""დღეს ჩვენი განათლების სისტემა შრომის ბაზარს კვალიფიციურ კადრებს ვერ აწვდის... რეფორმა ყველა მიმართულებას არ შეეხება" - მინისტრის მოადგილე განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე - მშობლები

"დღეს ჩვენი განათლების სისტემა შრომის ბაზარს კვალიფიციურ კადრებს ვერ აწვდის... რეფორმა ყველა მიმართულებას არ შეეხება" - მინისტრის მოადგილე განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე

2025-10-20 12:04:44+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და იმ მოსაზრებებს ეხმაურება, რომლებიც განათლების რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოებაში გავრცელდა:

- ბოლონიის პროცესი უმაღლესი განათლების სისტემის მოწყობას ეხება. შესაბამისად, იმ დოკუმენტში ზოგადი განათლება მოხსენიებული ვერ და არ იქნება. არც 12 წელზე, არც 11 წელზე - ზოგად განათლებაზე არაფერი წერია. ეს უმაღლესი განათლების მოწყობას ეხება. კონკრეტულად, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნაზეა საუბარი. რაც დოკუმენტში არ წერია, აპელირება იმაზე ხდება. რადგან ევროპის სკოლების უმრავლესობაში 12 წელია, ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. რეალურად, პრობლემა ბოლონიის პროცესს კი არ ეხება, პრობლემა ეხება იმ სტუდენტების მცირე რაოდენობას, რომლებსაც უცხოეთში ბაკალავრზე უნდათ სასწავლებლად წასვლა. ესეც განსხვავებულია. ჩვენთან ძირითადი მოთხოვნა არის ხოლმე ის, რომ უნდათ, მაგისტრატურაზე წავიდნენ. ამ შემთხვევაში, ეს ეხება კონკრეტულად იმ ძალიან მცირე რაოდენობას, რომლებსაც უნდათ, რომ სასწავლებლად უცხოეთში ბაკალავრზე წავიდნენ. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მცირე რაოდენობაა, თუ ჭარბი. ჩვენ, როგორც სამინისტრო და სახელმწიფო, ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეულ სტუდენტს განათლებაზე სათანადო ხელმისაწვდომობა ჰქონდეს. პრობლემის უგულებელყოფას არავინ აპირებს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომაცაა, რომ ეს კონცეფცია საჯარო განხილვაზე გამოვიტანეთ და განხილვის გარეშე არ დამტკიცდა. მნიშვნელოვანია, ამ თემების ირგვლივ ვიმსჯელოთ. მაგრამ, რაც არ წერია, იმაზე ვსაუბრობთ ამდენი ხანია. იმაზე არ ვსაუბრობთ, რეალურად რა წერია და რეალურად ამ რეფორმით რა გვარდება.

ბოლონიის პროცესის დოკუმენტში ერთ-ერთი მოთხოვნა სოციალური განზომილებაა. შავით თეთრზე წერია, რომ პროცესში მონაწილე ქვეყნები ვალდებულები არიან, ყველა სტუდენტისთვის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განათლების სისტემა დღეს ვერ აკმაყოფილებს. ამაში მოიკოჭლებს. აქედან გამომდინარე, ახალი რეფორმის პუნქტები სწორედ ხელმისაწვდომობის გაზრდას პასუხობს. ამოცანებში ხარისხის გათანაბრებაზეა საუბარი. არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტი სად ისწავლის - თანაბარი ხარისხის განათლება უნდა მიიღოს. ასევე, გეოგრაფიულ გაშლაზეა საუბარი. გვინდა, რომ დეკონცენტრაცია გავაკეთოთ. შევქმნათ ორი აკადემიური კერა. საუნივერსიტეტო ქალაქად ჩამოყალიბდება როგორც ქუთაისი, ისე თბილისი. ქუთაისი იდეალური ქალაქია იმისთვის, რომ სტუდენტურ ქალაქად იქცეს.

