რომელი სპორტი უშლის ზრდას ხელს და რატომ შემცირდა გენეტიკის როლი ბავშვის სიმაღლის ჩამოყალიბებაში - ნინო ხელაძე ზრდის შეფერხებასა და ხელშეწყობაზე - მშობლები

რომელი სპორტი უშლის ზრდას ხელს და რატომ შემცირდა გენეტიკის როლი ბავშვის სიმაღლის ჩამოყალიბებაში - ნინო ხელაძე ზრდის შეფერხებასა და ხელშეწყობაზე

2025-10-22 08:49:34+04:00

ბავშვის სიმაღლეში ზრდა და მასთან დაკავშირებული შეკითხვები მშობლებისთვის ყოველთვის აქტუალური თემაა. ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო და პირველი არხის ეთერში არაერთ შეკითხვას უპასუხა.

ენდოკრინოლოგის თქმით, ბავშვი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას უნდა იზრდებოდეს შესაბამისი ტემპით.

"ძალიან საყურადღებო კლინიკური ნიშანია, თუ ქალს ეუბნებიან, რომ ნაყოფი წონით ან ზომით ჩამორჩება ორსულობის ვადას. ასეთი ანამნეზით დაბადებულ ბავშვებს ზრდა-განვითარებისას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ზრდა კომპლექსური პროცესია და გენეტიკა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვირთვა, ძილი და ნაკლებად სტრესული გარემო არის ის აუცილებელი ფორმულები, რომელთა საშუალებითაც, წესით, ყველა ბავშვი წლიდან წლამდე გარკვეული ტემპით უნდა იზრდებოდეს. ამისთვის ძალიან კარგია სახლში კედელზე გაკეთებული ზრდის ნიშნულები. მაგალითად, ყოველ დაბადების დღეზე გაკეთებული ასეთი ნიშნული ძალიან გვეხმარება შეფასებაში, არის თუ არა ზრდის პრობლემა და როდის გაჩნდა ის.

სიმაღლეში ზრდა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის, რომ ყველას მაღალი და ტანადი შვილი უნდოდეს. ეს ჯანმრთელობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. თუ ბავშვი ჯანმრთელია, რაიმე სერიოზული დაავადება არა აქვს, კარგად იკვებება და ჯანსაღად ცხოვრობს, ის უნდა გაიზარდოს წლიდან წლამდე იმდენით, რამდენიც ეკუთვნის ასაკობრივად. თუ რომელიმე წლიდან შეფერხდა ზრდა, აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გამოწვევი მიზეზი" - ამბობს ნინო ხელაძე.

ექიმი ასახელებს ყველაზე მარტივ ნიშნებს, რომელთა დაკვირვება და შემჩნევაც ყველა მშობელს შეუძლია.

"აცვია თუ არა ბავშვს მისი ასაკისთვის განკუთვნილი ზომის ტანსაცმელი. ბაღში ან სკოლაში არის თუ არა თანატოლებთან შედარებით ტანდაბალი. შესაბამისად უნდა ეზრდებოდეს ფეხსაცმლის ზომაც.წელიწადში 7.8,10 სანტიმეტრამდეც შეიძლება იზრდებოდეს ბავშვი. რაც უფრო პატარაა, წლიდან წლამდე მეტად იზრდება.

სკოლის ასაკის ბავშვი გარდატეხის ასაკამდე ყოველწლიურად მინიმუმ 5-6 სანტიმეტრით უნდა იმატებდეს. სწორედ ამ ასაკში იჩენს ხოლმე ძირითადად თავს ზრდის შეფერხება და მომართვიანობაც ამ ასაკში უფრო ხშირია." - განაცხადა ნინო ხელაძემ.

შეკითხვაზე, რომელი სპორტი უშლის ან უწყობს ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას, ექიმის პასუხი ასეთია:

" ზომიერი, ასაკობრივად გათვალისწინებული ფიზიკური დატვირთვა, ყველა სახის სპორტი უწყობს ზრდას ხელს. თუ ბავშვს ზრდა დასრულებული არა აქვს და ძვლები არ არის სრულად გაძვალებული, ანუ თუ ზრდასრულის მონაცემები არა აქვს ძვალ-სახსროვანი სისტემისა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით თუ ეს დატვირთვა წონით და ხერხემალზე მოდის, რა თქმა უნდა, არასასურველია. ერთი მოდური ტენდენციაა, რომ ყველას უნდა უცებ გახდეს დაკუნთული და ამისთვის იღებენ დანამატებს. სპორტული დანამატები ზრდასრულ ასაკამდე უსაფრთხო არ არის. თუ ბავშვი პროფესიულ სპორტშია, მაშინ ეს ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს."

