დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, ახალგაზრდობა რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნოს და ისე გამოიყურებოდეს, როგორც თავად სურს. სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის, TikTok-ზე უამრავი სხვადასხვა რჩევა ვრცელდება. მათგან ბევრი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ლოკოკინას მუცინის, ბრინჯის ექსტრაქტისა და ეგზოტიკური მცენარეების შემცველი პროდუქტები ბაზარზეც ბევრია. უცნაურ ჩამონათვალს კი ახალი ტენდენცია - ორაგულის სპერმის გამოყენება დაემატა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს კომპონენტი კანის განახლებას, შეხორცებას და ელასტიურობას ხელს უწყობს. პროდუქტის ინგრედიენტებში ის ჩვეულებრივ მითითებულია, როგორც ნატრიუმის დნმ, HP დნმ ან PDRN.
კორეისათვის ეს სიახლე არ არის, რადგანაც უკვე მრავალი წელია, კოსმეტიკური ხაზები ორაგულის სპერმას აქტიურად იყენებენ. გარდა კოსმეტიკური საშუალებებისა, კორეაში არსებობს Rejuran Skin Healer-ის ინექციები, რომლებიც ორაგულის სპერმის დნმ-ის გამოყენებითაა შექმნილი. ბევრი ადამიანი მას ადრე სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ახლა აზიიდან ევროპასა და ამერიკაში აქტიურად გავრცელდა და ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი მიმართავენ.
მაგალითად, ჯენიფერ ენისტონმა "ორაგულის სპერმის" შემცველი კოსმეტიკური საშუალება ინტერვიუში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ახსენა და თქვა, რომ კანის გაჯანსაღებისთვის იყენებს. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფილერების ჭარბმა გამოყენებამ, მსახიობის სახის შეშუპება გამოიწვია. მოგვიანებით კი, ჯენიფერ ენისტონმა ბუნებრივი ინგრედიენტებით კანის ღრმა დატენიანება დაიწყო და ახლა შესანიშნავად გამოიყურება. როგორც ენისტონმა Jimmy Kimmel Live-ში თქვა, თავდაპირველად ორაგულის სპერმის შემცველი სახის ნიღაბი გამოიყენა. შედეგი იმდენად დადებითი იყო, რომ რუტინას კრემი დაამატა, შემდეგ კი ორაგულის დნმ-ის ინექციები გაიკეთა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენებაზე კიმ კარდაშიანიც საუბრობს და ამბობს, რომ კანის გაჯანსაღების მიზნით ორაგულის სპერმის შემცველ სხვადასხვა საშუალებას მიმართავს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკაში უფრო მეტად აქტიური ინგრედიენტი კრემებსა და შრატებშია და ინექციები ისეთი მოთხოვნადი არ არის, როგორიც სამხრეთ კორეაშია. თუმცა, ტენდენცია მზარდია.
პაციენტები აღნიშნავენ იმასაც, რომ პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია: 100-150 ინექციის შემდეგ სახე პატარა ბუშტუკებით იფარება. დაახლოებით, ერთ კვირაში კი კანი შესანიშნავად გამოიყურება, სიმშრალე ქრება და ბზინვარებას იძენს.
მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტს "ორაგულის სპერმა" ჰქვია და ის მართლაც ორაგულის სათესლე ჯირკვლების სეკრეციიდან მიიღება, ნედლეული გადამუშავების რთულ პროცესს გადის და კოსმეტიკაში მხოლოდ დნმ-ის ცალკეული ფრაგმენტები ხვდება. სახელი კი უფრო მეტად მარკეტინგული ხრიკია და ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.
კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ პოლინუკლეოტიდებს, მათ შორის ორაგულის სპერმიდან მიღებულ პოლინუკლეოტიდებს, გამოხატული რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო და კოლაგენის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს.
მაგალითად, 2022 წელს, ჩინურმა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ჟურნალმა პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლებიც პოლიდეოქსირიბონუკლეოტიდის (PDRN), ორაგულის სპერმის უჯრედებიდან მიღებული ნივთიერების, თვისებებს ადასტურებდა. კვლევამ აჩვენა, რომ PDRN ხელს უწყობს ნაოჭებისა და წვრილი ხაზების შემცირებას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს კოლაგენის სინთეზის გაძლიერების გზით, აღადგენს კანს ანთებისა და მზისგან მიღებული დაზიანების შემდეგ, აუმჯობესებს კანის დატენიანებას, ამცირებს ნაწიბურებს და საერთო ჯამში კანის ხარისხს აუმჯობესებს.
2024 წელს, ჟურნალ "Journal of Dermatological Treatment"-ში გამოქვეყნდა მასალები, რომლებიც Rejuran-ის (PDRN-ზე დაფუძნებული პროდუქტების ბრენდი) ეფექტურობას დამწვრობისა და პოსტტრავმული ნაწიბურების მკურნალობაში იკვლევდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ასეთ შემთხვევაში, კანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, მათ შორის პოსტტრავმული, დამწვრობის შემდგომი და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების ხილვადობა მცირდება.
დღეს PDRN გამოიყენება არა მხოლოდ ინექციებში, არამედ კოსმეტიკაშიც - კრემებში, შრატებსა და ნიღბებში. კვლევები აჩვენებს, რომ C ვიტამინთან და ნიაცინამიდთან ერთად გამოყენებისას, ის პიგმენტაციას ეფექტურად ებრძვის და კანის ხარისხს აუმჯობესებს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ინექციას მიგრაცია ან ქსოვილებში ნივთიერების შეკავება არ ახასიათებს და გვერდითი მოვლენებიც ნაკლებია. თუმცა, პროდუქტის ხარისხსა და სპეციალისტის კომპეტენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ ინექციასა თუ კრემებს შესაბამისი კვლევები გავლილი აქვს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.