მას პლანეტის ყველაზე დაცულ ბავშვს უწოდებენ. მისი უსაფრთხოება იმდენად უზრუნველყოფილია, რომ ბევრ სახელმწიფოს მეთაურს შეშურდება.იმდენად გავლენიანია, რომ მის წინაშე ქედს იხრიან პატივისცემის და მორჩილების ნიშნად. მინისტრები, გენერლები და დიპლომატები ერთმანეთს ასწრებენ, რომ მის მიმართ პატივისცემა თუნდაც მზერით ან ჟესტით გამოხატონ. მსოფლიოს ცნობილი ადამიანებიც კი, ჰოლივუდის მსახიობები, სპორტის ლეგენდები, მასთან ურთიერთობაში სიფრთხილეს და ყურადღებას იჩენენ.
სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ქუჩებს კეტავენ, დაცვას აორმაგებენ.
ცხოვრებას დიდებულ სასახლეებში, კერძო თვითმფრინავებში, უიშვიათესი მარკის ავტომობილებში და ბრწყინვალე წვეულებებში ატარებს. მისი ყოველი დღე წუთებითაა გაწერილი, მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე კი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები ზრუნავენ.
ეს ბავშვი მაროკოს მეფის, მუჰამედ VI-ისა და პრინცესა ლალა სალმას ვაჟი მულაი ჰასანია. ის დიდებული დინასტიის და ტახტის ოფიციალური მემკვიდრეა - სიმბოლოა სიმდიდრის, ძალაუფლებისა და სრულიად სახელმწიფოსი.
მისი სახელი ყველას სმენია, ვისაც მსოფლიო მასშტაბის ელიტასთან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება. ის გამუდმებული ზრუნვის, მოწიწებისა და ყურადღების ქვეშ გაიზარდა. ისე უფრთხილდებიან, როგორ ძვირფას ქვას.
მულაი ჰასანი 2003 წლის 8 მაისს რაბატის სამეფო სასახლეში დაიბადა. სახელი ბაბუის, მეფე ჰასან მეორის პატივსაცემად დაარქვეს. ჰყავს უმცროსი და, პრინცესა ლალლა ხადიჯა.
ბავშვობა მულაი ჰასანმა მთლიანად სამეფო გარემოში გაატარა. სწავლობდა რაბატის სამეფო კოლეჯში — იმავე დაწესებულებაში, სადაც თავის დროზე მისი მამა და სამეფო ოჯახის სხვა წევრები სწავლობდნენ. პრინცი ძალიან წარმატებული სტუდენტია და ცნობილია როგორც დისციპლინირებული და მოტივირებული ახალგაზრდა.
2020 წელს სკოლის გამოცდები უმაღლეს ქულებზე ჩააბარა და იმავე წელს მუჰამედ მეექვსის სახელობის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა მმართველობის, ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს.
ჰასანი მრავალმხრივ ნიჭიერია - თავისუფლად საუბრობს არაბულად, ბერბერულ ენაზე, ინგლისურად, ფრანგულად და ესპანურად, რაც მას თანამედროვე, გლობალური ლიდერის იმიჯს უყალიბებს.
მულაი ჰასანი მოზარდობიდანვე ჩართულია სამეფო შეიარაღებულ ძალებში. მას საპატიო წოდებები აქვს სამეფო გვარდიაში, არმიასა და საჰაერო ძალებში. 2025 წელს პოლკოვნიკ-მაიორის წოდებით დაწინაურდა, რაც მიანიშნებს, რომ თანდათან სამეფო არმიის მეთაურობისთვის ამზადებენ. მაროკოს მონარქიაში სამხედრო გამოცდილება პრინცის აღზრდის ტრადიციული ნაწილია, რადგან იგი მომავალში ქვეყნის თავდაცვის უზენაესი მთავარსარდალი გახდება.
მულაი ჰასანი აქტიურად არის ჩართული მეფე მუჰამედ მეექვსეს დღის წესრიგში. ის ჯერ კიდევ 10 წლის ასაკიდან ახლავს მამას სახელმწიფო ვიზიტებსა და ცერემონიებზე. საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 14 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა საფრანგეთში გამართულ One Planet Summit-ზე ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. ამ გამოსვლამ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა როგორც თავდაჭერილ და განათლებულ ახალგაზრდა ლიდერს.
2019 წლის 28 ივნისს მან მეფე მუჰამედ მეექვსე წარმოადგინა ტანჟერის პორტ Tanger Med II-ის გახსნაზე, რომელიც აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო ცენტრად ითვლება. იმავე წლის სექტემბერში პრინცი პარიზში ყოფილი ფრანგი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის დაკრძალვას დაესწრო და მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ სადილში ელისეს სასახლეში.
2022 წელს მულაი ჰასანმა მუჰამედის ბიოგრაფიისა და ისლამური ცივილიზაციის საერთაშორისო მუზეუმი (ICESCO-ს სათავო ოფისში, რაბატში) გახსნა. იმავე წლის დეკემბერში მან მეფესთან და ბიძასთან ერთად მაროკოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგით წარსდგა. ეს შეხვედრები პრინცს წარმოაჩენს როგორც სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელს, რომელიც უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ჩამოყალიბებაში.
მულაი ჰასანი ცნობილია თავშეკავებული, მაგრამ თავდაჯერებული ხასიათით. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი ზომიერია, ცნობილია, რომ იგი განსაკუთრებით ფეხბურთის, კალათბურთის და ცხენოსნობის დიდი გულშემატკივარია. ბავშვობაში სამეფო შეიარაღებული ძალების სპორტულ ბაზაზე ვარჯიშობდა, სადაც სამხედროების შვილებთან ერთად მონაწილეობდა გუნდურ თამაშებში. მეფე მუჰამედ მეექვსე თავად აკონტროლებს მის სპორტულ და სამხედრო მომზადებას.
ცნობილია, რომ 10 წლის ასაკში მამამ საჩუქრად პირველი ავტომობილი გადასცა, ხოლო მოგვიანებით, 15 წლისას კი კერძო თვითმფრინავი გამოუყვეს. ფრანგულმა ჟურნალმა Paris Match-მა პრინცი აღწერა, როგორც “მამის დამმჯერი შვილი” — ხაზი გაუსვა მის თავმდაბლობასა და დისციპლინას.
მულაი ჰასანი უკვე ხშირად ხვდება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში — მასზე წერენ გამოცემები Le Monde, Tatler და Morocco World News, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მონარქზე. მისი იმიჯი იქმნება როგორც განათლებული, კულტურული და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე ორიენტირებული ლიდერისა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაუფლება, მისი განათლება, დიპლომატიური გამოცდილება და სამეფო პროტოკოლებში ჩართულობა ცხადყოფს, რომ მეფობა მას მომზადებული და გლობალურად მოაზროვნე მმართველის სტატუსით ელის.
დღეს მულაი ჰასანი განიხილება, როგორც ტრადიციისა და პროგრესის შერწყმის სიმბოლო მაროკოში. ის წარმოადგენს ახალ თაობას, რომელიც სამეფო მემკვიდრეობას ინარჩუნებს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს მას თანამედროვე სახე მისცეს — განათლებული, მრავალენოვანის და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონესი. მისი კარიერის ყოველ ნაბიჯში იგრძნობა მზადება პასუხისმგებლობის მისაღებად, და აშკარაა, რომ მომავალში ის არა მხოლოდ მაროკოს, არამედ მთელი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდება.