კემერონ ჰერინი ქუჩის მრბოლელი იყო და გიჟდებოდა სისწრაფეზე. გარეგნული მონაცემების გამო, ბევრი ურჩევდა, მოდელობა ან მსახიობობა ეცადა, თუმცა სისწრაფეზე მეტად არაფერი უყვარდა...
კემერონი 1999 წლის 9 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში, შერილ და კრის ჰერინების ოჯახში დაიბადა. მისი მამა რედაქტორი და კინორეჟისორია, ხოლო დედა სადაზღვევო კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა. კემერონი უფროს ძმასთან, ტრისტანთან ერთად გაიზარდა. 2005 წელს ჰერინების ოჯახი ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში გადავიდა საცხოვრებლად. ბიჭი ტამპას კათოლიკურ საშუალო სკოლაში სწავლობდა, ხოლო დამთავრების შემდეგ, ტეხასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
თუმცა სწავლაზე მეტად კემერონს მანქანებით რბოლა უყვარდა, თანაც, ქალაქში, დასახლებულ ადგილებში. ის და მისი მეგობრები ხშირად აწყობდნენ უკანონო რბოლებს.
2018 წლის 23 მაისს, ჰერინმა, Ford Mustang-ით მორიგ უკანონო ქუჩის რბოლაში მიიღო მონაწილეობა. რბოლის დროს საკუთარ მეგობარს, ჯონს ეჯიბრებოდა. სწორედ ამ დროს 24 წლის ჯესიკა პატარა შვილთან ერთად გზას კვეთდა. დიდი სიჩქარით მოძრავი კემერონი მათ შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი პატარა გოგონა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მეორე დღეს ისიც გარდაიცვალა. ბავშვი 1 წლის და 9 თვის იყო.
ინფორმაცია მალევე გავრცელდა. პოლიციამ 18 წლის კემერონი დააკავა. მოგვიანებით, მისი ძმა, 20 წლის ტრისტანიც დაიჭირეს, რომელიც ავარიის დროს კემერონის გვერდით იჯდა.
ძმებს ბრალი ქუჩის რბოლაში მონაწილეობასა და ორი ადამიანის სიკვდილში წაუყენეს. სასამართლოში პირველივე გამოცხადებისას კემერონი 50 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ GPS-სამაჯურს გამოიყენებდა და გამოძიებასთან ითანამშრომლებდა.
სასამართლო დიდხანს გაგრძელდა. 2021 წლის აპრილში სასამართლომ მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისმა ადვოკატებმა გადაწყვეტილება რამდენჯერმე გაასაჩივრეს, თუმცა საჩივარი არც ერთხელ არ დაკმაყოფილდა. კემერონი ახლა სასჯელს გრეისვილის სასჯელაღსრულებისა და რეაბილიტაციის დაწესებულებაში იხდის. ბიჭი საპატიმროს 2045 წელს დატოვებს. ტრისტანი გაათავისუფლეს, კემერონის მეგობარს, ჯონს, კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 15 წელი პირობითი ვადა მისცეს.
თუმცა ამბავი აქ არ სრულდება... კემერონ ჰერინის საქმე უცნაური სოციალური ფენომენია. ბიჭს, რომლის გაუფრთხილებელ ქმედებასაც დედა-შვილის გარდაცვალება მოჰყვა, ფან-კლუბები შეუქმნეს...
TikTok-ის მომხმარებლებმა ჰერინის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყეს. ათობით ფანკლუბი შეიქმნა, სადაც #cameronherrin ჰეშთეგის ქვეშ კონტენტს, ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებდნენ. სოციალური ქსელის მომხმარებლები სასამართლოს მოუწოდებდნენ, გადაწყვეტილება შეეცვალათ და ჰერინისთვის "ნორმალური ცხოვრების შანსი მიეცათ."
განაჩენის გამოტანისთანავე, Change.org-ზე აშშ-ის მთავრობისადმი პეტიცია გაიხსნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჰერინს "ადამიანების მოკვლა არ ჰქონდა განზრახული" და რომ ის "თავის ქმედებებს ნანობდა". 2023 წლის მონაცემებით, პეტიციამ 180 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.
კემერონის განაჩენის მოსმენის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. თინეიჯერი გოგონები მისი გარეგნობითა და ხმით აღფრთოვანებულები იყვნენ და ბიჭის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
"ის ზედმეტად ლამაზია იმისთვის, რომ ციხეში იჯდეს", - ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მთელ მსოფლიოში კემერონს მილიონობით თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ადამიანები ეკრანზე გამორჩეული გარეგნობის მქონე ბიჭს ხედავდნენ, მის მიმართ თანაგრძნობა უჩნდებოდათ, თუმცა ივიწყებდნენ, რომ დედა-შვილი გარდაიცვალა. კემერონის ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბიჭი ციხიდან დაეხსნათ, თუმცა უშედეგოდ. როგორც აღვნიშნეთ, კემერონს 24 წლის ციხეში გატარება მოუწევს.