ამ უდიდესი ქართველი წმინდანის არსებობის შესახებ, სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა, საბერძნეთში მოგზაურობის დროს გავიგე და თქვენც გიამბობთ, ვინც ჩემსავით, ჯერ კიდევ არ იცით:
საბერძნეთის ჩრდილოეთით, მწვანე მთებს შორის, ქალაქ დრამას სიახლოვეს, არის ადგილი, სადაც ჰაერიც კი მადლითაა გაჟღენთილი. ტაქსიარხისის მონასტერი, რომელიც ამაღლების სახელობისაა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სამლოცველო ადგილია საბერძნეთში. თუმცა ამ მონასტერს განსაკუთრებულს მხოლოდ არქიტექტურა ან ბუნება არ ხდის — აქ განისვენებს ქართველი ბერი, წმინდა გიორგი კარსლიდისი, ბერი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა რწმენის, თავმდაბლობის და სასწაულების ერთობლიობაა.
დაიბადა 1901 წელს, წალკაში, ღრმად მორწმუნე ოჯახში. მშობლები 5 წლის ასაკში დაეღუპა. გაზარდა ბებიამ. ახალგაზრდობაში გადაიტანა არაერთი განსაცდელი — ომი, შიმშილი, დევნა და მიგრაცია. საბჭოთა დევნის წლებში მას დახვრეტა მიუსაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღიად ლოცულობდა და ხალხს რწმენას უნერგავდა. განაჩენის აღსრულების დროს გულზე ეკიდა ბებიის ნაჩუქარი, გაცრეცილი ღვთისმშობლის მედალიონი. გასროლილი ტყვია მედალიონს მოხვდა და მიწაზე დაეცა. მეორე ტყვია ფეხში მოხვდა, მესამე გასროლაც ამაო გამოდგა. ჯარისკაცები შეაძრწუნა ამ ფაქტმა. უფროსმა, რომელიც ბრძანებას იძლეოდა, შეშინებულმა თქვა: „ეს კაცი ღმერთისაა — მას ვერავინ შეეხო“. ასე გადაურჩა სიკვდილს წმინდა გიორგი.
ამის შემდეგ გადავიდა საბერძნეთში, დრამის პროვინციაში და იქ, პატარა სოფელ ტაქსიარხისში (სიფსა), დააარსა ამაღლების სახელობის მონასტერი, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. ბევრმა ადამიანმა იხილა მისი სასწაულები: დრამაში ხანგრძლივმა გვალვამ სერიოზული პრობლემები შექმნა, მოსახლეობამ შესჩივლა ბერს. გიორგიმ მთის ფერდზე გულმხურვალე ლოცვა აღავლინა. იმ წუთას ცა გაიხსნა და წვიმა წამოვიდა— ხალხი დარწმუნდა, რომ ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა. მრავალი ადამიანი მოწმობს, რომ ბერის ლოცვით განიკურნა არაერთი მძიმე ავადმყოფი. იგი არასდროს იღებდა მადლობას — მხოლოდ ამბობდა: „ღმერთი განგკურნავს, მე მხოლოდ ვთხოვე.“ მისი წინასწარმეტყველებები დღემდე სიზუსტით სრულდებოდა.
წმინდანის წმინდა ნაწილებიდან პერიოდულად გადმოდის მირონი, და ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულია, რომელიც დღემდე აღესრულება.
ბერი გიორგი ხშირად ტოვებდა მონასტერს, სოფელს და მიდიოდა ტყეში — იქ, სადაც ადამიანს მხოლოდ ქარის შრიალი და ფრინველების ხმა ესმოდა. ტაქსიარხისის მიდამოებში, ტყის სიღრმეში, არსებობდა უზარმაზარი ხე, რომელსაც დიდი ფუღურო ჰქონდა. გადმოცემით, ხშირად ამ ხის ფუღუროში ატარებდა წმინდანი დღეებსა და ღამეებს ლოცვაში. იგი საკუთარ თავს „ტყის მოსაგრეს“ უწოდებდა. ამბობდა, რომ მარტოობა ადამიანთან კი არა, ღმერთთან მიახლოების გზა იყო. ფუღუროში, ხის ტოტებით დაფარული, მუხლებზე ლოცულობდა. ზოგჯერ ადგილობრივი მწყემსები ხედავდნენ, როგორ იდგა შუაღამით ხის წინ, ხელებგაშლილი ცისკენ მიპყრობილი სახით, და მის გარშემო მსუბუქი შუქი ანათებდა. მოგვიანებით ამ ადგილს „ბერის ხე“ უწოდეს.
ბერებს შორის შემორჩა გადმოცემა, რომ სწორედ ამ ფუღუროში, ერთ-ერთი მარხვისას, წმინდანს გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც უთხრა: „ეს ადგილი იქნება შენი ნავსაყუდელი და აქ მრავალი მოიპოვებს სულიერ ნუგეშს.“ ამის შემდეგ გიორგიმ დაიწყო მონასტრის აშენება სწორედ ამავე ადგილას — რაც საბოლოოდ გახდა ტაქსიარხისის მონასტერი.
წმინდა გიორგი გარდაიცვალა 1959 წლის 4 ნოემბერს. სიცოცხლის უკანასკნელ წამებშიც ლოცულობდა და სახეზე კეთილი ღიმილი დასთამაშებდა. დაკრძალეს მისივე დაფუძნებულ მონასტერში.
მალე მორწმუნეებმა შენიშნეს საოცარი მოვლენა — მისი საფლავიდან ამოდიოდა ნაზი, სურნელოვანი ზეთი. მირონის სურნელი განსაკუთრებით იგრძნობა მის ხსენების დღეს — 4 ნოემბერს, როცა ტაძარში აღესრულება პარაკლისი და მრავალი მომლოცველი გროვდება. ამ დღეს საქართველოდანაც სტუმრობენ მომლოცველები მონასტერს. დღესაც არიან ადამიანები, ვინც მოესწრო მის ბერობას, იცნობდა და საკუთარი თვალით უნახავთ მისი სასწაულები.
2008 წელს საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გიორგი კარსლიდისი წმინდანად შერაცხა, ხოლო მისი ხსენების დღედ, როგორც უკვე ვახსენე, განისაზღვრა 4 ნოემბერი. მონასტერში მოღვაწე დედები დიდი სიხარულით, განსაკუთრებული პატივით და სითბოთი იღებენ ქართველ სტუმრებს.
არასოდეს დამავიწყდება მათი კეთილი სახეები, გულისხმიერება, დალოცვა, თბილი მოფერება, როცა იგებდნენ, რომ ქართველი ვიყავი…
მერი ბლიაძე