რა უნდა ვიცოდეთ სოკოთი მოწამვლაზე და რატომ ითვლება ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტოქსინად, რომლის ბინაზე მკურნალობა აკრძალულია. - მშობლები

"კიდურები ვეღარ ვიგრძენი. ხელების კანკალი, გაორება დამემართა... მეუღლე აპარატზე იყო შეერთებული" - რა უნდა ვიცოდეთ სოკოთი მოწამვლაზე და რატომ ითვლება ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტოქსინად, რომლის ბინაზე მკურნალობა აკრძალულია

2025-10-17 20:52:15+04:00

ბოლო დროს საქართველოში სოკოთი მოწამვლის შემთხვევები ძალიან გახშირდა. როგორც ამბობენ, სეზონზე ერთდროულად ამდენი შემთხვევა ათწლეულებია, არ დაფიქსირებულა. შემთხვევები რამდენიმე რეგიონში ერთდროულად გამოვლინდა, ძირითადად აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. ყველა მათგანმა ტყეში დაკრეფილი სოკო მიირთვა.

"ვიგრძენი თავბრუსხვევა, ჯერ დაბალი წნევა მეგონა და ყურადღება არ მივაქციე, შემდეგ კიდურები ვეღარ ვიგრძენი. ხელების კანკალი, გაორება დამემართა. კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში მიმიყვანეს, ჩემი მეუღლე აპარატზე იყო შეერთებული." - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

რა უნდა ვიცოდეთ სოკოთი მოწამვლაზე და რატომ ითვლება ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტოქსინად, რომლის ბინაზე მკურნალობა აკრძალულია.

სოკოები შეიცავს ძლიერ ტოქსინებს, რომლებიც მძიმე ზიანს აყენებენ შინაგან ორგანოებს — განსაკუთრებით ღვიძლს, თირკმელებს და ნერვულ სისტემას. განსაკუთრებით, ცენტრალურ ნერვულ სისტემას . მათი მოქმედება გამოიხატება გაორებით, ჰალუცინაციებით, ცნობიერების გაუარესებით, წონასწორობის დარღვევით. ასევე ნერწყვის დენა, ოფლიანობა, გულისცემის შენელება, სუნთქვის გაძნელება. მოქმედებს თირკმელებზეც და შეიძლება სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ გამოვლინდეს.

სოკოს შხამი მოქმედებს ეტაპობრივად:

  1. დაწყებითი ფაზა (1–6 საათში) – გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა.

  2. მოჩვენებითი გაუმჯობესება – სიმპტომები დროებით ქრება, მაგრამ შხამი უკვე აზიანებს ორგანოებს.

  3. ორგანოთა დაზიანება (12–72 საათში) – ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა, სიყვითლე, ტოქსიკური შოკი.

  4. დაღუპვის საფრთხე – თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, შესაძლებელია სიკვდილი 5–10 დღეში.

თვითმკურნალობა ასევე სასიკვდილოა.

რა შეიძლება იყოს მოწამლის შემთხვევების მატების მიზეზი?

. ბუნებრივი პირობების ცვლილება

ბოლო წლებში გაზაფხული და შემოდგომა უფრო ნესტიანი და თბილია. ეს იდეალური პირობებია სოკოს სწრაფი და უხვი ზდისთვის. ამინდის ასეთმა ცვალებადობამ გამოიწვია, რომ შხამიანი და საჭმელად ვარგისი სოკოები ხშირად ერთსა და იმავე ადგილას, ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს .

არასწორი შენახვა

ზოგჯერ მოწამვლა თავად ტოქსინებით კი არა, არამედ არასწორად შენახული სოკოსგანაც ხდება.

  • ცელოფნის პარკში შენახული სოკო ლპება და ბაქტერიები წარმოქმნიან ძლიერ ტოქსინებს.

  • მზეზე ან სითბოში შენახვა აჩქარებს გაფუჭებას.

ეკოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორები

  • ტყეების დაბინძურებისა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის ცვლილების გამო ზოგიერთ სოკოში მძიმე მეტალები და ტოქსინები გროვდება.

  • გზის პირას მოპოვებული სოკოები ხშირად ტყვიისა და კადმიუმის საბედისწერო დოზას შეიცავს.