გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები და როდიდან დაიწყება განათლების სისტემაში ცვლილებები - გივი მიქანაძე საუბრობს - მშობლები

გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები და როდიდან დაიწყება განათლების სისტემაში ცვლილებები - გივი მიქანაძე საუბრობს

2025-10-22 10:57:23+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და რამდენიმე სხვადასხვა საკითხი გამოყო. მისი თქმით, რეფორმა 4 წელზეა გათვლილი და პირველი ეტაპი და ნაბიჯები, შედეგების თვალსაზრისით, ხელშესახები, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ იქნება.

სასკოლო რეფორმა:

- სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით, უახლოეს კვირებში შესაბამის პრეზენტაციას გავაკეთებთ და ვიმსჯელებთ. რეალურად ვფიქრობთ, რომ 11 კლასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სრული ზოგადი განათლება მივცეთ. პროგრამისა და სასწავლო სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლას ვაპირებთ. შარშან სამინისტროსა და პარლამენტის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია და რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამ დოკუმენტში ის ძირითადი ღირებულებებია, რომლებზეც უნდა იყოს ორიენტირებული როგორც სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო მეთოდოლოგია და პროცესი. ამ ღირებულებებს თუ ჩავხედავთ, ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ღირებულებებისგან, რაც მის წინამორბედ დოკუმენტში ეწერა, რომელიც 2004 წელს მიიღეს. ის ძირითადად ლიბერალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. ახლა ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა ორიენტირებული. ამიტომ, ახალი სტანდარტის პროექტი მოვამზადეთ და პედაგოგებს უნდა ვაჩვენოთ, პროგრამაში, კლასების მიხედვით, რა მასალებია გათვალისწინებული. გვინდა, ახალი სახელმძღვანელოების მომზადება დავიწყოთ, ჩვენი მიზანია, რამდენიმე კლასისთვის უკვე შემდეგი წლიდან პირველი სახელმძღვანელოები გვქონდეს. 2-წლიან ციკლში კი ყველა კლასთან მთლიანად დავამთავროთ.

11 კლასი საკმარისია, რომ მოსწავლეს სრული ზოგადი განათლება მივცეთ. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს. 11-წლიანი სწავლება ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელიწადი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს. ამავდროულად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება უნდა, მათთვის რაიმე ალტერნატივა შევიმუშაოთ. ერთი მომენტიცაა, რასაც მგრძნობიარედ ვუყურებთ. ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლებლად მიემგზავრებიან, ბევრი მათგანი უკან არ ბრუნდება. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ეს დამაზიანებელია იმიტომ, რომ ის ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ, გვინდა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ და თავიანთ ქვეყანაში გამოიყენონ. გვინდა, აქ უზრუნველვყოთ ისეთი ხარისხიანი განათლება, რომ ბევრ ახალგაზრდას უცხოეთში წასვლის სურვილი არ ჰქონდეს.

11-წლიან სწავლებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამასაც სულ მცირე 2-წლიანი პერიოდი მაინც დასჭირდება. პედაგოგები ახალი პროგრამის მიხედვით უნდა გადავამზადოთ, ახალი სახელმძღვანელოები შევქმნათ და საკმაოდ გაჯერებული პროცესია, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. გვაქვს სრული მზაობა, რომ ნებისმიერი არგუმენტირებული წინადადება მოვისმინოთ და იმის მიხედვით გადაწყვეტილება მივიღოთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ:

- ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ საზოგადოების ძალიან მაღალი სანდოობაა. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე საკითხი იმის თაობაზე, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და მას სხვა ტიპის გამოცდები ჩაანაცვლებს, დღის წესრიგშიც კი არ დგას. ამიტომ, იმ სისტემით, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჰქვია, ახალგაზრდების ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობის მიცემას ვაგრძელებთ. წლევანდელმა წელმაც დაადასტურა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მაღალი სტანდარტით ჩატარდა. საზოგადოების მხრიდან ნდობა ძალიან მაღალია.

გივი მიქანაძემ ისიც თქვა, რომ სასკოლო რეფორმის შესახებ უფრო დეტალურად რამდენიმე კვირაში ისაუბრებენ.

საუნივერსიტეტო რეფორმა:

გივი მიქანაძე ამბობს, რომ თბილისთან ერთად, სტუდენტები დიდი რაოდენობით ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც უნდა გადანაწილდნენ და რეგიონულ უნივერსიტეტებს კონკრეტული მიმართულება ჰქონდეთ:

- სტატისტიკური მონაცემები გვეუბნება, რომ სტუდენტების 85% დედაქალაქშია. 15% არის კონცენტრირებული ქუთაისსა და რეგიონებში. 5 რეგიონული უნივერსიტეტი გვაქვს - ესენია, ზუგდიდის, ბათუმის, ახალციხის, თელავისა და გორის უნივერსიტეტები. ქუთაისში ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს. ესენია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენი მიზანია, რომ თბილისთან ერთად, დეკონცენტრაციისა და ბალანსის მეტ-ნაკლებად დაცვის მიზნით, ქუთაისი მეორე საუნივერსიტეტო ჰაბად გავხადოთ. შესაბამისად, დატვირთვა თბილისიდან ნაწილობრივ ქუთაისში გადავიტანოთ. ამავდროულად, ჩვენი მიზანია, 5 რეგიონული უნივერსიტეტი გავაძლიეროთ და მათ შედარებით ვიწროპროფილური დატვირთვა მივცეთ. როდესაც ბაზრის მოთხოვნილებებს ზოგად კონტექსტში ვუყურებთ, ყველაზე მეტად აგრარული სექტორისა და პედაგოგების მომზადების მიმართულებით მოთხოვნები იკვეთება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 5 უნივერსიტეტი ძირითადად ამ მიმართულებით უნდა იყოს დატვირთული. თუმცა, შესაძლებელია, სადღაც მცირე სხვა მიმართულებაც დაემატოს. მაგრამ, ძირითადი დატვირთვა თბილისსა და ქუთაისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე უნდა მოდიოდეს. რუსთავის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ქალაქში გადავადგილდებით და სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობებს ვხედავთ, სამწუხარო, გარედანაც, ვიზუალურად ვხედავთ, ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მოძველებულია და ამაზე ვმუშაობთ.

რას გულისხმობს 3+1 მოდელი:

- 3+1 უნივერსიტეტებში იგივე სისტემა იქნება, რაც დღეს არსებობს, უბრალოდ, შემცირებული ვადით. დღეს თუ ძირითად მიმართულებებზე 4+2 სისტემა გვაქვს, 4 წელი საბაკალავრო საფეხურზე სწავლობენ და 1 წელი სამაგისტროზე, ვადები 1 წლით შემცირდება. ეს ყველა მიმართულებას არ ეხება. დეტალურადაა გასავლელი, თუმცა პირველი, რაც ცხადია, სამედიცინო მიმართულებებს ეს ვერ შეეხება. როდესაც კონცეფცია დაიწყება და მის განხორციელებას დავიწყებთ, ეს არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც უკვე სტუდენტის სტატუსით სარგებლობს. ისინი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფაკულტეტების მიხედვით, სასწავლო პროცესს, მთელ ციკლს ისე გაივლიან, როგორც მოქმედი კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ჩვენი მიზანია, რომ უკვე შემდეგი წლიდან იმ მიმართულებებზე, რომლებზეც 3+1 მოდელზე გადასვლა შესაძლებელი იქნება, შემოვიტანოთ და ახალგაზრდებს შევთავაზოთ.

უცხოელი სტუდენტები:

- ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გარდა მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები აღარ გვეყოლება. ეს სეგმენტი მთლიანად, დაინტერესების შემთხვევაში, კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე გადავა. უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში დაწესებული გადასახადი გაცილებით მაღალია. სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს მოთხოვნებსა და ამ მოთხოვნების შესრულებაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი. პარალელურად, სახელმწიფომ უნდა აიღოს სრული დაფინანსება იმისა, რომ პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართოს და თითოეული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფილი იყოს იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, ბაზებთან წვდომით, ლაბორატორიებით, დანადგარებით, ინფრასტრუქტურითა და სახელფასო უზრუნველყოფით, რაც განაპირობებს იმას, რომ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება მივცეთ.

"ერთი ქალაქი- ერთი ფაკულტეტის" შესახებ:

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგალითად, სამედიცინო ფაკულტეტი გვაქვს. ასევე, მაგალითად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი გვაქვს. მაშინ, როდესაც სამედიცინოს მიმართულება სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, ხოლო იურიდიული ფაკულტეტი ყოველთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფილის მიმართულება იყო. იმისათვის, რომ რესურსების სრული კონცენტრირება მოვახდინოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში თბილისსა და ქუთაისში ყველა მიმართულება უნდა იყოს, ოღონდ პროფილურად, უნივერსიტეტების მიხედვით. თბილისში, სოხუმის უნივერსიტეტის ჩათვლით, 5 უნივერსიტეტი გვაქვს, ხოლო, ქუთაისში 2. ამ უნივერსიტეტებში თითოეული ფაკულტეტი უნდა გადანაწილდეს იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რაც მათ მუდმივად ჰქონდათ. მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ის მიმართულებები უნდა ჰქონდეს, რაც ტექნიკურ სპეციალობებთანაა დაკავშირებული. არ არის საჭირო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ჰქონდეს სამედიცინო ფაკულტეტი და სამედიცინო უნივერსიტეტსაც. გვინდა, უკვე შემდეგი წლიდან ახალი მოდელი შემოვიტანოთ.

იხილეთ გადაცემა სრულად: