მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ნათლიების რაოდენობის შესახებ განჩინება უკვე ორი წლის წინ, 2023 წლის ნოემბერში მიიღო, ეს თემა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა – ნათლიების სიმრავლე – ამ გადაწყვეტილებით მკაცრ ზღვარში მოექცა.
სინოდის გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა- რატომ გახდა საჭირო ნათლიების რაოდენობის შეზღუდვა? ნათლობის საიდუმლოს გარშემო არსებულ შეკითხვებსა და სინოდის განჩინების სულიერ მნიშვნელობაზე გვესაუბრება მამა იოანე ყურაშვილი.
- მამაო, დავაზუსტოთ, რა არის ახალი განჩინებით დადგენილი ნათლიების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა?
-ახალი განჩინება, რომელიც ჩვილების ნათლობაზეა ორიენტირებული, მკაფიოა: მინიმუმი - უნდა იყოს ერთი ნათლია. მაქსიმუმი - ორი, ქართული ისტორიული ტრადიციის გათვალისწინებით.
- თუ ოჯახი ირჩევს მხოლოდ ერთ ნათლიას, სავალდებულოა თუ არა, რომ ეს პიროვნება მოსანათლის სქესის იყოს?
- მართლმადიდებლურ ტრადიციაში სავალდებულოა, რომ ის ერთი ნათლია, რომელსაც ირჩევთ, იყოს მოსანათლის სქესის (ბიჭისთვის – კაცი, გოგოსთვის – ქალი). ეს არ არის მხოლოდ სასურველი ტრადიცია, არამედ კანონიკური მოთხოვნა. ნათლია არის სულიერი აღმზრდელი და მას გადაეცემა სულიერი ხელმძღვანელობის როლი, რაც ტრადიციულად იმავე სქესის პირს ევალება. ეს მოთხოვნა უზრუნველყოფს სულიერ ხელმძღვანელობას და თავიდან აცილებს შესაძლო უხერხულობებს.
- თუ ოჯახი ორ ნათლიას ირჩევს, რა წესი მოქმედებს?
- თუ ორ ნათლიას ირჩევთ, ისინი უნდა იყვნენ ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. ამ შემთხვევაში, ორივე იღებს სულიერ პასუხისმგებლობას. ნათლია აუცილებლად უნდა იყოს მოსანათლზე ასაკით საკმაოდ უფროსი, რათა მეტად აღიქვამდეს ნათლულს შვილად და საცდურისგანაც ვიყოთ დაცულნი.
- რაც შეეხება ზრდასრულის მონათვლას? მათ შემთხვევაშიც აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა სქესის იქნება ნათლია?
– ზრდასრულის შემთხვევაში სავალდებულოა, რომ ნათლია იყოს იმავე სქესის, რა სქესისაც მოსანათლია. ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრულთა ნათლობისას.
- განჩინებაში ნახსენებია გამონაკლისი – პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში ნებადართულია სამი ნათლია. რატომ კეთდება ეს გამონაკლისი?
- ეს გამონაკლისი სპეციალურად პატრიარქ ილია II-ის ინიციატივას უკავშირდება. პატრიარქი ნათლავს მრავალშვილიანი ოჯახების მესამე და მეტ შვილს. იმისთვის, რომ ბავშვს, გარდა პატრიარქის უდიდესი კურთხევისა, ჰყავდეს კიდევ ერთი ან ორი ნათლია, რომელიც ყოველდღიურად მიხედავს მის სულიერ აღზრდას, დაშვებულია, რომ პატრიარქის გარდა კიდევ ორი პირი დადგეს ნათლიად.
- თუ ოჯახს მაინც სურს, რომ ორზე მეტი ახლობელი იყოს ამ საიდუმლოს მონაწილე, რაიმე გამოსავალი არსებობს კანონის დარღვევის გარეშე?
- ვცდილობთ, ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ასეთ დროს შეიძლება დავუშვათ ნათლობის მოწმის ინსტიტუტი: მათ შეუძლიათ, იყვნენ ნათლობის მოწმეები. მოწმე დაესწრება საიდუმლოს, იქნება ოჯახთან ახლოს, მაგრამ მას კანონიკური ნათლიის მოვალეობა არ დაეკისრება. ამით ჩვენ არც განჩინებას ვარღვევთ და არც ადამიანებს უგულებელვყოფთ.
- რატომ გახდა საჭირო ნათლიების რაოდენობის შეზღუდვა?
- ბოლო პერიოდში დამკვიდრდა არასწორი, შეიძლება ითქვას, "მოდური ტენდენცია" -ნათლიების სიმრავლე. ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა შემთხვევა, თხუთმეტზე მეტი ნათლიაც დამითვლია. ამის გამო, ნათლობას სულიერი შინაარსი დაკარგული ჰქონდა და უფრო მიწიერი ზეიმის სახე მიიღო, რიტუალი ძალიან გამიწიერდა. სინოდის გადაწყვეტილება არის პასუხი ამ არასწორ პრაქტიკაზე, რათა დაცულ იქნეს საიდუმლოს სიწმინდე.
- კონკრეტულად რა არასწორ პრაქტიკას გულისხმობდა სინოდი?
-არასწორი პრაქტიკა იყო ის, რომ ნათლიის როლი კარგავდა თავის მთავარ სულიერ შინაარსს. როდესაც გვყავს ათი და მეტი ნათლია, მათი ფუნქცია იკარგება. ნათლია ხდებოდა არა სულიერი აღმზრდელი და პასუხისმგებელი პირი, არამედ იქცეოდა მხოლოდ სოციალური კავშირების გაფართოების ან ნათესაური წრის გამდიდრების საშუალებად. ნათლობა კი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი რიტუალია.
