ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლესთან დაშორება უნანია:
- 18 წლის ვიყავი. ჩემი მეუღლე ჩემზე 3 წლით უფროსი იყო და ძალიან სწრაფად, 2 წელიწადში, ჩემი გადაწყვეტილებით დავიშალეთ. მიყვარდა, უბრალოდ ძალიან პატარები ვიყავით. ახლა რომ ვაკვირდები და ვიხსენებ, ცოხა ტანს დრო, შანსი უნდა მიმეცა. 8-თვიანი ვარ, ყველაფერი მეჩქარება და მინდა, რომ დღესვე, ახლავე იყოს ისე, როგორც მე მინდა. მომთხოვნი ვიყავი და არ დავაცადე ამ ურთიერთობას. ძალიან კარგი ადამიანია, დღემდე პატივს ვცემ და მის ოჯახთან დღემდე ვმეგობრობ. ჩემი შვილის მამაა და მის ოჯახთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. სამწუხაროდ, ჩემი შვილის ბაბუა მაისში გარდაიცვალა და ვერ ჩამოვასწარით. ეს ჩემთვის და სანდროსთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო იმიტომ, რომ სანდროსაც უყვარდა და მეც უდიდეს პატივს ვცემდით. მე და ჩემი დედამთილი ამასწინათ ერთმანეთს შევხვდით და ახლაც ამბობს, რომ ყოველთვის ჩემს მხარეს იყო. ნებისმიერი კონფლიქტის, დაშორების, შერიგების დროს სულ ჩემ მხარეს იყო. თან ეს ჩვენს ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა. ვშორდებოდით, ვრიგდებოდით, ხან მე არ ვაძლევდი შანსს, ხან ის იყო სხვა ხასიათზე და ჩვენი ცხოვრება არაფრით აეწყო... მაგრამ, უფრო ვთვლი, რომ ჩემი ბრალია და შანსი უნდა მიმეცა. შეიძლებოდა, დღემდე ერთად ვყოფილიყავით და ჩემი ცხოვრებაც სულ სხვანაირი იქნებოდა. არც მას ჰყავს ოჯახი და არც მე შემიქმნია.
მერიკო კარტოზია ამავე გადაცემაში ამბობს, რომ პირად ცხოვრებაზე უარი შვილის გამო თქვა:
- ჩემი შვილი, სანდრო, 27 წლისაა. მე და ჩემს შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ისე გაიზარდა, არც გვიჩხუბია, ჩვენს ურთიერთობაში გაუგებრობები არასდროს ყოფილა. ვიდეოგრაფია, ტელევიზიასთან აქვს შეხება და ბევრი რაღაც გვაქვს საერთო. ერთად ბევრს ვმოგზაურობთ და მოგონებებს ვაგროვებთ. არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, მე პირადი ცხოვრება მქონდეს და სანდროს გარეშე ვიცხოვრო. მაგრამ, მჯერა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიმეღო, ჩემ გვერდით იქნებოდა.