ზუსტი შედეგის მისაღებად აუცილებელია როგორც უახლესი თაობის აპარატი, ისე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი რადიოლოგი, რომელიც კვლევის შედეგს ზუსტად გაშიფრავს. ეს კი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა.
კვლევის უპირატესობებს ისიც ამყარებს, რომ მას არ გააჩნია დასხივება სხვა ტიპის რადიოლოგიური კვლევებისგან განსხვავებით. უფრო დეტალურად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი რადიოლოგი ნათია კბილაშვილი გვესაუბრება.
- რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კვლევა თანამედროვე მედიცინაში?
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არაინვაზიური რადიოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მეთოდია. ის ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ორგანოების დეტალურ სტრუქტურულ გამოსახულებას იძლევა და რადიოლოგიურ კვლევებში ყველაზე ინფორმაციულია. მისი საშუალებით დაავადების ამოცნობა განვითარების ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება, რადგან ის გამოიყენება არა მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის, არამედ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის.
- აქვს თუ არა კვლევას დასხივება? რამდენად უსაფრთხოა ის პაციენტისთვის?
- მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას არ აქვს სხივური დატვირთვა. ის გამოსახულების მისაღებად არ იყენებს მაიონიზირებელ გამოსხივებას, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი. სწორედ ამიტომ კვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხოა და მისი ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის ორსულისა და მცირეწლოვნისთვის.
აღნიშნულში მარტივად დარწმუნდებით, თუ კვლევის ჩატარების პრინციპს განვიხილავთ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებად იყენებს წყალბადის ატომებს, უფრო ზუსტად კი მათ ბირთვში არსებულ პროტონებს. სწორედ პროტონების განლაგებისგან ინფორმაციის მიღებაზეა დამყარებული კვლევა. ძლიერ მაგნიტურ ველში მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმში არსებული წყალბადის ყველა ატომი მაგნიტური ველის მიმართულების პარალელურად განთავსდება. კვლევის დროს აპარატი გზავნის ელექტრომაგნიტურ სიგნალს, რომლის ზემოქმედებითაც წყალბადის ატომები აღიგზნება და სიგნალის გენერირებას ახდენს. მიღებული სიგნალის კომპიუტერული დამუშავება და გამოსახულების მიღება გახლავთ კვლევის ბოლო საფეხური.
- სჭირდება თუ არა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას მომზადება?
- როგორც წესი, კვლევას წინასწარ მომზადება არ სჭირდება. თუმცა კვლევის წინ თითოეული პაციენტი ავსებს სპეციალურ კითხვარს. გამოკითხვის ფარგლებში თუ გაირკვა, რომ მას სხეულში მეტალის ნივთები აქვს, კვლევის ჩატარება შეუძლებელი ხდება.
- რომელი დაავადებების დიაგნოსტირების დროს არის ის საუკეთესო ალტერნატივა?
- როგორც აღვნიშნეთ, ის კვლევის შეუცვლელი მეთოდია, რადგან ექიმებს დაავადების დროულად გამოვლენასა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში ეხმარება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დიდ როლს ასრულებს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში. ნევროლოგიაში კვლევის მეშვეობით ხდება თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების დიაგნოსტირება. ტომოგრაფიას მიმართავენ არა მხოლოდ ქსოვილების სტრუქტურული შეფასებისთვის, არამედ მათი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრისთვის.
