განათლების სისტემაში უამრავი ცვლილება დაანონსდა. რეფორმა ეხება სასკოლო განათლებასაც. ყველაზე დიდი გამოხმაურება მომჰყვა განცხადებას იმის თაობაზე, რომ 12 წლიანი სწავლება 11-წლიანით იცვლება. კონკრეტულად როდიდან შეიცვლება სასკოლო კურსის ხანგრძლივობა, ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრა.
- სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით, უახლოეს კვირებში შესაბამის პრეზენტაციას გავაკეთებთ და ვიმსჯელებთ. რეალურად ვფიქრობთ, რომ 11 კლასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სრული ზოგადი განათლება მივცეთ.პროგრამისა და სასწავლო სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლას ვაპირებთ.შარშან სამინისტროსა და პარლამენტის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია და რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამ დოკუმენტში ის ძირითადი ღირებულებებია, რომლებზეც უნდა იყოს ორიენტირებული როგორც სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო მეთოდოლოგია და პროცესი. ამ ღირებულებებს თუ ჩავხედავთ, ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ღირებულებებისგან, რაც მის წინამორბედ დოკუმენტში ეწერა, რომელიც 2004 წელს მიიღეს. ის ძირითადად ლიბერალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. ახლა ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა ორიენტირებული. ამიტომ, ახალი სტანდარტის პროექტი მოვამზადეთ და პედაგოგებს უნდა ვაჩვენოთ, პროგრამაში, კლასების მიხედვით, რა მასალებია გათვალისწინებული. გვინდა, ახალი სახელმძღვანელოების მომზადება დავიწყოთ, ჩვენი მიზანია, რამდენიმე კლასისთვის უკვე შემდეგი წლიდან პირველი სახელმძღვანელოები გვქონდეს. 2-წლიან ციკლში კი ყველა კლასთან მთლიანად დავამთავროთ.
11 კლასი საკმარისია, რომ მოსწავლეს სრული ზოგადი განათლება მივცეთ. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს. 11-წლიანი სწავლება ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელიწადი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს. ამავდროულად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება უნდა, მათთვის რაიმე ალტერნატივა შევიმუშაოთ. ერთი მომენტიცაა, რასაც მგრძნობიარედ ვუყურებთ. ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლებლად მიემგზავრებიან, ბევრი მათგანი უკან არ ბრუნდება. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ეს დამაზიანებელია იმიტომ, რომ ის ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ, გვინდა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ და თავიანთ ქვეყანაში გამოიყენონ. გვინდა, აქ უზრუნველვყოთ ისეთი ხარისხიანი განათლება, რომ ბევრ ახალგაზრდას უცხოეთში წასვლის სურვილი არ ჰქონდეს.