"ერთადერთი, რაც ამ დღეს მინდა, მის გვერდით საფლავში წოლაა... მაგრამ ცოცხალი ვარ, ფეხზე ვდგავარ და ვმუშაობ" - მაია ასათიანი - მშობლები

"ერთადერთი, რაც ამ დღეს მინდა, მის გვერდით საფლავში წოლაა... მაგრამ ცოცხალი ვარ, ფეხზე ვდგავარ და ვმუშაობ" - მაია ასათიანი

2025-10-24 21:46:52+04:00

რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვან მაია ასათიანის ტრაგედიამ, მისი შვილის - ნუცას გარდაცვალებამ, მთელი საქართველო შეძრა. მას შემდეგ წლები გავიდა, მაია ტელევიზიაში აღარაა, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებს საქმიანობას და თან გამუდმებით ეჯახება განკითხვას და კრიტიკას.

მაია ნუცაზე ბევრს არ საუბრობს, არ მინდა ჩემი პრობლემით ვინემს თავი მოვაბეზროო, ერთხელ თქვა, თუმცა არსებობს ისეთი თარიღები და დღეები, როცა დუმილს არღვევს.

ასეთია ხვალინდელი დღე, როცა ნუცა 27 წლის უნდა გამხდარიყო... სწორედ ამ თარიღს ეხმაურება მაია:

"დედას ნუცა ხვალ 27 წლის ხდება, ერთადერთი, რაც ამ დღეს მინდა, მის გვერდით საფლავში წოლაა... მაგრამ ცოცხალი ვარ, ფეხზე ვდგავარ და ვმუშაობ. რახან ეს გადავიტანე, აწი ყველაფერს შევძლებ! რამხელა გაზრდილხარ, დუ..."

ცოტა ხნის წინ დავით ქაშიაშვილთან იყო გადაცემაში სტუმრად, სადაც აღნიშნა, რომ ის მაია ასათიანი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, მოკვდა...

მანამდე კი თავის ინსტაგრამგვერდზე მიმართა იმ ქალბატონებს, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ და აღნიშნავენ ყოველი ძველი ფოტოს დადებისას, როგორ შეიცვალა:

"რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია 10-15 წლის წინანდელი ფოტო დავდო, სულ სხვა მზერა რომ მაქვს და სხვანაირად გამოვიყურები, აუცილებლად უნდა შემოვარდეს რომელიმე ქალბატონი ან ქალბატონების გუნდი, კედელზე ქმარ-შვილთან ჩახუტებული ფოტოებით, და აუცილებლად უნდა დამიწერონ, "რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა..." ქალბატონო, დედამიწაზე არ მოუგონიათ ჯერ წამალი, რომ 10 წლის შუალედით ადამიანს ასაკი არ დაეტყოს. მეორე - ამ ათი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა, და თქვენ რომ თქვენი შვილების ფოტოებს დებთ სოციალურ ქსელში, მე ვდებ ძაღლების ფოტოებს. უფრო უკეთესად და უფრო სასტიკად როგორ აგიხსნათ? ზუსტად თქვენნაირი ქალები იმ ათი წლის წინანდელ ფოტოებზეც მიწერდნენ, რას გავხარო. ამიტომ, თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა თქვენშია. მიდით ფსიქოლოგთან და კარგად ჩაიხედეთ სარკეში, დაჯექით დიეტაზე, იმუშავეთ საკუთარ თავზე..."

თეკლა ჟვანია