"მის აღზრდას არ ვაპირებ..." მას მერე, რაც ქართველი მომღერალი რუსეთში ცხოვრობს, მის მიმართ სულ გამძაფრებულია ყურადღება. ამას ქეთაც თავიდანვე უწყობდა ხელს – სკანდალური განცხადებებით, ქცევებით, პლასტიკური ოპერაციით, ჭორებით მისი რომანების შესახებ და ა.შ. მისი სტილი და გემოვნება თავიდანვე დააფასეს რუსებმა და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანია რუსულ შოუბიზნესში. არც ისე დიდი ხანია, ქეთა გათხოვდა მილიონერ ლევ გეიხმანზე და ამბობენ, რომ ორსულად არის. თავად ამ ხმებს არც ადასტურებს, არც უარყოფს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზოგიერთ ფოტოზე საეჭვოდ ჰგავს ორსულს.
მის ქმარს, ცნობილ ბანკირს, ძალიან უყვარს ბავშვები და ამბობენ, რომ მოუთმენლად ელოდება შვილს. ასევე ელოდება პატარას დაბადებას გეიხმანის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და შესაბამისად - ქეთას გერი. სონია გეიხმანი უკვე 15 წლისაა, საკმაოდ კარგი გარეგნობისაა და ძალიან მეგობრობს დედინაცვალთან. მის გემოვნებასაც იზიარებს და ხშირად იმეორებს კიდეც ქეთას სტილს. "როცა მასთან ჩავდივართ შვეიცარიაში, საყიდლებზე ერთად დავდივართ და ხშირად ვეხმარები სამოსის შერჩევაში", - ამბობს ქეთა.
რაც შეეხება მასთან დედა-შვილურ ურთიერთობებს, ამაზე ქეთას ასეთი პასუხი აქვს: "ხანდახან სონია რჩევას მეკითხება და მეც ვცდილობ დავეხმარო, თუმცა მის აღზრდას არ ვაპირებ. მგონია, რომ ჩემი მხრიდან ეს სწორი არ იქნება, მე ხომ მისი ღვიძლი დედა არ ვარ. ქმარი ამის გამო მეჩხუბება კიდეც, მას მიაჩნია, რომ სონიასთვის არა მხოლოდ მეგობარი უნდა ვიყო, არამედ დამრიგებელიც".
ქეთა რომ გაიცნო, სონია 11 წლის იყო, ახლა უკვე 15 წლის გოგონაა. შვეიცარიაში ცხოვრობს და სწავლობს, იქ მყოფი რუსი მილიონერების შვილებთან მეგობრობს. კარგად უკრავს ფორტეპიანოზე და ნიჭიერი გოგონაა.
ლევ გეიხმანის მამა საკმაოდ ცნობილი მეცნიერი და აკადემიკოსია, სამთო ინჟინერი, პროფესორი. დედაც ინტელიგენტია. თავად ლევსაც საკმაოდ სერიოზული განათლება აქვს მიღებული. სხვათა შორის, ასევე ინჟინერ-ქიმიკოსია ქეთას დედა.
ჯერჯერობით ქეთა თავისუფალი კაბებით მალავს ორსულობას. თუმცა სულ მალე ალბათ მეტად დაეტყობა მუცელი და მერე უკვე იმაზე დაიწყებენ წერას რუსულ პრესაში, როგორი მოდური და გემოვნებიანი ორსულია ქართველი მომღერალი.