პუნქტებში გამართულ ინფრასტრუქტურასა და ხელმისაწვდომ საერთო საცხოვრებლებზეა საუბარი, რაც ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ სტუდენტს აღარ ექნება იმაზე საფიქრალი, სად გაჩერდეს და სად იცხოვროს. ასევე, სხვა ქალაქებშიც არსებული აკადემიური ინფრასტრუქტურა გაძლიერდება.

ძალიან მალე ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაცია იგეგმება. იქ უკვე დეტალურად იქნება განხილული, რა ვადებში რა ცვლილებები განხორციელდება. მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, რომ რესურსცენტრების გაძლიერება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, მასწავლებლის სახლის კონცეფციის გაძლიერება იგეგმება. თუმცა, უფრო კონკრეტულად პრეზენტაციაში მოვისმენთ.

ეს რეფორმა ტარდება იმისათვის, რომ მშობელს ჰქონდეს ნდობა, რომ მისი შვილი სრულყოფილ საბაზისო განათლებას მიიღებს და კონკურენტუნარიანი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, სხვადასხვა ქვეყანას გადავხედავთ, როგორც ბოლონიის პროცესში მონაწილე ზოგიერთ ქვეყანაში სკოლებში 13-წლიანი სწავლაა, უნივერსიტეტში 3+1 პროგრამები არსებობს. უნივერსიტეტებში 3-წლიანი პროგრამები ახლა ძირითადად ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით გვაქვს. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისეთ ვითარებაში, სადაც ეკონომიკა ელვის სისწრაფით ვითარდება. ამას ხელოვნური ინტელექტის ელვის სისწრაფით განვითარება ემატება და გვჭირდება ისეთი განათლების სისტემა, რომელიც ამ გამოწვევებს პასუხობს. სხვათა შორის, ბოლონიის პროცესში ისიცაა ნახსენები, რომ განათლების სისტემამ სახელმწიფოსა და არსებულ გამოწვევებს ფეხი უნდა აუწყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ 4+2 მოდელი გვჭირდება, არამედ პროფესიული განათლების განვითარება გვინდა, 3+1, 4+2 - ნებისმიერი კომპონენტი გვჭირდება, რომლებიც ადამიანების დასაქმების ბაზარზე გასვლას ხელს შეუწყობს. იმიტომ, რომ ჩვენ დღესდღეობით შრომის ბაზარსა და კვალიფიციურ კადრებს შორის ძალიან დიდი ცდომილება გვაქვს. დღეს ჩვენი განათლების სისტემა შრომის ბაზარს კვალიფიციურ კადრებს ვერ აწვდის, რომელსაც ამის ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს. ეს რეფორმა ყველა მიმართულებას არ შეეხება. მაგალითად, მედიცინას 3 წელიწადში ვერავინ ისწავლის. ეს არც ვეტერინარიას, არც სტომატოლოგიას არ შეეხება. ამაზე ექსპერტების ჯგუფი მუშაობს. ჰუმანიტარულ მიმართულებებს, როგორებიცაა: პოლიტიკური მეცნიერება, ეკონომიკა, მენეჯმენტი - მათ ცვლილება შეეხება, რადგანაც ამ სპეციალობების დაუფლება 3 წელიწადში სავსებით საკმარისია.

პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების ინტერესი იზრდება. წელს თითქმის 24 ათასამდე აპლიკანტი გვყავდა და ასეთი მონაცემი არასდროს დაფიქსირებულა. ის სტიგმაც მარცხდება, რაც რეალურად გამოგონილია და ვებრძვით ძალიან დიდი ხანია. არა მხოლოდ რეფორმის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, პროფესიული განათლების მიმართულებით მოთხოვნის ზრდას ველოდებით. სხვადასხვა პროექტი და აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, როგორებიცაა, მაგალითად, სახელოსნოების გაკეთება, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნება, ხარისხის გაუმჯობესება და სხვა.