"მოგეხსენებათ, მეთორმეტეკლასელების ბოლო ექსკურსია საზღვარგარეთ ძალიან ტრენდული გახდა, რომელიც შეფუთულია მოსწავლეების სურვილით, სინამდვილეში კი კლასები და დამრიგებლები ეპაექრებიან ერთმანეთს. ეს კი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მინიმუმ 5000 ლარი უჯდება მშობელს. ვიღაცას ამის პრობლემა საერთოდ არ აქვს, ვიღაცისთვის კი ეს შეიძლება, შვილს რომ სირცხვილი არ ანახოს და არ გამორჩეს ამხანაგებს, წლების ვალის ფასი გახდეს. არ შეიძლება საჯარო სკოლებში აიკრძალოს სკოლის მოსწავლეებისთვის ქვეყნიდან გასვლა? - ეს მკითხველის წერილია, რომელიც, ვფიქრობთ, ბევრი მშობლის სათქმელს ამბობს.
როგორც წესი, სასკოლო ექსკურსიები ქვეყნის შიგნით იმართება. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, მე-12 კლასელები ტრადიციულ ბანკეტზე უარს ამბობენ და სკოლის დასრულების შემდეგ ექსკურსიაზე რამდენიმე დღით საზღვარგარეთ მიდიან. ეს კი ბევრი მშობლისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგანაც შორ მანძილზე მოგზაურობა საკმაოდ დიდი თანხა ჯდება. საინტერესოა, არსებობს თუ არა რეგულაცია საზღვარგარეთ ჩატარებულ სასკოლო ექსკურსიაზე.
სასკოლო ექსკურსიები ხშირად მოსწავლეებისათვის შემეცნებით და გასართობ ხასიათს ატარებს. მათ აქვთ შესაძლებლობა, თანაკლასელებთან ერთად, ახალი ადგილები აღმოაჩინონ, ცოდნა გაიმრავალფეროვნონ და დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, სამინისტრო ექსკურსიებს ქვეყნის შიგნით არეგულირებს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წესია შემუშავებული, რომელთა დაცვაც ყველა სკოლას უწევს. მაგალითად:
რაც შეეხება საზღვარგარეთ მოგზაურობას, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, საზღვარგარეთ მოსწავლეების წაყვანას სამინისტრო არ არეგულირებს და ამას მასწავლებელი და მშობელი ერთობლივად წყვეტს, იღებს პასუხისმგებლობას, უთანხმდება კონკრეტულ კომპანიას და მასთან თანამშრომლობს.
მათივე თქმით, თუ ექსკურსია მე-12 კლასის დასრულების შემდეგ ეწყობა, სკოლა და სამინისტრო პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, რადგანაც მოსწავლეებმა საგანმანათლებლო დაწესებულება უკვე დატოვეს. ქვეყნიდან გასვლის საკითხი კი მასწავლებლისა და მოსწავლის შეთანხმების და პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში ხდება.