ზრდისთვის გადამწყვეტ ფაქტორად ნინო ხელაძემ გარდატეხის პერიოდი დაასახელა:

"ზრდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ როდის დაასრულებს გარდატეხის პერიოდს. მომართვიანობის ძალიან ხშირი მიზეზია, როცა გოგონებს ნაადრევად ეწყებათ მენსტრუალური ციკლი და სიმაღლეში ზრდაც ფერხდება.სინამდვილეში ყველა იზრდება იქამდე, სანამ გარდატეხის ასაკი დასრულდება. საბჭოთა მითია ის, რომ ადამიანი 25 წლამდე იზრდება. ყველანი ვიზრდებით გარდატეხის ასაკის დასრულებამდე. ზოგ შემთხვევაში ეს ცოტა ადრე ხდება, ზოგ შემთხვევაში ცოტა გვიან. არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო, გაახალგაზრდავდა სქესობრივი მომწიფება, განსაკუთრებით გოგონებში. პრობლემით მოგვმართავენ 14-15 წლის ასაკში, როცა რეალურად რამდენიმე წლის წინ დაასრულეს ზრდა, როცა რეგულარული მენსტრუაციული ციკლი ჩამოუყალიბდათ. როცა მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვი თანატოლებს ჩამორჩება სიმაღლით, სანამ მეორადი სასქესო ნიშნები განვითარდება და გარდატეხის ასაკი დაიწყება, მანამდე უნდა მიმართოს ექიმს.

არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო გენეტიკის როლი სიმაღლეში ზრდის თვალსაზრისით, ცოტა შემცირდა. გარემოს როლი მეტია. საკვებიც ძალიან არაჯანსაღია, ტრანსცხიმები, ზედმეტი ნახშირწყლები. ბავშვთა დიდი უმრავლესობა ფიზიკურად რეგულარულად დატვირთული არ არის. დიდ დროს ატარებენ ეკრანთან არაჯანსაღ პოზაში - ეს ყველაფერი სიმაღლის გარდა, ბევრ რამეზე ცუდ გავლენას ახდენს. ძალიან გახშირდა ძილის დარღვევებიც. სკოლის ასაკის ბავშვს 8-9 საათი უნდა ეძინოს დღეში. ფიზიკური დატვირთვა, მინიმუმ ერთი საათი, ისეთივე აუცილებელია დღეში, როგორც საკვები და ძილი." - ამბობს ნინო ხელაძე.

რაც შეეხება სტაფილოსა და ჭარხლის როლს, რომელიც, გავრცელებული მოსაზრებით ზრდისთვის ხელის შემწყობია, ექიმიც აღიარებს.

"სტაფილოში შემავალი ვიტამინები და ბოჭკო ძალიან სასარგებლოა და ზრდისთვის კარგია. სტაფილოც და ჭარხალიც ორივე უნდა იყოს რაციონში. თუმცა ეს ვითომ ჯადოსნური რეცეპტები არ არის აუცილებელი" - ამბობს ექიმი.

რაც შეეხება ტკბილეულის და ცომეულის ხელისშემშლელ როლს, ნინო ხელაძის პასუხი ასეთია:

"ნახშირწყლები იწვევს წონის მატებას. წონა აჩქარებს სქესობრივ მომწიფებას, შესაბამისად, აფერხებს ზრდას. სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს ცილები - ხორცეული, რძის პროდუქტი, მცენარეული წამოშობის ცილა." - ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, ბავშვის სიმაღლის გარკვეული პროგნოზირება შესაძლებელია.

"დედის და მამის სიმაღლე ემატება ერთმანეთს, იყოფა ორზე, გოგონას შემთხვევაში ამას აკლდება 6,5 სმ. ბიჭის შემთხვევაში ემატება 6.5 სმ და ეს არის საშუალოდ, დაახლოებით ის სიმაღლე, რაც შეიძლება ჰქონდეს ბავშვს პლუს-მინუს 5 სანტიმეტრი. ცხოვრების წესის, მომწიფების ასაკის მიხედვით, ბავშვმა შეიძლება თავისი გენეტიკური პოტენციალის ზედა ზღვარს მიაღწიოს ან ქვედა ზღვარზე გაჩერდეს და ჩამორჩეს კიდეც." - ამბობს ენდოკრინოლოგი.