წელიწად-ნახევრის წინ, ჟურნალისტ თორნიკე ყაჯრიშვილისცხოვრებაში უმძიმესი დღეები დაიწყო.4 წლის შვილს - დათი ყაჯრიშვილს სიმსივნე დაუდგინდა.მამამ შვილის გადასარჩენად ბევრი იბრძოლა. ოჯახმა უმძიმესი გზა გაიარა. თუ როგორ გრძნობს დღეს დათი თავს, როგორია ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ თემაზე თორნიკე ყაჯრიშვილი AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.
უამბობს ასევე მის იმ მოულოდნელად გაჩენილ ჰობზე, რომელიც ესპანეთში 15-თვიანი ცხოვრებისას და იმ რთული დღეების პარალელურად ჩვენს კოლეგას გაუჩნდა...
- გასული წლის აპრილის ბოლოს დათი კახეთში ჩემს მშობლებთან მიმყავდა, ძალიან უყვარს იქ ყოფნა. გზაში ბევრი ტკბილეული ჭამა და აღებინა. ჩავთვალე, რომ იმ ტკბილეულით მოიწამლა. ჩავედით, დავტოვე და ისევ თბილისში წამოვედი. ღებინება რამდენჯერმე გაუმეორდა, - უბრალო ინტოქსიკაციას აღარ ჰგავდა, ღებინების საწინააღმდეგო წამალიც არ მოქმედებდა. დედაჩემმა დამირეკა, - გაუწყლოება რომ არ დაემართოს, კლინიკაში წავიყვანეთ, გადასხმას ვუკეთებთო. გავქანდი და ზუსტად იმ დროს მივედი კლინიკაში გადასხმა რომ დასრულდა. ბავშვი რომ წამოვაყენე, თვალი უეცრად შიგნით შეუვიდა - წამიერად დაელმდა. პანიკაში ჩავვარდი, - რა სჭირს-მეთქი? – ვყვიროდი. ექიმები შემოცვივდნენ, სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ. არადა, ანალიზები წესრიგში იყო.
მერე თქვეს, მოდი, გადასხმის შემდეგ დავასვენოთ, დაიძინოს, დავაკვირდეთ და ვნახოთო. რომ გაიღვიძა, თვალი უარესად ჰქონდა. ძალიან შემეშინდა, იქიდან ღამევე წამოვიყვანეთ და თავის პედიატრთან მივიყვანეთ. შეამოწმა, ყველაფერი წესრიგში იყო და საკონსულტაციოდ ნევროპათოლოგთან გაგვიშვა. ექიმმა ნევროლოგიურადაც ვერაფერი აღმოაჩინა, მაგრამ საშინელი სიელმე ჰქონდა და იმ სიელმემ გარეგნულად ძალიან შეცვალა... მერე გვითხრეს მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია სასწრაფოდ უნდა გაკეთდესო. ნარკოზის გარეშე ვერ გაკეთდებოდა, რადგან ბავშვია, იმოძრავებდა და გაუნძრევლად 45 წუთი ვერ გაჩერდებოდა, რაც კვლევას ხელს შეუშლიდა. მოკლედ, დააძინეს, ჩვენ გარეთ ველოდებოდით. 15 წუთში ექთანი გამოვიდა და შეგვატყობინა, რომ ყაჯრიშვილის მშობლებს ექიმი ეძახდა. ძალიან შემეშინდა... ახლაც ყურში ჩამესმის ექიმის ის ინტონაცია და პირველი კითხვა, რაც მეც და თაკოს, დათის დედას დაუსვა. ეს ერთი შვილი გყავთ?! ამან საეროდ გამაგიჟა და მონიტორზე გვაჩვენა რაღაც მრგვალი სიშავე და გვითხრა, რომ სამწუხაროდ სიმსივნეა.
- რა მძიმე მოსასმენი იქნებოდა...
- ამის გაგონების შემდეგ აღარ მახსოვს, რადიოლოგის ოთახიდან კლინიკის ეზოში როგორ აღმოვჩნდი. ეგ ყველაფერი ამოვარდნილი მაქვს გონებიდან - მახსოვს, რომ ისტერიკულად ვბღაოდი, ნაცნობ ექიმებთან ვრეკავდი და ვეკითხებოდი, რა უნდა მექნა.
აღმოჩნდა, რომ დათის სიმსივნე თავის და ზურგის ტვინის შეერთებასთან, მეოთხე პარკუჭთან ჰქონდა. იყო მედულობლასტომა, რომელიც არავინ იცის, როდის, რა დროს, რა მიზეზით გაიზარდა. მანამდე დათი 4 წლის ისე გახდა, რომ ერთხელ არ უთქვამს, თავი მტკივაო, ან თავბრუ დამეხვაო. თან გეგმიურად ანალიზებს ყოველთვის ვუკეთებდით და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
მოკლედ, იმ დროს სამყარო ჩამომენგრა და ჩამომეშალა. ბრინჯივით დავიფანტე, მორალურად გავნადგურდი და მერე მთელი ერთი თვე ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად გონება მომეკრიბა. ჩემგან განსხვავებით, დათის დედამ, თაკომ იყოჩაღა, გონზე სწრაფად მოვიდა. იქიდანვე ადგა და დისკით ნეიროქირურგთან გაიქცა. ნეიროქირურგმა დაადასტურა, რომ ეს ის დიაგნოზი იყო, რაც რადიოლოგმა თქვა და ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო... დიაგნოზის გაგებიდან მესამე დღეს ოპერაცია რკინიგზის საავადმყოფოში ჩატარდა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს.
- გადასხმა მანამდე არასდროს ჰქონდა გაკეთებული?
- პირველი იყო და სწორედ მაგ გადასხმამ გამოიწვია სიმსივნის შეშუპება, რაც მერე მხედველობის უბანს მიაწვა. ეგ რომ არა, შეიძლება ვერც გაგვეგო ამ სიმსივნის შესახებ და უკვე მაშინ შეგვეტყო, როცა ორგანიზმში მეტასტაზები იქნებოდა წასული... სიმსივნე პარკუჭში იყო მოთავსებული და არსად იყო გასული, მასშივე გაიზარდა. მხედველობის უბანს რომ მიაწვა, სიელმეც ამან გამოიწვია.
- დიდხანს მიდიოდა ოპერაცია?
- სამი საათი, მაგრამ ჩემთვის სამი საათი სამი საუკუნე იყო. პირველად ხომ მაშინ მოვკვდი, როდესაც დიაგნოზის შესახებ გავიგეთ და მეორედ, როდესაც ჩემი შვილი საოპერაციოში ჩემი ხელით შევიყვანე. არ შედიოდა და საკუთარი ხელით გავუკეთე ნარკოზი... არავინ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ის ყველაფერი... განაგრძეთ კითხვა