გუშინ ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მან სასკოლო და საუნივერსიტეტო მიმართულებით არაერთ მოსალოდნელ ცვლილებაზე ისაუბრა. კერძოდ, დააანონსა, რომ მე-12 კლასი გაუქმდება, უნივერსიტეტებში კი 3-წლიანი საბაკალავრო და 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამები იქნება. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტუდენტები სხვადასხვა რეგიონში უნდა გადანაწილდნენ და ერთი პროგრამის განხორციელება ერთ რეგიონში მხოლოდ ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტს ექნება.
მოსალოდნელ ცვლილებებს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. განათლების ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას, დაანონსებული სიახლეების შესახებ შეფასება ვთხოვეთ:
- უნდა დავფიქრდეთ, რა არის ამ ცვლილებების მიზანი, რა იქნება ის მექანიზმები, რომლებითაც მიზნების მიღწევას შეეცდებიან და სინამდვილეში, რა იქნება შედეგები, რომლებსაც მივიღებთ. მიზანი არის ის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც უნდა, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს, უნივერსიტეტები და სკოლები სრულად გააკონტროლოს. პოლიტიკური კონტროლი რომ გააძლიეროს, ამისთვის სჭირდება, რომ უნივერსიტეტების ის ნაწილი, რომელიც შედარებით უფრო თავისუფალია, სადაც პროფესორები და სტუდენტები თავიანთ აზრს თავისუფლად გამოხატავენ, შეავიწროოს. ამისათვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას შეეცდებიან,
ერთია ის, რომ დაფინანსება უნდა შეუზღუდონ, რომლითაც უნივერსიტეტები ავტონომიას ინარჩუნებენ. ახლა უნივერსიტეტები ავტონომიურები არიან იმიტომ, რომ დიდი წილი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი დაფინანსება აქვთ. დაფინანსება სტუდენტების გადასახადებიდან შედის და ასევე, სულ უფრო მეტად იზრდება დაფინანსება, რომელიც უცხოელ სტუდენტებზეა დაფუძნებული. ახლა დაფინანსების შეზღუდვას სამი გზით აპირებენ:
პირველი, სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გამონაკლისების გარდა, უცხოელი სტუდენტების მიღებას შეუზღუდავენ. სავარაუდოდ, სამედიცინო უნივერსიტეტს ამ უფლებას დაუტოვებენ. შეიძლება, მათთვის ლოიალურ უნივერსიტეტსაც ამის უფლება მისცენ. მაგრამ, უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებას შეუზღუდავენ, მაგალითად, ისეთ უნივერსიტეტს, როგორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.
მეორე, დაფინანსების წყაროს გადასაკეტად აპირებენ, რომ უნივერსიტეტს პარალელური პროგრამის ქონის უფლება არ მისცენ. მაგალითად, თუ ბიზნესის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება, ვერ ექნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ბიზნესის ფაკულტეტი კი უნივერსიტეტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებაა, რადგან ბევრი სტუდენტი აბარებს.
მესამე, უნდათ, რომ საგრანტო სისტემა შეცვალონ და შემოიღონ სისტემა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო განსაზღვრავს, რისთვის აძლევს ფულს უნივერსიტეტს. დღეს ფულს სახელმწიფო აძლევს აბიტურიენტს, მას ვინც სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს და შემდეგ თავად აბიტურიენტი წყვეტს, რომელ უნივერსიტეტში წაიღებს საკუთარ გრანტს. ანუ, სახელმწიფო ახლა ვერ აკონტროლებს, რომელ უნივერსიტეტში წავა გრანტი. ასევე, ე.წ. უფასო ფაკულტეტების შემთხვევაშიც, კონკრეტულ უნივერსიტეტებს ვერ ზღუდავენ. თუ აფინანსებს ისტორიას, მაშინ ისტორიას აფინანსებს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამ სამი გზით აპირებენ, უნივერსიტეტები შეზღუდონ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად საკმარისი არ არის. უნდათ, რომ პროფესორების გადანაწილება დაიწყონ. ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადაიყვანონ და გადაყვანის დროს, პოლიტიკური ნიშნით შეარჩიონ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ფანტაზია არ არის. ირაკლი კობახიძემ, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ თქვა, რომ მათი მიზანი, უნივერსიტეტები იქ "ჩანერგილი ნაციონალური მოძრაობის წევრებისაგან" გაწმენდაა. რეალურად, თქვა, რომ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით უნდა გადაირჩნენ.
გარდა ამისა, მეტი პოლიტიკური კონტროლისთვის აპირებენ, რომ მე-12 კლასი შეზღუდონ. მე-12 კლასში სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც ან სრულწლოვნები არიან ან ხდებიან სრულწლოვნები და პოლიტიკურად აქტიურები არიან. ეს ეხება სტუდენტებსაც, როდესაც 1 კურსით ბაკალავრიატის პროგრამას ამცირებ, მაშინ ქვეყანაში ¼-ით ნაკლები სტუდენტი არსებობს. თუ ამ სტუდენტებს სხვა ქალაქებში, როგორც თქვეს, ქუთაისსა და რუსთავში გადაანაწილებენ, მაშინ ფიზიკურადაც დააშორებენ "საფრთხეს", რომ სტუდენტებმა პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. მეტ კონტროლს ამყარებენ მათზე იმ გზითაც, რომ როდესაც სტუდენტები სხვა ქალაქებში იქნებიან, სახელმწიფოზე უფრო დამოკიდებულები გახდებიან, რადგან დასაქმების შესაძლებლობები იმ ქალაქებში იმაზე ნაკლებია, ვიდრე თბილისში. შესაბამისად, სტუდენტები ფინანსურადაც დამოუკიდებლები ნაკლებად იქნებიან.
ასევე, ვინ გახდება სტუდენტი და ვინ არა - ამასაც სახელმწიფო გააკონტროლებს. ამბობენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი უნდა გადაიხედოს... მიზანი კონკრეტულ მიმართულებაში ნაკლების გამოსწორება კი არა, პოლიტიკური კონტროლია. კონტროლის მექანიზმი გადაწყვეტილების შიგნითაც ჩანს. მაგალითად, იქნება პროფესორი, რომელსაც ყველა დანარჩენი დაექვემდებარება. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდათ, ძალაუფლება კონკრეტულ ადამიანებს მიანიჭონ და იმ ადამიანების გავლენით, სხვა პროფესორები აკონტროლონ.
გარდა ამისა, ეს პროცესი მეცნიერების განვითარების შეფერხებას გამოიწვევს. თუ დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტში პარალელური პროგრამები არსებობს და შეიძლება, სხვადასხვა მიმართულებაზე განსხვავებული მეთოდებით მუშაობდნენ, ახლა უნდათ, რომ ისინი ერთ უნივერსიტეტში მოაქციონ და აიძულონ, რომ ერთი მეთოდებით დაჯგუფდნენ.
- კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით ორი გეგმა აქვთ:
პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით, ეს მათთვის პრობლემაა. ვხედავთ, რომ "იმედზე" გადის გადაცემები, სადაც 3 კერძო უნივერსიტეტს თავს განსაკუთრებით ესხმიან. ესენია: თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და ჯიპა. პირდაპირ არ უთქვამთ, მათ რას უპირებენ, მაგრამ აღნიშნეს, რომ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი კარგად არ მუშაობს და უნდა შევცვალოთო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სისტემები მათ წინააღმდეგ გამოიყენონ.
მეორე მხრივ, კერძო უნივერსიტეტებში ბიზნეს ინტერესები აქვთ. ხშირად, გადაწყვეტილებების მიმღებები სხვადასხვა უნივერსიტეტის წილში არიან ან სამომავლოდ ადგილს იმზადებენ. მაგალითად, ვნახეთ, რომ განათლების წინა მინისტრი, გიორგი ამილახვარი, მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრის პოსტი დატოვა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავიდა, რომელიც მისი მინისტრობის დროს გაიყიდა. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ პროცესში თავადაც იყო ჩართული. ან თუ არ იყო ჩართული, მაშინ ისარგებლა იმ პროცესით, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა.
ბიზნეს ინტერესების გასაძლიერებლად, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ. მაგალითად, უცხოელი სტუდენტების შეზღუდვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ნიშნავს იმას, რომ მათ კერძო უნივერსიტეტებისკენ გაუშვებენ. ამით შეეცდებიან, მათი თანხმობა იყიდონ ან თავიანთი ინტერესებიც გაითვალისწინონ, თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში არაფორმალური წილი აქვთ.
კერძო უნივერსიტეტებს შორის, ზოგიერთის "მოხრჩობას" შეეცდებიან. გარდა ამისა, კერძო უნივერსიტეტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ეს კი სტუდენტებს სწავლის გადასახადს გაუძვირებს. შედეგად, კერძო უნივერსიტეტებში ჩაბარება ნაკლებად მიმზიდველი იქნება.
- მე-12 კლასის გაუქმების შემდეგ, მოსწავლეებს უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ნაწილობრივ შეეზღუდებათ, რადგანაც ბევრ ქვეყანაში 12 კლასის ატესტატს ითხოვენ. თუ მოსწავლეს 12 კლასი გავლილი არ ექნება, მოუწევს, კონკრეტულ ქვეყანაში ჩავიდეს, 1 წელი ისწავლოს და შემდეგ იფიქროს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე.
ის, რომ მოსწავლეები მე-12 კლასში არ დადიან, არგუმენტი არ არის. მე-11 კლასში აღარ ივლიან...
ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ არაეფექტური, არამედ საზიანოც იქნება. აქ პრობლემა მხოლოდ საერთაშორისო განათლების მიღების შეზღუდვა არ არის. წლების წინ, მე-12 კლასის შემოღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ის, რომ სასკოლო პროგრამები გადატვირთულია და მათი განტვირთვისთვის ზოგიერთი საკითხის მე-12 კლასში გადანაწილება მნიშვნელოვანია.
ასევე, რაც უფრო გვიან ამთავრებს ადამიანი სკოლას, სამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით, მით უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებას იღებს. ამას თან ერთვის რეფორმა, რომლის მიხედვითაც, ბაკალავრიატში 3-წლიანი სწავლება იქნება. თუ აქამდე, პირველი კურსი ზოგადი იყო და სტუდენტებს კიდევ შეეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, ახლა მე-11 კლასიდან პირდაპირ პროფესიის სფეროს საგნებს გაივლიან და ზოგადი კურსი აღარ იქნება.
ამიტომ, ეს ცვლილებები ეფექტური ვერ იქნება. ევროპაში, სადაც 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამებია, ხშირ შემთხვევაში 12 ან 13 წელი სწავლობენ სკოლაში.
თამარ იაკობაშვილი