რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე მიმდინარე რესპირატორულ ინფექციებს და რა შემთხვევაში შეიძლება, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს - სპეციალისტი გვესაუბრება - მშობლები

რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე მიმდინარე ინფექციებს და რა შემთხვევაში შეიძლება, პაციენტი დამძიმდეს - სპეციალისტი გვესაუბრება

2025-10-22 15:01:40+04:00

ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, სხვადასხვა რესპირატორული ინფექცია განსაკუთრებით აქტიურდება. შედეგად, ადამიანებს სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის, ტემპერატურა, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე აღენიშნებათ. რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს მიმდინარე სეზონზე, რა შემთხვევაში შეიძლება, დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა და როდისაა გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელი - თემაზე ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:

- ცივ სეზონზე რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით აქტიურდება და მოსალოდნელია, რომ დინამიკაში შემთხვევები კიდევ მოიმატებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში, ძირითადად, რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მეტაპნევმონიის ვირუსი ცირკულირებს. ასევე, კორონავირუსებისა და კოვიდ-19-ის შემთხვევებიცაა, თუმცა დაავადების მიმდინარეობა, საბედნიეროდ, მსუბუქია და დინამიკაში არ იზრდება. ჩამოთვლილი ვირუსების უმრავლესობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის დაავადებას იწვევს. შედეგად, პაციენტს შესაძლოა, ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, ტემპერატურის მატება აღენიშნებოდეს. დაახლოებით, 3-5 დღეში მდგომარეობა უმჯობესდება.

მაგრამ, მცირეწლოვან ბავშვებში, ასევე იმ ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება, რესპირატორული ინფექციებიც გართულდეს. აქედან გამომდინარე, რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანების მონიტორინგს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ სიმპტომები პროგრესირებს და პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, აუცილებელია, კლინიკასა და ექიმს მიმართონ.

ამ ეტაპზე, გრიპის შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა 2-3 კვირაში შეიძლება, გრიპის შემთხვევებმაც მოიმატოს. გრიპი მძიმე რესპირატორული ინფექციაა. შესაბამისად, მას მეტი ყურადღება სჭირდება. პირველ რიგში, ყურადღებას პრევენციაზე გავამახვილებ და ვიტყვი, რომ გრიპის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება ვაქცინაციაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია. ამიტომ, ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ვურჩევ, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ. რისკ ჯგუფებში შედიან: 2 წლამდე ასაკის ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები. თუმცა, ვაქცინაცია არა მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის, არამედ, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, თუ ადამიანს გრიპის მძიმედ გადატანის წინა ისტორია აქვს, ვურჩევ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს და თავი დაიცვას. გრიპის ვაქცინა ბავშვების შემთხვევაში 6 თვიდან დაშვებულია.

- მიმდინარეობის თვალსაზრისით, რა განსხვავებაა გრიპსა და სხვა სეზონურ ვირუსებს შორის?

- რესპირატორულ ინფექციებს, რომლებიც ამჟამად ცირკულირებს, როგორც წესი, მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. ტემპერატურული რეაქცია, შესაძლოა, მაქსიმუმ 3-5 დღის განმავლობაში გრძელდებოდეს. გრიპი იმით გამოირჩევა, რომ მას მაღალი, გახანგრძლივებული ტემპერატურა ახასიათებს. გარკვეულ შემთხვევებში, 5-7 დღე გრძელდება და შეიძლება, 10 დღეც კი გაგრძელდეს. ასევე, გრიპის დროს პაციენტებს ძლიერი საერთო სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი აღენიშნებოდეთ. გრიპს უეცარი დასაწყისი ახასიათებს. შეიძლება, მაღალი ტემპერატურით დაიწყოს და რესპირატორული სიმპტომები მერე დაერთოს. სხვა რესპირატორული ინფექციები, გრიპისაგან განსხვავებით, როგორც წესი, სხვაგვარად იწყება. ჯერ შესაძლოა, პაციენტს ყელის ტკივილი აღენიშნებოდეს, შემდეგ სურდო და ტემპერატურა მერე დაფიქსირდეს ან არც იყოს ტემპერატურა. გრიპი 90%-ზე მეტ შემთხვევაში აგრესიულად, მაღალი სიცხით იწყება. გარდა ამისა, გრიპის ვირუსს არა მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების, არამედ ქვემო სასუნთქი გზების, ბრონქებისა და ფილტვების დაზიანებაც ახასიათებს. გრიპის შემდეგ შეიძლება, მძიმე ორმხრივი პნევმონია განვითარდეს, ადამიანს ჰოსპიტალიზაცია და სერიოზული მკურნალობა-რეაბილიტაცია დასჭირდეს.

