"აღარ ვიცი, რა ვთქვა... აბსურდი, გროტესკი, დაუნდობლობა! ღირსებისა და შინაგანი თავისუფლების წინააღმდეგ!" - ლანა ღოღობერიძე - მშობლები

"აღარ ვიცი, რა ვთქვა... აბსურდი, გროტესკი, დაუნდობლობა! ღირსებისა და შინაგანი თავისუფლების წინააღმდეგ!" - ლანა ღოღობერიძე

2025-10-24 20:53:55+04:00

რეჟისორი ლანაა ღოღობერიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"დღეს რუსთაველზე ქართველი ხალხი წერს თავისი მრავალტანჯული ისტორიის დიდ წიგნს. წიგნს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის უსასრულო გზას ასახავს.
2025 წლის ოქტომბრის თითო დღე ამ წმინდა წიგნის თითო ფურცელია...
რეჟიმის რეპრესიული მანქანა სულ უფრო და უფრო დაუნდობელი და აბსურდული ხდება. განსაკუთრებული სამიზნე - რუსთაველის უწყვეტი პროტესტია.
და ამ დროს...
გუშინ ვუყურებდი, როგორ გამოეყო ხალხს და გადმოვიდა რუსთაველის სავალ გზაზე ადამიანი - გამომცემელი, მწიგნობარი, მაგარი პროფესიონალი, რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს, გადმოვიდა ამაყად, საქართველოს დროშის ფრიალით და ამით დასაბამი მიისცა ქუჩის გადაკეტვას... მე ვუყურებდი და ცრემლებს ვყლაპავდი...
წინა დღეს, ხელჯოხით და გასაშლელი სკამით, მწერალიგამოვიდა სავალ გზაზე, გამოვიდა ბორძიკით, გაშალა სკამი კიდევ ერთი ადამიანის გვერდით, რომელიც თავქვე იწვა ფილაქანზე, დაჯდა და ამგვარად ჩაკეტა რუსთაველი.
კიდევ ერთი დღით ადრე, ერთმა რეჟისორმა დემონსტრატიულად, მარტომ, გადაკეტა ქუჩა, მერე წავიდა პოლიციაში - გზა გადავკეტე და სხვების მხგავსად დამიჭირეთო...
ყველა ეს აქტი ჩვენი ტრაგიკული და მაინც იმედიანი ისტორიის თითო მნიშვნელოვანი ფურცელია.
და ამ შეურიგებლობის გვირგვინი და სიმბოლო - მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯილდო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში:
მზია ამაღლობლისთვის მინიჭებული სახაროვის პრიზი!
ეს პრიზი, მზიასთან ერთად, ეკუთვნის ყველა იმ პიროვნებას, მოქალაქეს, ვინც იბრძვის მძლავრი რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ! ვინც თითქმის ერთი წლის მანძილზე მედგრად და შეუპოვრად დგას რუსთაველზე.
და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტ თუ სინდისის პატიმარს!
დღეს არ მინდა ვილაპარაკო იმ განსაცდელებზე, რომლებიც კიდევ გველოდება წინ, არც აბსურდულ და გროტესკულ კანონებზე, არც იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც მთლიანად წინააღმდეგობის მოძრაობას ახასიათებს, არც სასოწარკვეთილებაზე, რომელიც მიპყრობს დროდადრო.
დღეს ყურში ჩამესმის ის „მრავალჟამიერი“, რომელსაც პროტესტის 328-ე დღეს მღეროდნენ რუსთაველზე შეკრებილი პროტესტანტები ! მრავალჟამიერი - ქართველთა გულებში დაგუბებული ეროვნული ენერგიის და უსამართლობასთან შეურიგებლობის მძლავრი გამოვლინება!
დღეს მესმის ეს - ადამიანური ღირსების დასაცავად, ძალმომრეობის წინააღმდეგ თქმული საოცარი სიმღერა, ვივსები იმედით...
და ვიცი:
საბოლოოდ ამ - მრავალსაუკუნოვანი ბრძოლით გამობრძმედილ ეროვნულ სულისკვეთებას ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩაახშობს!
P.S. ეს პოსტი დავამთავრე და ახლა წავიკითხე, რომ ზვიადი, რომლის გმირულ აქტზე ვწერდი, დააკავეს! აღარ ვიცი, რა ვთქვა...
აბსურდი, გროტესკი, დაუნდობლობა!
ღირსებისა და შინაგანი თავისუფლების წინააღმდეგ!
და სწორედ ამიტომ გავიმარჯვებთ!"
სამართალდამცავებმა დააკავეს რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, მწერალი და პუბლიცისტი ზვიად კვარაცხელია...