კვლევის ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება აბდომინალურ, გინეკოლოგიურ და უროლოგიურ მიმართულებაში. მისი დახმარებით შესაძლებელია ღვიძლის, პანკრეასის, ელენთის, თირკმელებისა და სხვა შინაგანი ორგანოების დეტალური გამოკვლევა. ოქროს სტანდარტია სანაღვლე სადინარების შეფასებაში. მნიშვნელოვანია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში. ფართოდ გამოიყენება ძვალ-სახსროვანი სისტემების დაავადებების დიაგნოსტიკაში მყესებისა და კუნთოვანი სისტემის შეფასებისას. ის ასევე შეუცვლელია ხერხემლისა და დისკის თიაქრების კვლევისას. გამოიყენება კარდიოლოგიაშიც, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია გულის სტრუქტურისა და ფუნქციის შეფასება. უდიდესია კვლევის როლი ანგიოლოგიაშიც. მაგალითად, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა საშუალებას იძლევა საკონტრასტო ნივთიერების გარეშე გამოვიკვლიოთ თავის ტვინის სისხლძარღვები, არტერიები და ვენები და მოვახდინოთ ანევრიზმის დროული დიაგნოსტირება. კვლევას ხშირად იყენებენ მამოლოგიაში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის როლი ონკოლოგიაში. კვლევის საშუალებით შესაძლებელია ძალიან მცირე ზომის პათოლოგიური კერის აღმოჩენა და დროული დიაგნოსტირება, სიმსივნური წარმონაქმნის სტრუქტურის დეტალური შეფასება, მისი ხასიათისა და ლოკალიზაციის დადგენა, ადგილობრივი და შორეული გავრცელების დადგენა.
- რამდენად ხშირად მიმართავენ პაციენტები MRI-ის პროფილაქტიკური კვლევის მიზნით? რომელი დაავადებების პროფილაქტიკური კვლევების დროს არის რეკომენდებული?
- მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ფართოდ გამოიყენება პროფილაქტიკური სკრინინგის მიზნით. გვქონია შემთხვევები, როდესაც სკრინინგული კვლევის დროს აღმოგვიჩენია ინციდენტალური სიმსივნეები ძალიან ადრეულ ეტაპზე. ადრეული დიაგნოსტიკა კი წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ტარდება მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგი. ის მიზანშეწონილია პროფილაქტიკის მიზნით, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება, ჯერ კიდევ არ გამოვლენილი პათოლოგიების დროს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი პაციენტი მოგვმართავს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების მიზნით.
- რა უპირატესობებით გამოირჩევა „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი სხვა კლინიკებთან შედარებით?
- „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიური დეპარტამენტი ძლიერი ტექნიკური აპარატურით გამოირჩევა. ის აღჭურვილია ახალი თაობის, მაღალი გარჩევადობის MRI აპარატებით, რომელთაგან ორი გახლავთ 3 თესლა, ერთი კი - 1,5 ტესლა. ჩვენი პარატები გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხითა და სიმძლავრით, რაც სწორი დიაგნოზის საწინდარია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს დეპარტამენტში რამდენიმე აპარატია, რაც მაღალი მოთხოვნის პირობებშიც კი ამცირებს მოლოდინის დროს.
- რამდენად სწრაფად იღებს პაციენტი კვლევის შედეგს?
- ზოგადად, პასუხების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. „ნიუ ჰოსპიტალსში“ სტანდარტულად ეს დრო არის 24-48 საათი. თუმცა საჭიროებისამებრ იმავე დღესაც გავცემთ დასკვნას.
ზოგადად, MRI-ის გადაღება საქმის მხოლოდ ნახევარია. ამ შემთხვევაში სურათის სწორი ინტერპრეტაცია უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური რადიოლოგები, რომლებიც მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. მათი და მაღალტექნოლოგიური აპარატების ერთობლივი მუშაობა კი ზუსტი დიაგნოზის საწინდარია.
- რამდენადაც ცნობილია, კვლევას თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი, რომელიც უკავშირდება დახურულ სივრცეს, ვიწრო გვირაბსა და ხმაურს. რას სთავაზობთ პაციენტებს კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
- დიახ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფების მუშაობისას გამოიცემა სპეციფიკური, რიტმული ხმაური. ამიტომ პაციენტს ხმაურის ჩასახშობად ვთავაზობთ ყურსასმენს ან ყურის საცობებს.
ამასთან, კვლევის პროცესში სამედიცინო პერსონალი მუდმივ კავშირზეა პაციენტთან, რომელსაც სპეციალური ღილაკის საშუალებით შეუძლია კონტაქტი. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში კვლევის შეწყვეტაც შეუძლია.
კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის კი სასიამოვნო ამბავი ის გახლავთ, რომ ჩვენს აპარატს გენტრის ყველაზე დიდი გვირაბი აქვს. ამიტომ ის დახურული სივრცის შეგრძნებას არ ტოვებს.
R