ბევრ თანამედროვე ოჯახში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბავშვის წინაშე გაშიშვლება ბუნებრივი ქცევაა. ზოგი ფიქრობს, რომ ასე ბავშვს სხეულის მიღებას, ბუნებრიობის სიყვარულს ან თავისუფალ დამოკიდებულებას ასწავლის. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ სიშიშვლეში არაფერია სირცხვილო — რომ ბავშვს ისედაც უნდა ესმოდეს, როგორია ადამიანის სხეული. შეიძლება მშობელი უბრალოდ სამოსს იცვლიდეს ბავშვის წინაშე და თვალისგან მორიდება საჭიროდ არ მიიჩნიოს.
სპეციალისტების შეფასებით, შიშველი სიარული ბავშვის თანდასწრებით სერიოზულად არღვევს მის ფსიქოლოგიურ საზღვრებს და შეიძლება ძლიერი ემოციური და სექსუალური ტრავმები გამოიწვიოს მომავალში.
ფსიქოანალიტიკოსები ამას მიაკუთვნებენ ფალიკურ სტადიაზე ფიქსაციას — ანუ იმ ეტაპს, როცა ადამიანმა ბავშვობაში (დაახლოებით 3–6 წლის ასაკში) ვერ გადალახა საკუთარი სხეულის და სექსუალობის აღქმის ბუნებრივი ფაზა. ასეთ ქცევაში ხშირად იკვეთება მშობლის ფსიქიკური უმწიფრობა და შვილთან როლის აღრევის საფრთხე. ექსპერტების აზრით, მსგავსი ინცესტუალური ელემენტების არსებობა ოჯახში ბავშვზე მძიმედ მოქმედებს — არღვევს მის სხეულისადმი დამოკიდებულებას, იდენტობის ჩამოყალიბებას და სექსუალურ განვითარებას.
ეს ქცევა ეწინააღმდეგება ბავშვის პირადი საზღვრების დაცვის მთავარ წესს — ბავშვის სხეულის უსაფრთხოების მთავარ პრინციპს. როცა ბავშვი ხედავს უფროსს შიშველს, მისთვის ეს ნორმად ყალიბდება და მომავალში ვერ აღიქვამს საფრთხეს პედოფილის მხრიდან, რადგან საზღვრები უკვე ბუნდოვნად აქვს ჩამოყალიბებული.
ბავშვთა ფსიქოლოგების თქმით, არ შეიძლება მშობელმა იბანავოს ან შეეხოს ბავშვის სასქესო ორგანოებს 3-4 წლის ასაკის შემდეგ. ბავშვის წინაშე შიშველი სიარული — თუნდაც ქვედა საცვლებით — არის ინცესტუალური და ნარცისული ქცევა, სადაც მშობელი მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს და არა ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. ბავშვი იძულებულია დამალოს საკუთარი სირცხვილი და დისკომფორტი.
სპეციალისტების თანახმად, ბავშვის პირადი საზღვრები იწყებს ჩამოყალიბებას დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, ამიტომ ამ დროიდანვე მშობელმა უნდა შეინარჩუნოს პირადი სივრცე და გამოიყენოს ჩვეულებრივი ტანსაცმელი. სამი წლის შემდეგ ბავშვმა უკვე თავად უნდა დაიბანოს და გაიმშრალოს სხეული, ხოლო ხუთი წლის ასაკიდან უნდა ისწავლოს აბაზანით სარგებლობა დამოუკიდებლად.
ფსიქოლოგები აფრთხილებენ მშობლებს, რომ ბავშვის მიყვანა საზოგადოებრივ გასახდელში ზრდასრულებთან ერთად ასევე საზიანოა. ასეთ გარემოში ბავშვი ხედავს სხეულებს თავისი სიმაღლიდან და ვიზუალური შთაბეჭდილებები შეიძლება მყარად ჩაიბეჭდოს ფსიქიკაში. ამასთან, ეს იწვევს დისკომფორტს სხვა ადამიანებშიც.
ფროიდის თეორიების თანახმადაც, მოზარდამდე ასაკში ზედმეტად ღია სიშიშვლე ზრდასრულთა მხრიდან შესაძლოა ფსიქიკურ ტრავმად იქცეს და სხეულისა და სექსუალობის დამახინჯებული აღქმა გამოიწვიოს. ამიტომ ბავშვს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა სხეულის ხელშეუხებლობაზე და სხვისი სახზღვრების პატივისცემაზე.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ სიშიშვლე არ არის გზა ბავშვში სხეულისადმი ბუნებრივი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. იმისთვის, რომ ბავშვმა არ იგრძნოს სირცხვილი ან აკრძალვისადმი გადაჭარბებული ინტერესი, საჭიროა არა შიშველი მაგალითები, არამედ გულახდილი საუბარი. მშობლებმა უნდა შეძლონ ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა სექსი, სხეული და განსხვავებები სქესებს შორის, უშუალოდ და სწორი ტერმინოლოგიით — ეს ბევრად უფრო ჯანსაღად აყალიბებს ბავშვის ცნობიერებას, ვიდრე „ბუნებრივობის“ შიშვლად დემონსტრირება.