რამდენიმე დღის წინ, Hulu-ს სტრიმინგ-პლატფორმაზე ახალი სერიალის "მერდო: სიკვდილი ოჯახში" პრემიერა გაიმართა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უამრავი მაყურებელი ელოდებოდა. სერიალი მდიდარი იურისტის, ალექს მერდოს რეალური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს და წარმოუდგენელ დეტალებს ამჟღავნებს:
რეალურმა ამბავმა განსაკუთრებული ყურადღება ცნობილი ადვოკატის წარმომავლობის გამო მიიპყრო. ალექს მერდო სამხრეთ კაროლინას გავლენიანი და მდიდარი ოჯახიდანაა და თავადაც უამრავი ადამიანი იცნობდა. გამოძიების დასაწყისში, კაცი, რომელიც გარემოებების მსხვერპლსა და უიღბლო მამას ჰგავდა, ბოლოს ურჩხულად გამოვლინდა, რომელიც ცოლ-შვილის მკვლელობას სრულიად უემოციოდ გეგმავდა, წლების განმავლობაში ითვისებდა იმ ფირმიდან თანხებს, სადაც მუშაობდა, იყო ფარული ნარკომანი, ძალადობდა ღარიბ და სუსტ ადამიანებზე და ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა.
2021 წლის 7 ივნისს, რიჩარდ ალექსანდრ "ალექს“ მერდომ პოლიცია გამოიძახა და სასოწარკვეთილი ხმით უთხრა ოპერატორს, რომ აგარაკზე თავისი უმცროსი ვაჟის, პოლისა და მეუღლის - მეგის ცხედრები აღმოაჩინა. ცნობილი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მას ღამე ცოლ-შვილთან არ გაუტარებია. მამაკაცი ამბობდა, რომ იმ ღამით დედასთან იყო წასული, რომელიც დემენციით იტანჯებოდა. მეორე დილით კი აგარაკზე მისულს, საშინელი სურათი დახვდა… ალექსი ასევე ამბობდა იმასაც, რომ უცნობი პირებისაგან დიდი ხნის განმავლობაში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა და მკვლელობასაც მათ აბრალებდა...
აღსანიშნავია, რომ მერდოების ოჯახის სამი თაობა 1920 წლიდან 2006 წლამდე სამხრეთ კაროლინაში ოლქის პროკურორებად მსახურობდა. მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გავლენიანი იურიდიული დინასტია დააარსეს. ოჯახს უამრავი ადამიანი იცნობდა. ოჯახის პოპულარობის გამო, ადგილობრივებმა ხუთ საგრაფო ოლქს „მერდოს ქვეყანა“ შეარქვეს.
ალექს მერდო მამისა და ბაბუის კვალს გაჰყვა - იურიდიული კოლეჯი დაასრულა, ოჯახურ ფირმაში პრაქტიკა გაიარა და ასობით წარმატებული საქმე ჰქონდა.
თავდაპირველად, ოჯახის დინასტიის მემკვიდრე პირადი ზიანის სარჩელებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო ხელისუფლებისგან კარტ-ბლანში მიიღო: ახალი კანონი მოსარჩელეებს საშუალებას აძლევდა, აერჩიათ თავიანთი დავის განსახილველი სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლოთ სარჩელის შეტანა იმ იურისდიქციაში, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე ხელსაყრელ გადაწყვეტილებას მიიღებდა. სამხრეთ კაროლინელებმა სარჩელების შეტანა ნებისმიერ ოლქში დაიწყეს, სადაც მათ ქონება ჰქონდათ და - საქმეების მოგება. ამან მერდოს საშუალება მისცა, საქმეები მარტივად გაეგრძელებინა და ფულის შემოდინება დაიწყო. იურისტად მუშაობის ცხრა წლის განმავლობაში ალექსმა თითქმის 14 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, ბოლოს გაკოტრების ზღვარზე მივიდა. საინტერესოა, რატომ გაკოტრდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადვოკატი მაშინ, როდესაც მას უამრავი კლიენტი ჰყავდა?..
ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როდესაც ალექსის უმცროსი ვაჟი, პოლ მერდო, 19 წლის ასაკში ნასვამ მდგომარეობაში ოჯახისთვის კუთვნილ ნავს მართავდა. ნავში მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ბიჭი ნავით მაღალი სიჩქარით ხიდის ბურჯს შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგონა - მელორი ბიჩი გარდაიცვალა, რომელიც წყალში გადავარდა და ცხედარი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იპოვეს. ამის შემდეგ მერდოების ოჯახის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა და უამრავი ადამიანი მათ დასჯას მოითხოვდა. თუმცა, მერდოების ოჯახმა გარდაცვლილი გოგონას ოჯახს დიდი კომპენსაცია გადაუხადა და საქმე დახურეს. ამბობენ, რომ თანხა საკმაოდ სოლიდური იყო და მერდოს ქონებაზე სერიოზულად იმოქმედა. როდესაც მან პოლიციაში დარეკა და მუქარაზე ისაუბრა, სწორედ პოლის მიმართ მუქარა იგულისხმა - თითქოსდა გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ემუქრებოდნენ და მათ მოკლეს სწორედ დედა-შვილი...
მოგვიანებით, გამოძიების მიმდინარეობისას შოკისმომგვრელი ფაქტები გამოიკვეთა: 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გავლენიანი ადვოკატი ოპიოიდებისადმი დამოკიდებულებითა და დეპრესიით იტანჯებოდა, კვირაში 50 000 დოლარზე მეტს ნარკოტიკებში ხარჯავდა.
მილიონობით დოლარის შემოსავლის მიუხედავად, ის იძულებული გახდა, საკუთარი იურიდიული ფირმიდან მილიონები მოეპარა.
იმ დღეს, როდესაც მეგი და პოლი გარდაცვლილები იპოვეს, ალექსს საკუთარი ფირმიდან დაუკავშირდნენ. ფირმაში აუდიტი ჩაატარეს და დადგინდა, რომ მან უამრავი თანხა მიითვისა. სამი დღის შემდეგ, ადვოკატს ფინანსური ანგარიშგების განსახილველად სასამართლო ჰქონდა დანიშნული.
მოგვიანებით სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც მერდოს ოჯახის წევრებმა და ცოლ-შვილმა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების შესახებ გაიგეს, კონფლიქტი დაიწყო, რამაც ალექსს მათი მკვლელობისკენ უბიძგა. ასევე, დადგინდა, რომ ალექსი მკვლელობის დღეს დედის სახლში კი არა, საკუთარ აგარაკზე იმყოფებოდა… თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სიმართლე მოგვიანებით გაირკვა.
იქამდე, ალექს მერდოს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოლ-შვილის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ მოხდა. მან 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ უცნობმა თავდამსხმელმა სოფლის გზაზე საბურავის შეცვლისას ესროლა. მერდო თავის არეში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. თუმცა, სატელეფონო ჩანაწერებით სულ სხვა რამ გაირკვა. მერდოს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი კურტის ედვარდ სმიტი თავად ალექსის ყოფილი კლიენტი იყო. მან აღიარა, რომ მერდო მკვლელობის დადგმას თავად სთხოვდა, რათა მის უფროს ვაჟს, ბასტერს, 10 მილიონი დოლარის დაზღვევა მიეღო. მაგრამ სმიტმა ვერ შეძლო და მერდო გადარჩა.
3 სექტემბერს, მკვლელობის მცდელობამდე ერთი დღით ადრე, მერდო საკუთარი იურიდიული ფირმიდან, Peters, Murdaugh, Parker, Eltzroth & Detrick, გადააყენეს. ფირმამ გადაყენების მიზეზად მილიონობით დოლარის მითვისება დაასახელა.
საქმე კიდევ უფრო გართულდა. გამოძიებამ პოლიცია კიდევ ერთ სიკვდილამდე მიიყვანა - 19 წლის სტივენ სმიტის გარდაცვალებაც ბურუსითაა მოცული. სტივენი იურისტის უფროსი ვაჟის, ბასტერ მერდოს სკოლაში სწავლობდა. 2015 წელს მისი ცხედარი გზაზე იპოვეს. ცხედარი მერდოების ოჯახის სახლიდან 16 კილომეტრში აღმოაჩინეს. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ სმიტს მანქანა დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. სმიტის დედა ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მოკლეს, რასაც სტივენის თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა ადასტურებდა. მოტივი შესაძლოა სიძულვილი ყოფილიყო, რადგან ის გეი იყო. მოგვიანებით გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებმაც იმ დღეს სმიტი ბასტერ მერდოსთან ერთად ნახეს. როგორც მოწმეები ამბობდნენ, ბასტერი და სმიტი ჩხუბობდნენ. ამის შემდეგ გავრცელდა ვარაუდი, რომ ბიჭი სწორედ ალექს მერდოს უფროსმა ვაჟმა, ბასტერმა, მოკლა. ალექსმა კი საკუთარი გავლენა და ცნობადობა გამოიყენა და შვილის დანაშაული დამალა…
მერდოების ოჯახში მათი დიასახლისიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გლორია სატერფილდი მათთან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, ქალს ძაღლი დაეჯახა და აივნიდან გადავარდა… მოგვიანებით, სატერფილდის ვაჟებმა ალექს მერდოს უჩივლეს და საქმე მოიგეს. ადვოკატს 4.3 მილიონი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თუმცა მას ეს თანხა არ გადაუხდია.
მოგვიანებით, როდესაც ადვოკატმა ჯასტინ ბამბერგმა დიასახლისის შვილების საქმე აიღო, მერდოს თაღლითობის კიდევ 20 მსხვერპლი აღმოაჩინა. მაგალითად, 2009 წელს ალექსმა ყრუ აფროამერიკელი მამაკაცის, ჰაკიმ პინკნის საქმე აიღო. მამაკაცი ავტოავარიაში მოყვა და რეანიმაციაში აღმოჩნდა. საბურავების მწარმოებელს უჩივლა და საქმე მოიგო, მაგრამ მხოლოდ თანხის ნაწილი მიიღო. კომპენსაციის უდიდესი ნაწილი ალქესმა მიითვისა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ის კლიენტების დიდ ნაწილთან ასე იქცეოდა. მათ საქმეების მოგებაში ეხმარებოდა, კომპენსაციის მიღებას ჰპირდებოდა, თუმცა რეალურად თანხის დიდი ნაწილი თავად მიჰქონდა. მერდო ძირითადად ღარიბებს ჩაგრავდა. თავიდან, დახმარების მიზნით, მათ საქმეებს სასამართლოში აწარმოებდა, შემდეგ კი კომპენსაციიდან იმდენს აძლევდა, რამდენიც "ეყოფოდათ".
ნარკოტიკებით ვაჭრობა, გადასახადებისგან თავის არიდება, დოკუმენტების გაყალბება, ჩვენებების გაყალბება, საბანკო თაღლითობა, თაღლითობის შეთქმულება, კლიენტების ანგარიშებიდან ქურდობა, ქონების მოტყუებით მოპოვება, ფულის გათეთრება და ბოლოს, მკვლელობა - გავლენიან ადვოკატს ბრალი 99 სხვადასხვა დანაშაულისთვის წაუყენეს.
2024 წლის 1 აპრილს მერდოს ფინანსური თაღლითობისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მამაკაცს ცოლ-შვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ფინანსური დანაშაულებისთვის კი 27 წელი. ასევე, 25 მსხვერპლისთვის ცნობილ ადვოკატს 8.7 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა.
ამბავი განსაკუთრებით რეზონანსული გახდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მენდი მეტნიმ პოლიციასთან თანამშრომლობა დაიწყო და პოდკასტის მეშვეობით დანაშაულების შესახებ უამრავ ადამიანს უამბო. შემდეგ ადვოკატის საქმით მწერალი ვალერი ბაუერლაინი დაინტერესდა და დაწერა წიგნი, რომელიც ბესტსელერად გადაიქცა. ავტორმა საკუთარ წიგნში ჩაწერა:
"სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ალექს მერდომ დაგვამახსოვრდა ადამიანად, რომელსაც შეეძლო, არა მხოლოდ ცოლისა და შვილის განადგურება, არამედ მკვლელობის სხვებისთვის დაბრალება, ყველაზე ძვირფასი კლიენტების მოტყუება, იურიდიული ფირმის პარტნიორებისა და უახლოესი მეგობრების მოტყუება და ოჯახისთვის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის დამალვა. კითხვა, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა, იყო: როგორ მოახერხა ასეთმა პატივცემულმა და მდიდარმა მოქალაქემ მის გარშემო ამდენი ადამიანის სიცოცხლის დანგრევა?“ - წერს ბაუერლაინი.
ახლა ცნობილი ადვოკატი სასჯელს სამხრეთ კაროლინის ციხეში იხდის. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. მასზე სერიალი კი ახლა გამოვიდა და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეიტყო მკვლელი ადვოკატის ამბები.