ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემგანათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.
„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო",-განაცხადა პრემიერმა.
ასევე მან განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის.
„კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენი მხრიდან არის იდენტიფიცირებული, ეს არის ის, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის და ამაზე გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში.
ერთი პრობლება, რაც ასევე უნდა გამოიკვეთოს მეორე გამოწვევის ქვეშ, ეს არის ის, რომ არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც გვჭირდება სერიოზული ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები არის სერიოზული, რაც კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა.
მისივე თქმით, ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება უმაღლესი განათლების სისტემაში.
„ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს მიგრაციასაც და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი უმაღლესი განათლების სისტემაში",- განაცხადა პრემიერმა.
ინტერპრესნიუსი