ლექტორი და იურისტი საბა ბრაჭველი:
"საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის პრეზენტაცია, პროპაგანდის წესების შესაბამისად, ყველაზე მიმზიდველი შედეგის ფრიალით დაიწყეს - პროფესორის ხელფასი 10 ათასი ლარი გახდებაო. ზოგიერთმა კარგმა მედიამაც ყველაზე მეტად ეს აიტაცა და გააშუქა.თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე - პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში - პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი - აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ.ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს, მალე კი - საშველიც აღარაფერი იქნება, რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა. განათლების მიღების გარეშე შემცირდება კრიტიკული აზროვნების ისედაც სავალალო მაჩვენებელი, რაც ტვინის რეცხვისა და პროპაგანდისთვის კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის.და თუ ვინმეს შვილი აქაურ სკოლას დაამთავრებს იმ იმედით, რომ პირდაპირ უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, ცუდი ამბავია აქაც - 12-წლიანი სასკოლო ციკლის შემცირების გამო საშუალო განათლების საერთაშორისო აღიარებაც გაჭირდება. ჯეროვანი განათლების მიღებამდე ჯერ პროპაგანდისტების ტვინის რეცხვის მოსმენა მოუწევს.სასკოლო განათლებაზე: ევროპულ უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციების ცნობას არეგულირებს კონვენცია ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ (ლისაბონი, 1997, რატიფიცირებული საქართველოს მიერ 1999 წელს). კონვენციის თანახმად, ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის შესაბამის კვალიფიკაციას თუ არ დასტურდება საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ.ეს არის დღევანდელი პრეზენტაციის მთავარი შინაარსი და არა 1-2 გადარჩეული პროფესორისთვის გასაზრდელი ხელფასი. ეს არის გზა მომავალი თაობების განათლების მოსპობისკენ".
პედაგოგი შალვა მინდაძე:
"ქვეყანაში დამყარდა ოხლოკრატია — უმეცრების ზეიმი განათლების სახელით.
სამწუხაროდ, რაც დღეს ხდება, პოლიტიკური და საგანმანათლებლო თვალსაზრისით, წარმოადგენს არა პროგრესს, არამედ უკუსვლას — ოხლოკრატიას, ანუ „ბრბოს მმართველობას“. ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობს ექსპერტულ აზრზე და საუნივერსიტეტო სივრცის დამოუკიდებლობაზე, დღეს განათლების სფეროს მართავს ბრბოს მოთხოვნისა და პოპულიზმის პრინციპით.
ბოლონიის პროცესის დისკრედიტაცია დაიწყო.
საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში იყო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის — ბოლონიის პროცესის — აქტიური წევრი, ახლა ღიად არღვევს მის ფუნდამენტურ პრინციპებს. უნივერსიტეტებში აკადემიური თავისუფლება ჩანაცვლდა დირექტივებით, ხოლო სკოლებში გლობალური ხედვა — პროვინციალური ექსპერიმენტებით.
ახალი შესაძლო გადაწყვეტილება 11-წლიანი განათლების სისტემის შესახებ არის არა სტრატეგიული გააზრების შედეგი, არამედ მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული ქაოსი, რომელიც ანგრევს უკვე ძლივს ჩამოყალიბებულ სტრუქტურას.
საგანმანათლებლო ობსკურანტიზმი იქნება შედეგი და საბოლოოდ სისტემური უკუსვლა. „რეფორმები“, რომლებსაც ლუდოვიკო ახორციელებს, გლობალისტურ ხედვასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ანტირეფორმა — მიზანმიმართული დეგრადაცია, რომელიც შლის თანამედროვე განათლების ძირითად ღირებულებებს: კრიტიკულ აზროვნებას, ინტეგრირებულ სწავლას, სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომას და ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას.
განათლება აღარ წარმოადგენს სოციალურ ლიფტს — იგი გადაიქცა იაფფასიან ექსპერიმენტად, სადაც მოქალაქე აღარ იზრდება, არამედ „დაიყვანება“ ქვის მთლელის დონეზე.
„დაეტიეთ, სადაც ხართო“ — ახალი სახელმწიფოს ახალი იდეოლოგიაა. მოქალაქეს აღარ აძლევენ განვითარების, გადაადგილებისა და აზროვნების თავისუფლებას. თქვენი ადგილი არა გლობალურ განათლებაში, არამედ დაბალ სტანდარტებში ჩაკეტილ სივრცეშიო.
ჩვეულებრივი მისტერია იწყება სბნელის ქადაგებით. მეცნიერება იცვლება დემაგოგიით, ქვეყანა კარგავს მომავალს.
გილოცავთ. ბრბო ისედაც ვერაფერს გაიგებთ. ვინც გაიგებთ, შეგიძლიათ თქვენს ბრბოს გაუზიაროთ".
რეფორმის მიზანია ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ უნივერსიტეტები და სკოლები სრულად გააკონტროლოს... პროფესორებიც პოლიტიკური ნიშნით გადაარჩიოს - სიმონ ჯანაშია მოსალოდნელ ცვლილებებზე
სტუდენტური გრანტი გადასინჯვას საჭიროებს... ერთი ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში - ირაკლი კობახიძე განათლების რეფორმას აანონსებს
უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე... უნივერსიტეტში კი, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას - ირაკლი კობახიძე