან" ერთად, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება და ათასობით ადამიანმა გააზიარა მისი შესრულება. ლილე თბილისიდანაა, მომავალი იურისტი. მეგობრული, თამაშის მოყვარული, ცელქი და გურმანია, განსაკუთრებით ხინკალი და აჭარული ხაჭაპური უყვარს, არ უყვარს - მეცადინეობა.
გაბრიელ ბოდაველის ნამღერს, სანდრო გურგენიძესთან და ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად, ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად. 12 წლის გაბრიელი წარმოშობით ფშავიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობს, მომღერალ ოჯახში. ამბობს, რომ ცოტა ბრაზიანია, მიზანდასახული და მეგობრული. სიმღერის გარდა, ძიუდოთია დაკავებული.