2026 წელი გვიახლოვდება. ყოველი ახალი წლისთვის მსოფლიოში ბევრი ადამიანი ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას, და ფრანგი ალქიმიკოსის - ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას ელოდება. მათი სიტყვების თანამედროვე ენით ინტერპრეტაციაზე სპეციალურად მუშაობენ და გამოყოფენ იმ ძირითად საკითხებს, რაც წინასწარმეტყველებაში, კონკრეტული წლის მიხედვითაა:

ცნობილმა ბულგარელმა ნათელმხილველმა, ვანგამ, 2026 წელს მსოფლიოსთვის სერიოზული განსაცდელების სერია იწინასწარმეტყველა. მათ შორის გარემოსდაცვითი კატასტროფები, სამხედრო კონფლიქტების გამწვავება და განსაკუთრებით სახიფათოდ განვითარებული ტექნოლოგიური მიღწევებია.
ვანგას პროგნოზების თანახმად, პლანეტა გაზრდილი სტიქიური უბედურებების წინაშე აღმოჩნდება. მაგალითად, მის წინასწარმეტყველებაში დიდი აქცენტი მიწისძვრებზეა. ასევე, ბულგარელი წინასწარმეტყველი ისეთ გლობალურ გამოწვევებზე აკეთებდა აქცენტს, რომლებზეც მეცნიერები და პოლიტიკოსები უკვე აქტიურად საუბრობენ. ესენია: კლიმატის ცვლილება, გარკვეული ტერიტორიების დატბორვა და საკვებისა და წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებიდან გაზრდილი მიგრაცია.
ინტერპრეტატორების თანახმად, ვანგას წინასწარმეტყველებები ასევე მაღალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და გენური ინჟინერიის განვითარებასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ბულგარელი წინასწარმეტყველის სიტყვები კონფლიქტების გამწვავებასთან, გლობალურ გამოწვევებთან და ადამიანებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაკავშირებით გამართლდა და ამიტომაც, მსოფლიოში ყოველი ახალი წლისთვის მის სიტყვებს ბევრი ადამიანი ელოდება.

მე-16 საუკუნის ფრანგი ასტროლოგის, ექიმის, ფარმაცევტისა და ალქიმიკოსის წინასწარმეტყველებასაც ბევრი ადამიანი ენდობა. მისი, ეგრეთ წოდებული, ოთხსტრიქონიანი ლექსები, რომლებიც რაღაც იდუმალი პრინციპის მიხედვით საუკუნეებად არის დაჯგუფებული, დღემდე შემორჩენილია და როგორც ამბობენ, ფარულ მინიშნებებს ატარებს. რა თქმა უნდა, მის წინასწარმეტყველებას "თანამედროვე ენით" თარგმნიან და დაფარული მინიშნებებით ამბის ზუსტად ამოკითხვას ცდილობენ.
ქვემოთ გაგიზიარებთ 2026 წლისთვის ნოსტრადამუსის რამდენიმე სტრიქონს, რომლებსაც Daily Mail ციტირებს:
"როდესაც მარსი ვარსკვლავებს შორის იმეფებს (გაივლის),
ადამიანის სისხლი საკურთხევლებს შეღებავს.
აღმოსავლეთის მხრიდან სამი ცეცხლი აინთება,
დასავლეთი სიბნელეში იქნება ჩაფლული (დასავლეთი დაკარგავს თავის სინათლეს)."
როგორც ინტერპრეტატორები ამბობენ, ნოსტრადამუსი "მარსში" ომს გულისხმობს. მარსს სწორედ ომის ღმერთად მოიხსენიებენ. ასევე, ინტერპრეტაციის თანახმად, ომი ისეთი სასტიკი და დამანგრეველი იქნება, რომ სისხლი საკურთხევლებსაც კი შეღებავს.
მეორე ნაწილს რაც შეეხება, აქ ინტერპრეტატორების აზრები იყოფა. ზოგი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნები ელექტროენერგიის გათიშვითა და პირდაპირი სიბნელით ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან. მეორე მხარე თვლის, რომ დასავლეთი გლობალურ გავლენას დაკარგავს და ამ სიტყვებში სწორედ ეს იგულისხმება.
"დიდი ომის შვიდი თვე. ხალხი სისასტიკისგან დაიღუპება..." - დიდი ხანია, ინტერპრეტატორები ამ სიტყვებზე მსჯელობენ და ევროპაში ომის გააქტიურებაზე მიანიშნებენ.
"შვიდჯერ ნახავთ, როგორ შეიცვლებიან ბრიტანელები. ტემზა სისხლითაა დაფარული. საფრანგეთი ამას გერმანიის მხარდაჭერით გადარჩება." - აქ კი ევროპის ქვეყნებში კრიზისი და დაძაბულობა იგულისხმება.
წინასწარმეტყველების თანახმად, ხანგრძლივი ომი არმიას დაასუსტებს და ფინანსურ კრიზისსაც გამოიწვევს. ინტერპრეტატორები ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისი ამერიკასა და დოლარზე დაფუძნებულ დასავლურ სისტემებსაც შეეხება.
"კოსმოსიდან ცეცხლოვანი ბურთი ამოვა, ბედისწერის მაცნე. დედამიწის ბედი, მეორე შანსი".
ბევრი ამ სტრიქონებს კომეტის ან ასტეროიდის მოახლოებასა და ეკოლოგიურ საფრთხეებს უკავშირებს. ზოგიერთი კი თვლის, რომ ნოსტრადამუსი ბირთვულ აფეთქებებს და ზოგადად, ბირთვულ ომს გულისხმობს, რაც დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს.