დედის ცრემლი ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოციური გამოცდილებაა. დედა არის მისი პირველი უსაფრთხო სივრცე, დამცველი და სიმყუდროვის მომნიჭებელი. ამიტომ, როცა ის ტირის, ბავშვი მიზეზს ვერ აცნობიერებს, მაგრამ მის სხეულსა და გონებაში ჩნდება შიში, დაბნეულობა და სურვილი, დაეხმაროს.
არადა, ძალიან ხშირად ახალგაზრდა დედების ნერვები ზღვარზეა და ძალიან ადვილად ეტირებათ. ამიტომ, ალბათ, დაგეხმარებათ იცოდეთ, რას განიცდის ატირებული დედის ნახვისას ბავშვი სხვადასხვა ასაკში.
0–2 წელი
ამ ასაკში ბავშვი ჯერ ვერ ხვდება, რას ნიშნავს ტირილი, მაგრამ ემოციას ძალიან ზუსტად გრძნობს. დედის ცრემლი მისთვის ნიშნავს საფრთხეს — თითქოს სამყაროში რაღაც არ არის წესრიგში. ის შეიძლება თავადაც ატირდეს, რადგან დედის ემოცია მის ნერვულ სისტემას პირდაპირ გადაეცემა. ბავშვს უჩნდება ძლიერი შფოთვა, თუმცა ვერ ახერხებს სიტყვიერად გამოხატოს ეს.
ბაღის ასაკი (3–5 წელი)
ბავშვი უკვე იწყებს ემოციების გარჩევას — იცის, რომ ტირილი უკავშირდება ტკივილს, სევდას ან წყენას. როცა დედას ატირებულს ხედავს, მას უჩნდება დანაშაულის განცდა: შეიძლება იფიქროს, რომ დედა მის გამო ტირის. ამავე დროს, მას უნდა დედის დახმარება, მაგრამ არ იცის,, როგორ მოიქცეს. ზოგჯერ თავადაც ტირის, ზოგჯერ კი ცდილობს სიცილით ან ჩახუტებით „გამოსწოროს“ დედის მდგომარეობა.
სკოლის ასაკი (6–10 წელი)
დაწყებითი კლასების ასაკში ბავშვი უკვე აცნობიერებს, რომ მოზრდილებსაც აქვთ საკუთარი პრობლემები. თუმცა, დედის ტირილი მაინც ძალიან მტკივნეულად აღიქმება. ის შეიძლება ფარულად შფოთავდეს, თავს პასუხისმგებლად გრძნობდეს ოჯახურ სიმშვიდეზე, ან დაიწყოს „დიდივით“ მოქცევა — ჩუმად ყოფნა, უფროსების არ შეწუხება, ემოციების შეკავება, ტკივილის და პრობლემის არგამჟღავნება, ამგვარი ქცევა ხშირად იწვევს შინაგან დაძაბულობას და შიშებს.
მოზარდობის პერიოდი (11–17 წელი)
მოზარდისთვის დედის ტირილი უკვე გაცილებით რთული ემოციური გამოცდაა. ერთი მხრივ, ის ცდილობს დაეხმაროს, მაგრამ ხშირად ვერ პოულობს სწორ სიტყვებს. მეორე მხრივ, ტირილი მისში აჩენს გაღიზიანებას ან ბრაზს — რადგან თავს უძლურად გრძნობს. ამ ასაკში დედის ცრემლი შეიძლება აღიქვას როგორც ემოციური წნეხი ან შანტაჟი, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა ტირილს იყენებს უკმაყოფილების გამოსახატად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოზარდმა დაინახოს დედა, რომელსაც აქვს გრძნობები, მაგრამ არ კარგავს ძალას და თვითკონტროლს.
რას უნდა გააკეთოს დედამ?
ბავშვის თვალწინ ტირილი ყოველთვის არ არის ცუდი — მთავარია, როგორ ახსნით მას. თუ აუხსნით, რომ „მე ძალიან დავიღალე, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება“, ეს ასწავლის ბავშვს, რომ ტირილი ბუნებრივი რეაქციაა და ემოციების გამოხატვა ნორმალურია. მაგრამ თუ დედა ტირილს მალავს ან პირიქით — კონტროლს კარგავს და შიშის ატმოსფეროს ქმნის, ბავშვს უჩნდება ემოციური არასტაბილურობა.მშობლის ამოცანაა აჩვენოს, რომ სევდა და ცრემლი არ ნიშნავს სისუსტეს — ისინი უბრალოდ ცხოვრების ნაწილი და გრძნობების გამოხატვის გზაა. როცა დედა ამის მაგალითს აძლევს, ბავშვი სწავლობს თანაგრძნობას, ემპათიას და საკუთარ ემოციებთან ჯანსაღად დამომკიდებულებას.