ნუტრიციოლოგი ია გორგილაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ბოსტნეულისა და ხორცის წვნიანების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა შემთხვევაში არ არის მათი ხშირი მიღება რეკომენდებული:
- ნებისმიერი კერძი ჯანსაღ პროდუქტს უნდა შეიცავდეს. საკვები ჯანსაღი უნდა იყოს. რაც შეეხება წვნიანებს, ორ ჯგუფად დავყოფდი: ხორცის ნახარშები და ბოსტნეულის ნახარშები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც დიდხანს იხარშება, მით უმეტეს, ხილი და ბოსტნეული, კარგავს იმ თვისებებს, რომლებიც ნატურალურ პროდუქტს აქვს. ტაილანდური წვნიანი თუ გაგისინჯავთ, როგორც კი ბოსტნეულს ჩაყრიან, ფაქტობრივად, 2 წუთში უკვე მზადაა. არ ხარშავენ პროდუქტს ისე, როგორც ჩვენ. ასევე, ხორცის ნახარში დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს და თუ ვინმეს ღვიძლის პრობლემა, პანკრეასის ან, ზოგადად ნაწლავის, პრობლემა აქვს, მაგალითად, კოლიტი, ასეთი ნახარშების ხშირი მიღება გამორიცხულია. აქ თევზის, ქათმისა და საქონლის ხორცის ნახარშზეა საუბარი. თუ ხორცის წვნიანს ამზადებთ, ჩემი რჩევაა, რომ პირველი ნახარში ყოველთვის გადაღვაროთ. ნახარში ასე გასუფთავდება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვევა, რომ ეს ყველაფერი მოქაფოს და ხორცი იმავე წვენში დატოვოს. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ნახარში სასარგებლოა. ასე არ არის.
არის გარკვეული დაავადებები, რომელთა დროსაც ნახარშების მიღება საერთოდ არ შეიძლება. მაგალითად, გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების და ასე შემდეგ. ასევე, თუ ადამიანი ხანდაზმულია და ღვიძლის პრობლემები აქვს, ამ დროსაც ხორცისა და თევზის ნახარშების ხშირი მიღება მიზანშეწონილი არ არის.
რაც შეეხება ბოსტნეულის ნახარშებს, ბოსტნეულის ნახარში ბევრად ადვილად მოსანელებელია. თუმცა, ყველა ნახარში სასურველი არ არის. მაგალითად, კომბოსტო ნაღველზე ცუდად მოქმედებს და შებერილობას იწვევს. ბორშთან დაკავშირებით, არის ერთი რეცეპტი, როდესაც კომბოსტო არ იხარშება. კომბოსტო არ უნდა მოხარშოთ. ცალკე, ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ, ჩავაყაროთ ჭარხალი და გამზადებამდე, სანამ გამოვრთავთ, 1-2 წუთით ადრე გადავიტანოთ. ასეთ შემთხვევაში, ბორში შებერილობას აღარ გამოიწვევს.
ნუტრიციოლოგები ჯანსაღ კვებას ვუწევთ პროპაგანდას. ამიტომ, არც ერთი "ფასტ ფუდი" სასარგებლო არ არის. ასევე, სწრაფი მომზადების წვნიანის კუბების გამოყენება არ შეიძლება. თუ შემადგენლობას გადახედავთ, ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს. ჩვენს ორგანიზმს ძალიან დიდი რესურსი აქვს. შეიძლება, დამაზიანებელი შედეგი ხვალ, ზეგ არ დადგეს, მაგრამ თუ ადამიანი ასეთ პროდუქტს, მაგალითად, მზა, ბულიონის კუბებს, მარგარინით დამზადებულ პროდუქტებს, შებოლილ პროდუქტებს დიდი რაოდენობით მოიხმარს, საზიანოა. ძალიან ხშირად წვნიანს სხვადასხვა პროდუქტის მიქსით ამზადებენ.
თუ წვნიანი სწორად მომზადებულია და დავიცავთ შემდეგ რამდენიმე პრინციპებს, რომ დიდხანს არ ვხარშოთ და ნახარში ერთხელ გადავღვაროთ და მეორე ნახარში გამოვიყენოთ, ასეთ შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას ხელს უწყობს.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ძვლის ნახარში კოლაგენისთვის კარგია - რა თქმა უნდა, გარკვეული თავისი სასარგებლო თვისებები აქვს, მაგრამ ყოველდღიური მოხმარებისთვის სასურველი არ არის.
სოკოს ნახარში კარგი არ არის, ისიც პურინებს შეიცავს. ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს არ გამოიყენება.
გოგრის წვნიანი, მჟაუნა, მაწვნის სუპი ძალიან სასარგებლოა. ასევე, ნუტრიციოლოგიის თვალსაზრისით, ზოგადად, რძის პროდუქტები არანაირ სხვა პროდუქტთან არ უნდა მივიღოთ. მხოლოდ ერთმანეთთან კომბინაციით შეიძლება და მხოლოდ ცალკე. მაგალითად, ზაფხულში "აკროშკას" ბევრ რამეს უმატებენ, მათ შორის, ძეხვეულს, რაც სასურველი არ არის. ასეთი პროდუქტები, მაგალითად, მაწონი სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში ნაწლავში დუღილის პროცესს იწვევს. რომ გითხრათ, დიდად სასარგებლო იქნება-თქო, ასე არ არის.