- რა შეიძლება, ადამიანებმა პრევენციისთვის გააკეთონ?

- პირველ რიგში, გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტური და კარგი საშუალება ვაქცინაციაა. ასევე, დავიცვათ ის წესები, რაც ყველა რესპირატორული ინფექციის დროს საერთოა. აუცილებელია, ჰიგიენური ნორმები გავითვალისწინოთ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ ან პირბადე გამოვიყენოთ, სივრცეები ხშირად გავანიავოთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, კოლექტიური თავშეყრის ადგილებში მოწესრიგებული სველი წერტილები იყოს. გარდა ამისა, თუ ბავშვს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება, რამდენიმე დღით სხვა ბავშვებს მოვარიდოთ. ამაში დიდი როლი აქვთ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე მშობლებს.

- რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა აუცილებლად ექიმს?

- სხვადასხვა ასაკისთვის სიმპტომები სხვადასხვანაირია. პირველ რიგში, თუ გახანგრძლივებული ცხელებაა და მას ძლიერი საერთო სისუსტე, ადინამია მოჰყვება, ასეთ დროს აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ. მცირეწლოვნების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ თუ ბავშვი იმაზე მეტად ძილიანობს, ვიდრე ასაკის შესაბამისია, ან საკვებსა და სითხეს არ იღებს, აქვს გახშირებული სუნთქვა, ტუჩ-ცხვირის ან სხვა მიდამოში სილურჯე - ეს სიმპტომები უკვე მიუთითებს, რომ მიმდინარეობის დამძიმებასთან გვაქვს საქმე და აუცილებელია, ექიმს დროულად მიმართოთ.

გარდა ამისა, თუ ცხელების მეორე ტალღა წამოვიდა, ესეც საყურადღებოა. შესაძლოა, ბავშვსა და ზრდასრულს სხვადასხვა სიმპტომი ჰქონდა, შემდეგ ალაგდა, მაგრამ 1-2 დღეში სიმპტომები, ცხელება ისევ განახლდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ექიმს მიმართოთ. ეს შეიძლება, 2 რამეზე მიუთითებდეს - ერთი ის, რომ შეიძლება, თანდართული ბაქტერიული ინფექცია იყოს. მეორე ის, რომ შესაძლოა, ვირუსული ინფექციის მეორე ტალღა იყოს და უფრო მძიმედ წარიმართოს.

ძლიერი საერთო სისუსტე, შეტევითი ხასიათის ხველა, ციანოზი ანუ სილურჯე, გახშირებული სუნთქვა, მცირეწლოვან ბავშვებში ძილიანობა, უმადობა, სითხეზე უარის თქმა - ეს არის ის სიმპტომები, რის გამოც ექიმს დროულად უნდა მიმართოთ.

- მიმდინარე სეზონზე ბევრი ადამიანი რესპირატორული ინფექციის პარალელურად, ღებინებისა და ძლიერი საერთო სისუსტის სიმპტომებს უჩივის. როგორც ამბობენ, ბევრი მათგანი კლინიკაშიც აღმოჩნდა. ეს სიმპტომები რესპირატორულ ინფექციებს ახასიათებს?

- გულისრევა და ღებინება რესპირატორული ინფექციების დამახასიათებელი სიმპტომია და ამ კუთხით, აქ ახალი არაფერია. თუმცა, საყურადღებო სიმპტომია. ერთჯერადი გულისრევა/ღებინება, რა თქმა უნდა, საგანგაშო არ არის. მაგრამ, თუ მრავალჯერადია, ასეთ დროს ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ღებინების დროს, განსაკუთრებით, რისკ ჯგუფებსა და მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება, დეჰიდრატაცია სწრაფად განვითარდეს. გარდა ამისა, ღებინება ზოგადი ინტოქსიკაციის მახასიათებელია და ასეთ დროსაც, მნიშვნელოვანია, პაციენტი დროულად შეფასდეს, რომ რომელიმე მძიმე ინფექციის განვითარება ან გართულება არ გამოგვეპაროს.

თამარ იაკობაშვილი