ხორციელ მშობელთან ერთად, უფალმა ადამიანს დაუდგინა ნათლია – სულიერი მშობელი და აღმზრდელი – რათა სულიერად აღზარდოს ღვთისთვის. ეს ნათლიის, მიმრქმელის უდიდეს პასუხისმგებლობაზე და მისიაზე მიუთითებს. ნათლიების სიმრავლე არღვევს ამ საიდუმლოს არსს, რადგან ნათლიის როლი სულიერი პასუხისმგებლობაა. ეს შეზღუდვა მიზნად ისახავს ნათლობის სულიერი მნიშვნელობის აღდგენას.
გარდა ამისა, ნათლიების სიმრავლე, ნათლობის გზით ოჯახთან სულიერი ნათესაობის გამო, შემდგომში ზღუდავს ნათლიებს შორის ქორწინების უფლებას. სწორედ ამ "გადაკვეთის" თავიდან ასაცილებლად და დაბრკოლებების თავიდან არიდების მიზნითაც შემცირდა მათი რაოდენობა.
- იყო თუ არა ეს წესი ადრეც ასეთი მკაცრი?
- მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესია აბრუნებს ძველ წესს. ეს არ არის ახალი გამოგონება. "კანონიკური წესი" ნიშნავს მართლმადიდებლობის უძველეს კანონებს. ამ კანონებით, ნორმა ყოველთვის იყო ერთი ნათლია (მიმრქმელი). ათობით ნათლიის აყვანა არასდროს ყოფილა ეკლესიის მიერ დაშვებული წესი. ეს უბრალოდ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ჩვეულება იყო, რომელიც ახლა ეკლესიამ შეაჩერა.
- რთული იყო ამ ცვლილებასთან შეგუება?
- პირველ ეტაპზე ძალიან გაუჭირდათ გაცნობიერება. ზოგიერთს უხერხულობა შეექმნა, რადგან ტრადიციად ჰქონდათ ბევრი ნათლიის აყვანა. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც კითხულობენ: "მამაო, ოთხი ნათლია თუ შეიძლება?" წელიწადზე მეტი გავიდა განჩინების მერე და საზოგადოება ამ ყველაფერს უკვე შეეგუა, თუმცა ახსნა მაინც საჭიროა.
- თუ სასურველი ნათლია ვერ ახერხებს ნათლობაზე დასწრებას (მაგალითად, უცხოეთში ყოფნის გამო), შესაძლებელია თუ არა მისი დაუსწრებლად ნათლიად მოხსენიება?
- ნათლია მიმრქმელია, რაც ნიშნავს, რომ მას ევალება ბავშვის სულიერ ცხოვრებაში მიყვანება. სწორედ ამ ფუნქციიდან გამომდინარე, ნათლია ტრადიციულად აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ნათლობის საიდუმლოს. თუმცა, ჩემს პრაქტიკაში (როგორც მოძღვარს), ნათლობის აღსრულებისას ნათლია მომიხსენიებია მისი არყოფნის შემთხვევაშიც და ამაზე ეპარქიული შეზღუდვა არ ყოფილა. ე.ი., დაშვებებიც ყოფილა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე გვაქვს სერიოზულ და საპატიო მიზეზთან.
ამიტომ, მსგავს სიტუაციაში, უმჯობესია, ყველა კონკრეტული საკითხი უშუალოდ იმ მოძღვართან გაირკვეს, ვინც ნათლობის საიდუმლოს აღასრულებს.
- მოქმედებს თუ არა ეს ახალი განჩინება ძველ ნათლიებზე? რა ევალებათ მათ, ვისაც ამ განჩინებამდე ჰყავდა მრავალი ნათლია?
- ის ვრცელდება მხოლოდ ახლა ნათლობებზე, რომლებიც 2023 წლის 2 ნოემბრის შემდეგ აღესრულება. თუ თქვენ ან თქვენს შვილს ამ თარიღამდე გყავდათ მრავალი ნათლია, მათი სტატუსი ძალაში რჩება. არავის არაფრის შეცვლა არ ევალება. სინოდი უბრალოდ მოუწოდებს ყველას, გაიაზრონ ნათლიის როლის მნიშვნელობა.
- რა კრიტერიუმებია უმთავრესი ნათლიის შერჩევისას?
- ნათლია უნდა იყოს მართლმადიდებელი, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს (აღსარება, ზიარება). უნდა შეეძლოს ბავშვისთვის სარწმუნოებრივი მაგალითის მიცემა.
ნათლიის მისია არის – იყოს სულიერი მშობელი: ასწავლოს ნათლულს ლოცვა, წაიკითხოს მასთან ერთად საეკლესიო წიგნები, მოკლედ უხელმძღვანელოს მის სულიერ აღზრდას და მიიყვანოს ის ქრისტესთან.
- რა არის სინოდის ამ განჩინების ყველაზე დიდი სულიერი სარგებელი?
- ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ეკლესიური ცხოვრების გაღრმავებას. ის უბიძგებს მორწმუნეებს, რომ ნათლიების შერჩევისას ფული ან სტატუსი კი არ იყოს მთავარი, არამედ რწმენა და სულიერი სიახლოვე. ეს არის ეკლესიის დაცვა გაფორმალებისგან და მისი სულიერი სიძლიერის გამყარება.
შორენა მერკვილაძე