როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შემთხვევით ბავშვი ხელიდან გაგივარდათ - ნიშნები, რომლებიც გკარნახობენ, სასწრაფო დახმარება  გჭირდებათ თუ არა - მშობლები

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შემთხვევით ბავშვი ხელიდან გაგივარდათ - ნიშნები, რომლებიც გკარნახობენ, სასწრაფო დახმარება  გჭირდებათ თუ არა

2025-10-15 10:31:36+04:00

რაც არ უნდა ყურადღებით იყოს მშობელი, ბავშვი მაინც შეიძლება შემთხვევით საწოლიდან გადმოვარდეს ან პირდაპირ „თევზივით“ გაგისხლტეთ ხელიდან და ძირს დაეცეს. პირველი რეაქცია საშინელი შიში და პანიკაა — „ღმერთო, ბავშვი მოვკალი!“ მაგრამ, როგორც წესი, საპანიკო არაფერია - მსგავს შემთხვევათა უმრავლესობაში უფრო მეტ ზიანს იღებს დედა, ვიდრე ბავშვი. მაგრამ განვიხილოთ, როდის არის ნამდვილად საჭირო შეშფოთება.

რა უნდა ქნათ, თუ ბავშვი დაგივარდათ

თუ შემთხვევით დაგივარდათ ბავშვი ან საწოლიდან ჩამოვარდა და იატაკს დაარტყა თავი, პირველ რიგში, შეეცადეთ დამშვიდდეთ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი დაცემები მხოლოდ მსუბუქ ტრავმებს იწვევს.

ღრმად ჩაისუნთქეთ და თუ ბავშვს სერიოზული ჭრილობის ნიშნები არ აქვს, აიყვანეთ ხელში და დაამშვიდეთ. ის შეიძლება ტიროდეს არა მხოლოდ ტკივილის, არამედ შიშის გამოც.

თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი რიგზეა

მოძებნეთ დაზიანების აშკარა ნიშნები . გადაამოწმეთ, ხომ არ აქვს სისხლდენა, შუბლი ან თავი შეშუპებული, სახეზე წითელი ლაქები ან ხომ არ სდის სისხლი პირიდან. თუ ბავშვს უკვე ამოსული აქვს კბილები, დაუთვალიერეთ პირი შიგნიდან — ხშირად ბავშვები დაცემისას ენას ან ტუჩს იკბენენ.

დამშვიდდით და დაამშვიდეთ ბავშვიც. ის ძალიან შეშინებულია, ისევე როგორც თქვენ. მიიხუტეთ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. თუ ხუთი წუთის შემდეგ დამშვიდდა და ნახევარი საათის შემდეგ ჩვეულებრივად იქცევა, დიდი ალბათობით, ყველაფერი რიგზეა.

დაუკავშირდით თქვენს პედიატრს. თუ ექიმის უმეტეს კითხვაზე პასუხობთ „არა“ — სავარაუდოდ, ყველაფერი კარგადაა. ექიმი აგიხსნით, რაზე უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო 12-24 საათის განმავლობაში:

  • ხომ არ გამოდის სითხე ყურებიდან — გამჭვირვალე ან სისხლის შერევით;

  • როგორ აქვს თვალები — თუ მათი მოძრაობა უცნაურად გეჩვენებათ, ეს შეიძლება კრუნჩხვების ნიშანი იყოს;

  • ძილის ხარისხი — ბავშვს მეტი ან ნაკლები ხომ არ სძინავს ჩვეულებრივზე;

  • მოძრაობის კოორდინაცია — მისი სიარული ან ხოხვა ჩვეულებრივს ჰგავს თუ არა;

  • ხომ არ აქვს გულისრევა.

როდის უნდა ატეხოთ განგაში

ხანდახან დაცემა სერიოზულად მთავრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი 120 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლიდან ვარდება. თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან წაიყვანეთ ბავშვი საავადმყოფოში:

  • გულისრევა;

  • გონების დაკარგვა;

  • მოტეხილობის ნიშნები;

  • შეშუპება ან გამობერილობა შუბლის ზედა ნაწილში (სადაც არის ყიფლიბანდი);

  • სუნთქვის გაძნელება;
  • არათანაბარი გუგები (ერთი დიდი, მეორე პატარა);

  • კრუნჩხვები;

  • სახის სილურჯე ან ჩალურჯება თვალების გარშემო და ყურების უკან;

  • სისხლი ან გამჭვირვალე სითხე ყურებიდან;

  • სისხლდენა, რომელიც 5 წუთზე მეტ ხანს გრძელდება;

  • ბავშვი არ წყვეტს ტირილს.

არსებობს მოსაზრება, თითქოს დაცემის შემდეგ ბავშვს არ უნდა მისცეთ დაძინების უფლება. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ გადაღლილობა და ტვინის შერყევა ერთნაირად ვლინდება — ბავშვი გაღიზიანებულია, ჭირვეულობს და ძილი უნდება. ასე რომ, ბავშვს შეიძლება ბუნებრივად ჩაეძინოს. თუ ასე მოხდა, 1 საათში ფრთხილად სცადეთ გაღვიძება. თუ გაღვიძებისას მაინც სუსტადაა, უმჯობესია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.