გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის, არავითარიგანსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმაირაკლი კობახიძემგანათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის და დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე.
„შემდეგი გამოწვევა არის გაუმართავი დაფინანსების სისტემა. დღეს გვაქვს საგრანტო მოდელი, ერთგვარ ვაუჩერს გასცემს სახელმწიფო თითეულ სტუდენტზე და ამ ვაუჩერის, გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს. ეს სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის, ეს არის ერთი პრობლემა და მეორე - დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. როდესაც სახელმწიფო რაიმეს აფინანსებს, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა დასახული. სახელმწიფო ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის დღეს არავითარი კავშირი არ არსებობს. ესეც საჭიროებს გამოსწორებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობას სურს, დაამკვიდროს მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი.
„პირველ რიგში, გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი : ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი. თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი.
„რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების პრობლემას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი", - განაცხადა პრემიერმა