გოგონებს ჩინელ კაცებზე ყიდიან და სექსუალურ მონებად აქცევენ... რამდენიმემ გაბედა და არანორმალურ პირობებზე ალაპარაკდა - "ფარული ბიზნესის" მსხვერპლი ათასობით პაკისტანელი ქალია - მშობლები

გოგონებს ჩინელ კაცებზე ყიდიან და სექსუალურ მონებად აქცევენ... რამდენიმემ გაბედა და არანორმალურ პირობებზე ალაპარაკდა - "ფარული ბიზნესის" მსხვერპლი ათასობით პაკისტანელი ქალია

2025-10-16 11:05:01+04:00

პაკისტანში ყოველწლიურად ათი ათასობით ქალი და გოგონა უჩინარდება. ეს ქალები არ კვდებიან, არც ქვეყნიდან გარბიან. ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. სამუშაოს ცრუ დაპირების, იძულებითი ქორწინების, ოჯახის მხრიდან ღალატის ან უბრალოდ სიღარიბის გამო უამრავი ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 000 ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. თუმცა, არაოფიციალური მონაცემები, შესაძლოა, გაცილებით დიდ რიცხვს აჩვენებდეს.

2023-2024 წლების ანგარიშის თანახმად, პაკისტანში ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა 70.6% ქალები და გოგონები არიან. ეს მხოლოდ ციფრი არ არის - ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც სოციალურ ნორმებში, ეკონომიკურ უთანასწორობასა და დუმილშია დამალული. აღსანიშნავია, რომ პაკისტანში ეს წარმოუდგენლად დამაზიანებელი პრაქტიკა უკვე მრავალი წელია, არსებობს.

პაკისტანის ოფიციალური პირები უკვე ღიად აღიარებენ, რომ სექსუალური ექსპლუატაცია არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები განსაკუთრებით დაუცველები არიან. ამ სტატისტიკას, რა თქმა უნდა, რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. მათ შორისაა: გენდერული უთანასწორობა, განათლების ნაკლებობა, სიღარიბე, ოჯახში ძალადობა და ტრადიციული დისკრიმინაცია. ქალებს ხშირად უბრალოდ ყიდიან: ზოგჯერ უცნობებზე, ზოგჯერ კი ნათესავებზეც კი...

მიუხედავად კანონებისა, რომლებიც, წესით, მსხვერპლს უნდა იცავდეს და რეგულარული საგანმანათლებლო კამპანიებისა, დამნაშავეები ერთი ნაბიჯით წინ რჩებიან. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, ოჯახმა ქალი თავად გაყიდოს, გოგონები ხშირად თვითონაც ეხვევიან მახეში. როგორც წესი, მათ ყალბი დოკუმენტებით დასაქმებასა და კარგ პირობებს ჰპირდებიან. ადგილზე მისულებს კი ყველა უფლებას უზღუდავენ და სექსუალურ მონობაში რთავენ.

pakistani-1760598741.jpg

ქალებს მხოლოდ ფიზიკური ზიანი არ ადგებათ, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლნი ხშირად მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიურ ტრავმას განიცდიან. ქალებს დეპრესია, პანიკური შეტევები, იდენტობის დარღვევა აწუხებთ. თვითმკვლელობის მცდელობები ბევრისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში წელიწადში დამნაშავეები 150 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ...

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ ან ობლები არიან. თუმცა, ბოლო წლებში სოციალური ფაქტორი მთავარი წინაპირობა აღარაა. საქმე ისაა, რომ დამნაშავეები თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან შესანიშნავად ადაპტირდნენ, ისწავლეს ეფექტური ტექსტების შედგენა და ქალებს, რომლებსაც განათლება არ აქვთ, მარტივად ატყუებენ.

ადამიანებით ვაჭრობის ასეთი აყვავების ერთ-ერთი მიზეზი ცნობიერების ნაკლებობაა - როგორც პოტენციურ მსხვერპლთა შორის, ასევე პოლიციის, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ პაკისტანს არ ეხება. გლობალური სურათი იგივეა: გაეროს შეფასებით, მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა 72% ქალები და გოგონები არიან. ყველაზე ცუდი სურათი კი აზიასა და აფრიკაშია. 2016 წელს მხოლოდ აფრიკაში 9 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი.

