ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობს.
- ოჯახის წევრს მინდა გადავუფორმო ქონება. ამ შემთხვევაში ყიდვა-გაყიდვით ჯობია გადავაფორმო თუ ჩუქება გავაკეთო და რატომ?
- თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა მიზნით გინდათ ოჯახის წევრისათვის ქონების გადაფორმება იმისათვის, რომ გიპასუხოთ, ხელშეკრულების რომელი ფორმა იქნება უმჯობესი თქვენთვის. თუ ის პირი, ვისთვისაც გინდათ ქონების გადაცემა, ქორწინებაშია, იმისათვის, რომ ქონება არ ჩაეთვალოს ქორწინებაში შეძენილად, ჯობს ჩუქებით გადაუფორმოთ. ასევე ჩუქების შემთხვევაში თავადაც გექნებათ შესაძლებლობა მისი მხრიდან უმადურობის გამოჩენის შემთხვევაში მოითხოვოთ ჩუქების ბათილობა 1 წლის ვადაში. 1 წლის ვადის გასვლის შემდგომ რთულდება აღნიშნულის მტკიცების ტვირთი. თუ თქვენ მიერ გაფორმებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულება, მისი უკან მოთხოვნის და დაბრუნების შესაძლებლობა არ გექნებათ.
- დედამ მაჩუქა ბინა. ნაჩუქარი ქონების გაყიდვას რამდენ ხანში შევძლებ, რომ არ მომიწიოს მოგების გადასახადის გადახდამ?
- თუ ქონება თქვენს საკუთრებაში 2 წელზე მეტი დროით იყო, გაყიდვისას მოგების გადასახადი არ დაგეკისრებათ. თუ 2 წელზე ნაკლები დროა გასული, მაშინ მოგების გადასახადი გადახდა მოხდება ნამატი თანხის ღირებულების 5%-ით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვიდან მიღებული თანხა აღემატება ჩუქების დროს არსებულ ფასს.
- ვაპირებ ქმართან განქორწინებას, თვითონ არ მოდის იუსტიციაში და ხელს არ აწერს. ამიტომ მომიწევს სასამართლოში საჩივრის შეტანა. მყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მაინტერესებს, რა თანხის გადახდა მომიწევს სასამართლოში ამ დროს?
- თუ მხოლოდ განქორწინება გსურთ, ასეთ შემთხვევაში სარჩელის სახელმწიფო ბაჟის საფასურს შეადგენს 50 ლარი. არასრულწლოვან ბავშვებზე ალიმენტის მოთხოვნა ან ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დავის არსებობის შემთხვევაში თქვენ გათავისუფლებული იქნებით სახელმწიფო ბაჟისგან.
- ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, მყავს მეუღლე და ერთი წლის და სამი თვის ბავშვი. ქირით ვცხოვრობ და მჭირდება ფული. მაქვს თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანის უფლება?
- "საპენსიო სააგენტოს შესახებ" კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: 60 წლის ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში), მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა, როდესაც ის აღწევს საპენსიო ასაკს (საქართველოს კანონმდებლობით, ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის 60 წელია), ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს.