ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის თარიღი ახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა კალენდარული წლის 15 ნოემბერია, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. წელს აღნიშნული თარიღები შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად, ბოლო ვადად 17 და 3 ნოემბერია განსაზღვრული. საკითხმა მოქალაქეების დაბნევა გამოიწვია. კონკრეტულად, ვის ეხება ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და როგორ უნდა გამოთვალოთ, დაახლოებით, რამდენი გაქვთ გადასახადი - თემაზე ადვოკატი გივი კაკუშაძე გვესაუბრება:
- ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა (მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირის) გევალებათ შემდეგ ორ შემთხვევაში:
აუცილებელია განვმარტოთ ვინ ითვლება ოჯახის წევრად. ოჯახის წევრად ითვლება: პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე, პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
ასევე მოგახსენებთ იმასაც, რომ დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით. ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოთ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
- შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად. კერძოდ, მიღებული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში - მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი. ასევე ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
- თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც მიეთითება ოჯახის ყველა წევრი და მათი დასაბეგრი ქონება/მიწა.
შემოსავალში არ შეიტანება: ოჯახის წევრებისგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება; ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
მაგალითად, ფიზიკურმა პირმა, დემნამ, გასულ წელს ხელფასის სახით მიიღო 15 000 ლარი (დარიცხული), ხოლო დივიდენდის სახით - 5000 ლარი (დარიცხული). დემნას ჰყავს მეუღლე, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 96 000 ლარს. დემნას ოჯახის გასული წლის შემოსავალი შეადგენს: 15 000 + 5 000 + 24 000 (96 000*25%) = 44 000 (ლარი), ამიტომ ოჯახი ვალდებულია წარადგინოს მიმდინარე წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.
- დასაბეგრი მიწა არის ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწა. ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი. ასევე დასაბეგრი ქონება არის გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
დასაბეგრ ქონებას მიეკუთვნება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები, აგრეთვე, ლიზინგით გაცემული ქონება.
- ქონების გადასახადი გამოიანგარიშება პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების საფუძველზე.
დეკლარაციაში დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა - ფართობის მიხედვით.
დასაბეგრი ქონების ღირებულება ფიზიკურმა პირმა შესაძლოა განსაზღვროს თვითონ ქონების შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ინფორმაცია ქონების საბაზრო ფასების შესახებ შეიძლება მოიძიოს ასევე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან ან შეაფასებინოს ექსპერტს.