პაკისტანს რომ დავუბრუნდეთ, ხშირად ღარიბი ოჯახებისათვის ქალიშვილის "სარფიანად გათხოვება" სიღარიბისგან თავდახსნის ერთადერთი საშუალებაა. ასევე, ხშირად ოჯახმა "სიძის" ასაკი და საქმიანობაც კი არ იცის. ბევრი პაკისტანელი ქალი ჩინეთში სწორედ ქორწინების მიზნით მიჰყავთ, თუმცა იქ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

2-1760598532.png
რიმშა და მისი ჩინელი ქმარი

ერთი ასეთი ისტორია 27 წლის პაკისტანელ ქალს, რიმშას ეხება. ამ ამბავზე შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ოფისის ჟურნალისტებმა რამდენიმე წლის წინ გაიგეს და ვრცელი სტატია მოამზადეს. ქალის ოჯახის წევრები და ნათესავები პაკისტანში თვლიდნენ, რომ თუ ქალს ჩინელ, მდიდარ მამაკაცზე გაათხოვებდნენ, მათი ფინანსური პრობლემებიც მოგვარდებოდა და რიმშაც კარგად იცხოვრებდა. რიმშას დედის, პარვინის თქმით, ქორწინების სააგენტომ, რომელმაც პატარძალი და საქმრო შეარჩია და ქორწილი მოაწყო, უთხრა მათ, რომ მისი მომავალი ქმარი ჩინეთში ქარხანას მართავს და რომ რიმშას ძმაც ჩინეთში წასვლასა და იქ დასაქმებას მოახერხებდა...

"ვფიქრობდით, რომ ჩვენი ქალიშვილი ბედნიერი იქნებოდა და ისინი (სააგენტო) ბედნიერ, კომფორტულ ცხოვრებას გვპირდებოდნენ. იმ მომენტში სიხარბეს დავემორჩილეთ. " - თქვა პარვინმა ინტერვიუში. რიმშას ოჯახი ქალაქის ქრისტიანულ უბანში პატარა, ერთსართულიან სახლში ცხოვრობს.

უკეთესი ცხოვრების ოცნება კოშმარად იქცა... მალევე გაირკვა, რომ 27 წლის გოგონა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალმა როგორღაც მოახერხა და ოჯახს ვიდეო გაუგზავნა, სადაც ამბობს:

"ის მთხოვს, რომ ყველა მის მეგობართან, როდესაც მოდიან, სექსი მქონდეს იმისათვის, რომ ფული გამოიმუშაოს. როდესაც უარს ვამბობ, მცემს. გთხოვთ, დამეხმარეთ." - ამბობდა გოგონა.

rimsha-1760598640.jpg
რიმშა და მისი ჩინელი ქმარი

რიმშა, რომლის სრულ სახელსაც "რადიო თავისუფლება" არ ასახელებს, ერთ-ერთია იმ მრავალ პაკისტანელ ქალს შორის, რომლებსაც მსგავსი ისტორია აქვთ. რიმშა, სავარაუდოდ, ყალბი დაპირებით ჩინელ მამაკაცზე დაქორწინებისკენ მიიტყუეს და შემდეგ პროსტიტუციაში ჩართვა აიძულეს.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანში რამდენიმე ათეული პაკისტანელი და ჩინელი ადამიანი დააკავეს, რომლებიც მსგავს საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი და ქალებსა და მათ ოჯახებს ატყუებდნენ. მაგრამ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დაკავება გამოსავალი არ არის.

ქალებს წარმოუდგენელ პირობებში უწევთ ცხოვრება. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ თუ მამაკაცებს არ დაემორჩილებოდნენ, ორგანოების ამოღებით ემუქრებოდნენ...

რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, ისინი ადამიანებით ვაჭრობის შესახებ მონაცემებს ოფიციალურად უარყოფენ და ამბობენ, რომ მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. ჩინეთი და პაკისტანი ეკონომიკურად ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან და როგორც ამბობენ, ისინი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ტრეფიკინგის სტატისტიკას მალავენ ან აყალბებენ.

მედიის მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ვიდეოში, პაკისტანელი ქალი, მარიამი, ჰყვება, რომ ჩინელი ქმარი სხვა მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებს და თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებს, სცემს. როგორც ქალი ამბობს, ქმარმა რამდენჯერმე მისი დახრჩობაც სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, პრობლემა კვლავ განსაკუთრებით აქტუალურია. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ქალის ცხოვრებას ცვლის.

სავარაუდოდ მოკლეს და ორგანოები გაყიდეს... - აზიაში კარიერის ასაწყობად ჩასული და მოულოდნელად დაკარგული მომღერლის ტრაგედია